Menu
RSS

დამოუკიდებელი ექსპერტიზისა და პროკურატურის ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები

აწამეს თუ არა მსჯავრდებული პოლიციელებმა და ვის აკისრებს პასუხისმგებლობას ადვოკატი
გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი დაჩი ფელდმანი უკვე 21-ე დღეა შიმშილობს. დაჩი ფელდმანის საქმესა და მისი შიმშილობის აქციაზე მონიტორინგს ახორციელებს სახალხო დამცველი. მსჯავრდებული დაწესებულების სამედიცინო ნაწილის კონტროლქვეშაა. დაკავების დროს დაჩი ფელდმანზე პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე უკვე მე-9 თვეა, გამოძიება ერთ ადგილს ტკეპნის.
2016 წლის 2 დეკემბერს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელთა მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დაკავებულ იქნა დაჩი ფელდმანი. მსჯავრდებულის განცხადებით, დაკავების შემდეგ, პოლიციელებისაგან მის მიმართ ადგილი ჰქონდა უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებას, კერძოდ – მას უმოწყალოდ სცემა რამდენიმე პოლიციელმა, ძალით აიყვანეს მისთვის უცნობ უკაცრიელ ადგილზე, სავარაუდოდ _ სასაფლაოზე, სადაც განაგრძეს ცემა და მუქარა. ამავე დროს ძალით მოაკიდებინეს ხელი მისთვის უცნობ იარაღზე, ასევე, აღნიშნული იარაღი მიადეს სხეულზეც და ტანსაცმელზეც.
დეტალების გასარკვევად, ,,ვერსია'' დაჩი ფელდმანის ადვოკატს, მარიამ შათირიშვილს დაუკავშირდა:
_ პატიმრის აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაცვის მხარის მიერ დაინიშნა დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის და დოკუმენტაციის საფუძველზე დაადასტურა პატიმრის სხეულზე არსებული არაერთი დაზიანება. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაზიანება, რაც აღენიშნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, გახლავთ ცხვირის ძვლის მრავალჯერადი მოტეხილობა სუნთქვის მოშლით, რაზედაც პენიტენციურ სისტემის #8 დაწესებულებაში შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ დანიშნულია ოპერაცია. დაჩი ფელდმანის ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #0100221216801 ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, რომელიც ამ დროისათვის მიმდინარეობს სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მიუხედავად ამისა, დაჩი ფელდმანი საქმეზე დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად, თუმცა მას დეტალურად აქვს მიცემული ჩვენება გამოძიებისათვის არა მხოლოდ მასზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ, არამედ მან სასამართლო პროცესზე ამოიცნო მოწმედ დაკითხულ პოლიციელთაგან 3 პიროვნება, რაზედაც დაცვის მხრიდან შესაბამისი შუამდგომლობით ეცნობა გამოძიებას.
_ პოლიციელები გამოძიებამ თუ დაკითხა?
_ ჩვენთვის ეს უცნობია, რადგან დაჩი ფელდმანი დღემდე არ არის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი. სხვათა შორის, დაზარალებულად ცნობაა მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. რადგან ჩვენ აღნიშნულ საქმეზე მხარის კი არა, დაზარალებულის სტატუსიც არ გვაქვს, მოკლებულნი ვართ ყოველგვარ ინფორმაციას. თუმცა რა გასაკვირია, როდესაც ინფორმაციას სახალხო დამცველსაც არ აწვდიან და მოკლედ ,,განუმარტავენ'', რომ ,,საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება''. 9 თვეში კი არა, 2 კვირაში ხსნიან უმძიმეს დანაშაულებს, როცა ამის ნება არსებობს, ჩვენს შემთხვევაში კი, როდესაც იციან მინიმუმ 3 პოლიციელის სახელი და გვარი, ვინც სადღაც სასაფლაოზე დაკავებულის ცემა-წამებაში მონაწილეობდა და ვინც ძალდატანებით მოაკიდებინა ხელი იარაღზე, რომელიც შემდგომ ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად აქციეს, გამოძიებას დასასრული არ უჩანს.
_ დაჩი ფელდმანი, როგორც ჩანს, სწორედ ამ ადამიანების დასჯასაც ითხოვს...
_ დიახ, ის მოითხოვს, უმკაცრესად დაისაჯონ პოლიციელები, რომლებიც მას არაადამიანური მეთოდებით გაუსწორდნენ ისე დაუნდობლად, რომ დღეს ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. მე მივმართე წერილობით შინაგან საქმეთა მინისტრს და მოვითხოვე, რომ აღნიშნულ პოლიციელებს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეთ უფლებამოსილება, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია. ასევე მივმართე წერილობით მთავარ პროკურორს და მოვითხოვე პირადი აუდიენცია, რაზედაც ჯერჯერობით ასევე დუმილია.
_ პირადი აუდიენცია რისთვის გჭირდებათ? გგონიათ, მას უმალავენ რეალობას?
_ იმისთვის მჭირდება, რომ მგონია, ის მაინც გაიგებს ჩემს ორ მოთხოვნას კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, რასაც ვერ მივაღწიე თბილისის პროკურატურაში. კერძოდ, მე მოვითხოვ უკვე 9 თვეა, ამოღებულ იქნას ვიდეოკამერები, რომელზეც ასახულია იმ ეკიპაჟის გადაადგილების მარშრუტი, რომელმაც 2016 წლის 2 დეკემბერს დაჩი ფელდმანი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში მიიყვანა და ასევე, ამოღებულ იქნას 2016 წლის 2 დეკემბერს იმ სამი პოლიციელის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონების ანძების მონაცემები, რათა დადგინდეს, სად იმყოფებოდნენ ისინი რეალურად იმ დროს, რომელსაც დაჩი ფელდმანი მიუთითებს. ამ ორი საკითხის გარკვევის გარეშე საკითხი დარჩება ჰაერში, რადგან დაკავებული იტყვის, რომ სცემეს და ეს დადასტურებულია ექსპერტიზით, პოლიციელები იტყვიან, რომ არ უცემიათ და ეს არაფრით არაა დადასტურებული, თუმცა მათ მხარესაა სახელმწიფო სტრუქტურა! ხომ უნდა დაიდოს ისეთი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც ან პოლიციელების ბრალეულობას დაადასტურებს, ან _ პატიმრის ტყუილს?!
როგორც ადვოკატი მარიამ შათირიშვილი ,,ვერსიასთან''
საუბარში აცხადებს, პატიმარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და მოსალოდნელი შედეგების გამო პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს მთავარ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს: ,,ეს საშინელი ფაქტი რომ დაუსჯელი დარჩეს, დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ კიდევ და არაერთგზის გამეორდება. ბოლოს და ბოლოს, უნდა მოისპოს ეს დაუსჯელობის სინდრომი და შეიქმნას პრეცედენტი. ამისთვის ყველა სამართლებრივი მეთოდით ვიბრძოლებ!''.
,,ვერსია'', პირველ რიგში, იმით დაინტერესდა, როგორია 21-დღიანი შიმშილობის შემდეგ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა პოზიცია აქვს ამ საკითხთან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს: ,,მოშიმშილე მსჯავრდებული ფ.დ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება ყველა ის სამედიცინო სერვისი, რაც მოშიმშილე მსჯავრდებულისთვის არის გათვალისწინებული. მსჯავრდებულს პრეტენზია არ აქვს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციასთან, ფ.დ. სადავოდ ხდის მის მიმართ გამოტანილი განაჩენის კანონიერებას და ითხოვს მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმის გადახედვას''.
,,ვერსია'' ასევე დაინტერესდა, თუ დაინტერესდა სახალხო დამცველი მოშიმშილე მსჯავრდებულის მდგომარეობით და თუ მოითხოვა მასთან შეხვედრა. სახალხო დამცველის აპარატში განგვიცხადეს, რომ ადვოკატის მოთხოვნის შემდეგ, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა მსჯავრდებული. რაც შეეხება მომდევნო რეაგირებას, ომბუდსმენის აპარატში განგვიმარტეს: ,,სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით ვაპირებთ პროკურატურისგან ინფორმაცია გამოვითხოვოთ. სექტემბერში შეგვატყობინეს, რომ ეს ადამიანი შიმშილობდა, მაშინვე მოვინახულეთ და დავიწყეთ მუშაობა ამ საკითხზე. როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ეს პიროვნება მოინახულა, თავად პატიმრის განმარტებით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია და დამატებით თუ საჭირო გახდება, ისევ მოინახულებენ ომბუდსმენის წარმომადგენლები''.
რადგან მსჯავრდებულის ადვოკატი, პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროსაც აკისრებს, კომენტარისთვის ამ უწყებაშიც დავრეკეთ, სადაც პროკურატურაში გადაგვიმასამართეს მარტივი მიზეზით _ ,,აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებული აქვს პროკურატურას''.
პროკურატურაში კი ,,ვერსიას'' განუცხადეს, რომ: ,,საქართველოს პროკურატურამ დ. ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაასრულა, სადაც შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. 2016 წლის 2 დეკემბერს, პოლიციელზე თავდასხმისთვის მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დაკავებულმა, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა დ.ფ.-მ გამოძიების ეტაპზე განმარტა, რომ მისი დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის გამოყენების ფაქტებს. რის საფუძველზეც თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება დ.ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სს კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები დაიკითხნენ მოწმეები, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ფ.-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა''.
გამოძიების დასრულების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდა ფელდმანის ადვოკატ მარი შათირიშვილს, რომელმაც ,,ვერსიასთან'' განაცხადა: „ჩვენთვის თქვენი გაზეთის მეშვეობით გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა, რადგან თითქოს საქმეზე არ დადასტურდა პოლიციელების ბრალეულობა. ჩვენთვის უცნობია, რაზე დაყრდნობით მიიღო პროკურატურამ ასეთი გადაწყვეტილება, რა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა... გეტყვით, რომ ეს არის დაცინვა! დაცინვა საკუთარი სისტემის და უსამართლობის დანერგვა. რასაც ეს ხელისუფლება ვითომ ებრძოდა! მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა სიმართლე დადგინდეს! დაჩი ფელდმანი შიმშილობას აგრძელებს და ვიმეორებ: მთელი პასუხისმგებლობა შედეგებზე დაეკისრება საქართველოს მთავარ პროკურორს!''
მაკა ცერაძე

დაბრუნება დასაწყისში