Menu
RSS

ვინ არის ლერი, რა საიდუმლო დავალებებს ასრულებდა და რატომ მოიცილეს თავიდან

რამდენიმე დღის წინ, გლდანის ციხიდან სკანდალური სატელეფონო ზარი განხორციელდა: სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი, ალეკო სამუშია ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს ბოლომდე ემსახურებოდა, ახლა კი უსამართლოდ ისჯება. სამუშიამ პირდაპირ ეთერში აღიარა ორი ადამიანის მკვლელობა, ორივე ეროვნებით აფხაზი იყო და ქართველების ხოცვასა და გაუპატიურებაში მონაწილეობდა. როგორ გაგრძელდება ეს ისტორია, ვერ გეტყვით, თუმცა...

ზოგადად, სპეცსამსახურების აგენტს, თუ ის პროფესიონალია, სიცოცხლის ბოლომდე ვერ შიფრავენ. აგენტი შეიძლება იყოს ყველგან, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი და ასე განსაჯეთ, აგენტი შესაძლოა, ციხეშიც იჯდეს, ოღონდ არა _ ძალოვნებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში ანუ ე.წ. მატროსოვზე, არამედ საერთო ზონაში, ისეთში, სადაც ნებისმიერი დანაშაულისთვის მოხვედრილი პატიმრები იხდიან სასჯელს...
პატიმარი #0578 ძალიან, ძალიან გაოცდა, როცა ლერი კ. რუსთავის #17 ზონაზე დაინახა. მან ზუსტად იცოდა, რომ ბავშვობის მეგობარი წლების განმავლობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ანუ კუდ-ში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და განსაკუთრებით ახლოს ძმებ ახალიებთან იყო. რაღა თქმა უნდა, ლერიმაც იცნო #0578, ჯერ გაფითრდა, მერე ირგვლივ მიმოიხედა, მერე კი მეგობრისკენ წავიდა, გადაეხვია და ყურში ჩასჩურჩულა:
_ თუ ჩემი სიკვდილი არ გინდა, არ გამთქვა...
პატიმარმა აწუკვე კოლეგას მშვიდად გაუღიმა და ასევე, მშვიდად უთხრა:
_ წამოდი, ჩაის დაგალევინებ...
როცა საკანში ავიდნენ და განმარტოვდნენ, #0578-მა პირდაპირ ჰკითხა:
_ აქაც რაიმე დავალებით ხარ?
_ არა, რა დავალებით, რვა წელი მაქვს გათხრილი, ოფიციალური ,,სროკია'' და ისე გამიმეტეს, აქ გამომიშვეს. ყვირილს ხომ ვერ დავიწყებ, ყელს გამომჭრიან პატიმრები და ვარ ასე ჩუმად. იმის იმედად, რომ არავინ მიცნობს და აგერ, ორი წელი ისე გავიდა, ნაცნობი სახე არ შეხვედრია, _ ჩურჩულით თქვა ლერიმ.
_ ვინმე ისეთი რომ შეგხვდეს, ვინც დაგიჭერია, არ გეშინია? _ საკმარისზე მეტად დაუწია ხმას #0578-მა.
_ რა მინდოდა პატიმრებთან? მე სახელმწიფო დავალებებს ვასრულებდი, დასაჭერებს არ დავდევდი, ვხოცავდი ხალხს და მკვდრები კიდევ არ ლაპარაკობენ, _ თქვა ლერიმ და ჩაი მოწრუპა.
_ მოდი, მომიყევი, რა გადაგხდა და თუ შევძლებ, ჩემი კავშირებით ეგებ, დაგეხმარო კიდეც, _ თვალი ჩაუკრა #0578-მა.
_ დახმარება დაივიწყე. სანამ ,,ვლასტი'' არ შეიცვლება, აქედან არავინ გამიშვებს, მანამდე გამორიცხულია ყველაფერი და არც შეეცადო, ნაგავს რაც მეტად გაქექავ, მით მეტი სუნი დგება. ხომ იცი, სერიოზულ თანამდებობებზე ვმუშაობდი, არც ფული მიჭირდა, არც გავლენა. იყო პერიოდები, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს მხოლოდ მე მანდობდნენ. გადავსულვარ აფხაზეთში, ოსეთში, ჯგუფთან ერთად, რაიმე დოკუმენტაციის წამოსაღებად ან ვინმეს ლიკვიდაციისთვის და დამიჯერე, იმ ადამიანებიდან, ვინც გადავდიოდით, რეალური მიზანი მარტო მე ვიცოდი. ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც საიდუმლოს არანაირი წამების ფასად არ გასცემდა, _ ჩურჩულით საუბრობდა ლერი.
_ მერე ასეთი კაცი თუ იყავი, რა დააშავე? და ვიღაცის ,,დასაბრედად'' მივდიოდიო, რაღაც არ გამიგია, აფხაზეთსა და ოსეთში ქართულ სპეცსამსახურებს ვიღაცები დაეხოცათ... _ ჰკითხა #0578-მა.
_ თუ ტელევიზიებმა ატეხეს ხმაური, სპეცსამსახურებმა ხალხი დახოცესო, რაღა სპეცსამსახურია მაშინ?! ისე ვკლავდით, ან კრიმინალურ გარჩევას ბრალდებოდა, ან ყაჩაღობას, ან თვითმკვლელობას, ან ავარიას... იყო შემთხვევა, აფხაზეთში იმათ სპეცსამსახურს გადავაწყდით, რვა კაცი იყო, ჩვენ ექვსნი ვიყავით, ორმხრივი სროლის შედეგად, ორი მოგვიკლეს, ოთხი იმათ დავუხოცეთ, მაგრამ ორივე მხარემ დუმილი არჩია, იმას ხომ არ ვიტყოდით, სპეცსამსახურებმა შამგონას სიახლოვეს ერთმანეთი ჩახოცესო?!
რაც შეეხება დანაშაულს... არც იყო დანაშაული. ძალიან, ძალიან ავითქვიფე ხელმძღვანელობაში. ერთი საქმე გავაკეთეთ, ერთ-ერთი სომეხი ბიზნესმენი გავაგორეთ, იმის სახლიდან დიდი მაყუთი წამოვიღეთ. პრემიები არ გვაკლდა და ამიტომ ფული ჯგუფმა ხელმძღვანელობას სრულად ჩააბარა. დაგვიძახეს და ის ფული იქვე, ყველას თანაბრად გაგვინაწილეს. საკმარისზე მეტი შემხვდა, ცოლი მე არ მყავს და შვილი, ერთკვირიანი შვებულება მინდა-მეთქი და ორკვირიანი მომცეს, დასვენება დაიმსახურეო. თავზე დავიმხე ზღვისპირეთი, ოღონდ ჩვენი კი არა, უკრაინის, იქეთ წავედი, მოვიარე უკრაინა, გონება გავანიავე და ორი კვირის შემდეგ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი გამოვცხადდი სამსახურში.
ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ ერთი თვე ისე გავიდა, არაფერი დაუვალებიათ. არადა, ჯგუფები გადავიდნენ, ოპერაციები ჩაატარეს. ჩუმად ვიყავი, მაგრამ კიდევ ერთი თვე რომ გავიდა, დათა ვნახე, რა ხდება-მეთქი და არაფერი, მოვა შენი დროო, ისე მითხრა, მივხვდი, სხვა რამისთვის მამზადებდნენ და დავმშვიდდი. არანაირი დავალების არ მეშინოდა და დამიჯერე, სხვა ,,მუღამი'' აქვს, სამშობლოსთვის რომ რისკავ სიცოცხლეს. რაღაცნაირად ამაყი ხარ, შინაგანად გისწორდება, რა.
გავიდა ერთი თვე კიდევ და დამიძახეს. დიდ ეკრანზე ასაკოვანი ქალის სურათი დამანახეს. ასე, 65 წლის იქნებოდა, გული დამწყდა, ქალი თუ არის მოსაკლავი, ეგებ სხვაზე გადავაბარებინო ჩემი საქმე-თქო და... დამიწყეს ახსნა, თბილისში ცხოვრობს ეს ქალი, აქა და აქ დადის, აქ ყავას სვამს, იქ ჩაის... როგორც ხდება რა. მერე ასდოლარიანების შეკვრა დააგდეს მაგიდაზე, ეს ფული უნდა იკმარო ამ ქალის შესაბმელადო. შემდეგ გასაღები დააგდეს და მითხრეს, ეს იმ ბინის გასაღებია, სადაც ამ ქალს გაჟიმავ და გადაღებას ჩვენ უზრუნველვყოფთო. ამისთვის ჰყავდათ ბიჭები და ამიტომ კითხვები გამიჩნდა, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდათ. უარი ვთქვი, პლეიბოი არ ვარ-მეთქი. იფიქრე სამი დღეო. ვიფიქრე და სამი დღის შემდეგ ისევ უარი ვუთხარი. მშვიდად გამომიშვეს სამსახურიდან და მამაჩემის ბიზნესში ჩავები. ორ კვირაში მამაჩემი დაიჭირეს, მე გაქცევა მოვასწარი, მაგრამ მერე შევთანხმდით და მე ჩავჯექი, მამაჩემი გაუშვეს, თუმცა გასაქცევი გაუხდა მაინც.
ახლა ვარ აქ, სასჯელს ვიხდი და ისიც არ ვიცი, ცოცხალი გავალ თუ არა, _ დაასრულა ლერიმ.
_ შენი აზრით, რატომ გაგწირეს?
_ ბოლომდე მათი უნდა ვყოფილიყავი, ასე გადაწყვიტეს, ალბათ. იმ ქალთან სექსი ჩემი კომპრომატიც იქნებოდა. ეს იყო, სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ...
***
დღეს ლერი თავისუფალია, სოფელში, მშობლებთან ერთად ცხოვრობს და თხილის პლანტაციებს უვლის.

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში