Menu
RSS

როგორ „აწერენ“ ესპანეთში ფულს ქართველები ქართველებს

მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, ევროპის ქვეყნები არაერთმა ქართველმა მოიარა. ისინი იქ სამუშაოს საძებნელად მიდიან და, რაღა თქმა უნდა, ევროპაში მყოფმა ქართველმა კრიმინალებმა ამით ფულის გაკეთება გადაწყვიტეს. მოგეხსენებათ, ე.წ. კაი ბიჭებს ხელისუფლება საქართველოში არ აჩერებს და მათ ევროპის ან პოსტსაბჭოთა რომელიმე ქვეყანაში უშვებს. შედეგად, აქედან გაძევებული კრიმინალები უცხო ქვეყანაში მძლავრ კრიმინალურ სინდიკატს აყალიბებენ.
ესპანეთში არის დაჯგუფება, რომელიც მშენებლობის ბიზნესს კურირებს. სქემა მარტივია _ დაჯგუფების ლიდერები მიდიან მშენებელთან და ეუბნებიან, რომ იაფ და, რაც მთავარია, პროფესიონალ მუშახელს მიუყვანენ. მშენებელი თანხმდება. ამის შემდეგ დაჯგუფების წევრები სამუშაოს საძებნელად ჩასულ ქართველებს ხვდებიან და ეუბნებიან, რომ სამსახურს უშოვიან, სანაცვლოდ კი ხელფასიდან პროცენტი სურთ. პროცენტი, ერთი შეხედვით, დიდი არ არის, თითო ადამიანიდან ერთი დღის ნამუშევარი თვის განმავლობაში, რაც ძირითადად, 80-დან 100 ევრომდე მერყეობს. შესაძლოა, ეს ვინმეს ცოტა ეჩვენოს, მაგრამ როცა 500 კაცი გყავს ამ ფორმით დასაქმებული, თანხა აშკარად სოლიდურია. პლუს ამას, არიან ქართველები, რომლებიც სამსახურს თავად შოულობენ, თუმცა კრიმინალები ახერხებენ, ესპანელ დამსაქმებლებს მათ სამსახურიდან აშვებინებენ, რის შემდეგაც, ემიგრანტები იძულებული არიან, ამ სქემას შეუერთდეს. ჩვენ ქართველი მუშების ერთ-ერთ ბრიგადირს შევეხმიანეთ, რომელმაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა:
_ სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აქ წილში სწორედ ქართველები გვისხედან. მართალია, თუ სინდიკატს შეუერთდები, სამსახური, პრაქტიკულად, გარანტირებული გაქვს, მაგრამ ჯერ ერთი, დაბალ ხელფასზე მუშაობ და მეორეც, ამ ხელფასიდან წილს იხდი. ისე არაა, რომ მხოლოდ ერთი დღის ნამუშევარი იყოს. თვეში ერთ დღეს აუცილებლად მოდის რომელიმე კრიმინალი და გვეუბნება, რომ მათი გუნდის წევრს მამა, ძმა, დედა, ბიძაშვილი, ბებია... მოკლედ, ვიღაც მოუკვდა ან სასწრაფო საოპერაციოა და ფული სჭირდებათ, ანუ კიდევ ერთი დღის ნამუშევარი მიაქვთ. შესაბამისად, ორი დღის ნამუშევარი მათია, ამას დაუმატეთ ბინა, საჭმელი და შინ რეალურად 7-8 დღის ნამუშევარს ვაგზავნით. თუმცა, საქართველოში რომ ჩამოვიდეთ, ესეც არ გვექნება და თუ აქამდე ევროპელების მონები ვიყავით, ახლა გაქირავებული მონები ვართ. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს, გაგიყრიან ყამას მუცელში და დაგაგდებენ ქუჩაში...
_ არ გიცდიათ, სამართალდამცავებისთვის მიგემართათ?!
_ როგორ უნდა მიმართო? ნახევარზე მეტს საბუთი არ აქვს, მიმართავ და ათი კაციდან რვას გამოადეპორტებენ. ეს ძალიან კარგად იციან კრიმინალებმა და იმასაც გვეუბნებიან, ურჩებს გავადეპორტებთ, ანუ ჩავუშვებთო...
_ და ჩაშვება ,,ქურდულში'' რომ არ ჯდება?!
_ ხუმრობ, ხომ? რა ,,ქურდული'', რის ,,ქურდული'', ჩვეულებრივი „პრარაბები“ არიან, უნამუსო „პრარაბები“. მე მყავდა ბრიგადა, რომელსაც მაგალითად, მუყაო-თაბაშირის კვადრატულ მეტრზე 8 ევროს უხდიდა დამსაქმებელი. 4 ბიჭი ვიყავით და დღეში მინიმუმ ას კვადრატს ვაკეთებდით. დღე ყოფილა, 200 და 300 კვადრატიც გაგვიკეთებია. ხომ ხვდები, რა ფულთან გვქონდა საქმე?! ჰოდა, მივიდნენ ერთ დღეს ჩვენს დამსაქმებელთან ეს ჯიგრები და უთხრეს, ესენი გაუშვი და ჩვენ 2 ევროდ მოგიყვანთ ბრიგადასო. იმანაც გვითხრა, ასეთი მდგომარეობაა და რას იტყვითო?! რა უნდა გვეთქვა, ფასი გავუნახევრეთ და ისიც დათანხმდა. ამის მერე ჩვენთან მოვიდნენ და რას ,,ბლატაობთო'', გვკითხეს? სად მუშა და სად ,,ბლატაობა''-მეთქი და გვკიდია, ან ჩვენთან იმუშავებთ, ან საერთოდ არ იმუშავებთო. იარაღიც გვესროლეს ფეხებში. ჰოდა, იძულებით ვმუშაობთ ახლა კვადრატულზე ორ ევროდ, დამსაქმებელი ფულს ამათ აძლევს, ესენი ჩვენ და კაცმა არ იცის, რა თანხაზე არიან მორიგებულები. აქედან თუ წავალთ, მაშინ ესპანეთიდანაც უნდა წავიდეთ და სხვა ქვეყანას უნდა მივაშუროთ, მაგრამ როგორც გავიგეთ, სხვა ქვეყნებშიც ასეა უკვე და საშველი არ ჩანს...
_ აბა, რა გამოდის, მთელი ცხოვრება მანდ უნდა იმუშაოთ და ფული სხვებს უხადოთ?!
_ გამოსავალი მითხარი. ტრაბახით არ ვიტყვი, კარგი ხელოსანი ვარ, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვიდე, არავინ გადამიხდის იმდენს, რასაც აქედან ვაგზავნი. რამდენიმე ფირმას შევეხმიანე, და 2-3 ლარს ამბობენ კვადრატულში, ანუ ბრიგადამ რომ იმუშაოს ოთხკაციანმა და დღეში ასი კვადრატი გავაკეთოთ, შეიძლება 70 ლარი დაგვრჩეს, მაგრამ ერთი სამუშაო რომ მორჩება, მეორეს ძიებაში თვეები გადის. აქ კი მუდმივი სამუშაოა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდივართ და ზამთარშიც ვმუშაობთ...
_ მაშინ რატომ ხართ უკმაყოფილო?
_ თვეში სამი ათას ევროს რომ აკეთებ და რვაას ევროზე დაგსვამენ, უკმაყოფილო იქნები, თან რომ იცი, რასაც აკეთებ, სამი ათასზე მეტი ღირს...
_ მარტო კაცებს ატერორებენ თუ ქალებსაც?
_ ქალებზე ახლა გადავიდნენ, მაგრამ ცოტა უჭირთ. აქაურებს ეშინიათ, ოჯახში კრიმინალების მიერ მიყვანილი ქალი შეუშვან, მოხუცი ან ბავშვი ანდონ. შესაბამისად, ჯერჯერობით, ვერ ააწყვეს ეს სქემა, მაგრამ ახლა ამბობენ, სააგენტო გავაკეთოთ ოფიციალური და ქალებს საწევრო გადავახდევინოთო. ვინც ამ სააგენტოში არ გაერთიანდება, დავადგეთ და დავემუქროთო. ანუ, აქ ჩამოსული ქალი თავად ,,ჩალიჩობს'' სამსახურს, თავად წვალობს და მინიმუმ ერთი დღის ფული ამათ უნდა მისცეს. მარტო მადრიდსა და ბარსელონაში ათას ქალზე მეტია. ათასი ქალიდან თვეში 50 ევრო რომ აიღონ, ცოტაა?! არასწორად იქცევიან ქართველი სამართალდამცავები, აქეთ რომ აგზავნიან კრიმინალებს, მაგრამ ისინი პრობლემას იხსნიან, აქ იაფი მუშახელი უნდათ და აწყობილია ჩვენს ხარჯზე ცხოვრება...
_ რას აპირებ?
_ არაფერს. რამდენჯერმე ამოვიღე ხმა და „მაკაჩავეს“. რომ შეატყვეს, ვერ მაჩუმებდნენ და არ მეშინოდა, მერე მითხრეს, შენ აქ ხარ, ცოლ-შვილი საქართველოში გყავს, ჩვენს საძმაკაცოსთან ნუ დაგვარეკინებო. მეც მყავს მანდ საძმაკაცო, მაგრამ კრიმინალებს გაჯავიკები ვაჭიდაო?!
პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში