Menu
RSS

ვინ იყო ქილერი და რას წერს აზერბაიჯანული მედია

7 სექტემბერს, თბილისში, რესტორან ,,პურის სახლთან'' აზერბაიჯანის მოქალაქე მოკლეს _ ქილერმა ნაქირავებ ავტომობილში ჩაცხრილა, შემდეგ საფეთქელზე მიბჯენით, საკონტროლო გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გარდაცვლილი კრიმინალურ სამყაროში კარგად ცნობილი ელჩინ მამედოვი აღმოჩნდა.
სანამ იმას გიამბობთ, როგორ და რისთვის გაიმეტეს მამედოვი, კითხვა ქართველ სამართალდამცავებთან მაქვს _ უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოში ქილერები ჩამოდიან, ადამიანს კლავენ და შემდეგ ქვეყნიდან გასვლას ასწრებენ. პირველად ეს ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის დროს მოხდა, როცა სამართალდამცავებმა აღიარეს, რომ ეჭვმიტანილმა ქვეყანა დატოვა, მეორედ კი ახლა, როცა ეჭვმიტანილს საქართველოში აღარ ეძებენ. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ქილერი საზღვარზე იარაღს ვერ შემოიტანდა ანუ ორივე შემთხვევაში იარაღი აქ იქნა შეძენილი, რაც ცალკე თავსატეხია _ ვის აქვს იარაღის ისეთი მარაგი, რომ ქილერებზე თავისუფლად ასაღებს.
რაც შეეხება უშუალოდ მამედოვის მკვლელობას, შეიძლება ითქვას, აღნიშნული კონფლიქტი ზუსტად ათი წლის წინ დაიწყო და საქმე საქართველოში, კერძოდ კი დმანისში დაბადებულ და გაზრდილ ,,კანონიერ ქურდს'', ნადირ სალიფოვს, იგივე ,,გულის'' ეხება. ,,გულის'' სახელი საქართველოში მცხოვრებმა ყველა აზერბაიჯანელმა იცის _ მას განუსაზღვრელი ავტორიტეტი აქვს აზერბაიჯანელებში და ამას არავინ უარყოფს.
„გული“ ე.წ. კანონიერ ქურდად 2000 წელს, 27 წლის ასაკში მონათლეს, თუმცა სამი წლის შემდეგ, 2003 წლის დასაწყისში, აზერბაიჯანელმა ქურდებმა სტატუსი შეუჩერეს. როგორც ამბობენ, „გულის“ ავტორიტეტი ისე გაიზარდა, სხვა ქურდებთან ბიზნესმენებს საქმის დაჭერა არ სურდათ და ამიტომ, მისი ჩაჩოჩება გადაწყდა. შედეგად, 2003 წლის იანვარში აზერბაიჯანელმა ქურდებმა იკმეტ მუხტაროვმა, ჩინგიზ ახუნდოვმა, მამედ გუსეინოვმა, მირსეიმურ აბდულაევმა, ელდარ ალიევმა და როვშან ჯანიევმა ე.წ. სხადნიაკი მოაწყვეს და გული არაქურდად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიმუქრა აზერბაიჯანელი კრიმინალი, რომ ერთ მათგანსაც არ აცოცხლებდა და თუ თავად ვერ მოუღებდა ბოლოს, დაიბარებდა, ყველა დაეხოცათ. მოკლედ, 2003 წლის მაისში მირსეიმურ აბდულაევი ჩაცხრილეს, 2004 წელს _ ელდარ ალიევი, 2006 წელს იკმეტ მუხტაროვი, 2007 წელს ჩინგიზ ახუნდოვი, 2011 წელს მამედ გუსეინოვი, გასული წლის 18 აგვისტოს კი როვშან ჯანიევი თურქეთში გამოასალმეს სიცოცხლეს ანუ იმ ,,კანონიერი ქურდებიდან'', ვინც ,,გულის'' სტატუსი შეუჩერა, ცოცხალი არც ერთი აღარაა. რაც მთავარია, 2005 წელს ,,გული'' ბაქოში დააკავეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავისუფლებაზე 2020 წელს გამოვა. სხვათა შორის, ის სასჯელს აზერბაიჯანის ზონაზე იხდის, როგორც ,,კანონიერი ქურდი'' და ამას ყველა პატიმარი აღიარებს.
ამასთან, კრიმინალურ სამყაროში ყველა აღიარებდა, რომ მოულოდნელად დაჭერილი შაქრო კალაშოვის ადგილს სწორედ ჯანიევი დაიკავებდა. როვშან ,,ლენქორანსკი'' ძალიან გავლენიანი ქურდი იყო და კრიმინალური სამყაროს მეფედ გამოცხადებას დღე-დღეზე ელოდა. იმასაც ამბობენ, რომ ამის წინააღმდეგი არც თავად კალაშოვი გახლდათ, მაგრამ რად გინდა _ დაახლოებით ერთი წლის წინ, ,,ლენქორანსკი'' სტამბოლში მძღოლთან ერთად ჩაცხრილეს და ხელი მაშინვე ყველამ ,,გულისკენ'' გაიშვირა, თუმცა დმანისელმა ქურდმა მშვიდად აირიდა მიმართული ისრები _ ის გისოსებსმიღმაა და შესაბამისად, არავის მოკვლა არ შეუძლია.
როგორც კრიმინალური სამყაროს ექსპერტები ამბობენ, ,,გული'' ციხიდან არცთუ იშვიათად გასცემდა ადამიანების მკვლელობისა თუ წამების ბრძანებებს; იმასაც ამბობენ, რომ მისი ბრძანებით ორი წლის წინ მოსკოვში ერთ-ერთი ბიზნესმენის რვა წლის შვილი გაიტაცეს და აწამეს, თუმცა ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. ჰოდა, ,,გულის'' მარჯვენა ხელი და შემსრულებელი სწორედ ის მამედოვი იყო, რომელიც თბილისში ჩაცხრილეს. მის მკვლელობას რაფიკ აივაზოვის სახელს უკავშირებენ. აივაზოვი ,,კანონიერი ქურდია'', თუმცა ერთი წლის წინ მოკლული ჯანიევის ბანაკში განიხილებოდა. ვერ გეტყვით, რა მოხდა მასა და ,,გულის'' შორის, მაგრამ ფაქტია, რამდენიმე თვის წინ, დმანისელმა ქურდმა ბაქოს ციხიდან სწორედ აივაზოვის დასჯის ბრძანება გასცა და ეს ბრძანება მამედოვს უნდა შეესრულებინა. მან აივაზოვს შეხვედრა სტამბოლში დაუთქვა, რესტორანში მიიპატიჟა, იქ კი ამფსონებთან ერთად, ქურდს ხელები გაუკავა და მარცხენა ყური მოაჭრა. რაც ყველაზე საინტერესოა, მამედოვი ყურის მოჭრის სცენას ტელეფონით იღებდა და შემდეგ ციხეზე ,,გულის'' გადაუგზავნა. ბევრის გასაოცრად, მამედოვმა აივაზოვი ცოცხალი დატოვა და ამით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.
,,ყველა ამბობს, რომ აივაზოვი ღიად იმუქრებოდა, მთელ ჩემს ქონებას შეველევი, მამედოვს კი არ ვაცოცხლებ, მოვკლავო. მას მხარს როვშან ჯანიევის ცოლისძმაც უჭერდა და ამბობდა, რომ ის ძალიან დიდ ფულს გადაუხდიდა მას, ვინც მამედოვს მოკლავდა'', _ წერს აზერბაიჯანული მედია.
მათივე ცნობით, ქილერებმა თავად მონახეს აივაზოვი და ჯანიევის ცოლის ძმა, თავად შესთავაზეს ნახევარ მილიონად მამედოვის მოკვლა. სხვათა შორის, აზერბაიჯანული მედია იმასაც წერს, რომ ,,გულიმ'' აივაზოვის დასჯა და მისთვის ყურის მოჭრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კრიმინალურ სამყაროში გავრცელდა ფოტო, სადაც ნათლად ჩანს, რომ აივაზოვი ლენქორანში, როვშან ჯანიევის საფლავზე დგას და ნამაზს კითხულობს, გარდაცვლილის სულისთვის ლოცულობს. არადა, როვშან ლენქორანსკი ბოლო იყო იმ ქურდებიდან, ვინც ,,გულის'' სტატუსი შეუჩერა და მისთვის პატივის მიგება აივაზოვს ვერ აპატიეს. შედეგად კი ,,გულიმ'' ის მიიღო, რომ შავი საქმეების ერთ-ერთი უბადლო შემსრულებელი და მეგობარი, ელჩინ მამედოვი სიცოცხლეს გამოასალმეს.
და ეს ყველაფერი არ არის... ამ დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ გაგრძელება აუცილებლად იქნება. სხვათა შორის, ჩვენი ინფორმაციით, თბილისში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, ციხის ადმინისტრაციამ ,,გულის'' სამარტოო საკანში გადასვლა შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.
,,მე ქურდი ვარ და არავის დავემალები!'' _ უთქვამს დმანისის მკვიდრს.
პატიმარი #0578

back to top