ფანჯარა, რომელიც თავისით იხსნება...

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიო იცვლება ჩვენს თვალწინ, ისტორია კი საქართველოს ახალ შანსს ჩუქნის.

ჩვენ ეს შანსი არაფრით მოგვიახლოებია,და მისი დადგომისთვის არაფერს ვაკეთებდით არც აქამდე, და არც ახლა ვაქტიურობთ.  თუ რამე ხდება ჩვენს თავს - ეს ჩვენს გარეშე. ისტორია განაგრძობს თავის ტრიუმფალურ სვლა, და შემთხვევით ეხება საქართველოს, ისე რომ ჩვენში ამისთვის არც არავინ ემზადება.

განგება აძლევს ქვეყანას სამშვიდობოზე გაღწევის უნიკალურ შანსს, თანაც მინიმალური დატვირთვით - ჩვენს ნაცვლად დღეს ყველაფერს აკეთებს უკრაინა, ჩვენ კი შეუმჩნევლად ვსხედვართ კუთხეში, თითქოს ეს არც კი გვეხება.

თავად ისტორია უმზადებს საქართველოს ცივილიზებულ სამყაროსთან შეერთების, ეკონომიკის გაძლიერების, და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს. ის, რაც ჯერ კიდევ 2022 წლის 23 თებერვალს უტოპიად გამოიყურებოდა, დღეს არა გარანტირებული, თუმცა, მაღალი ალბათობით სრულიად რეალურია.

ისტორია უხსნის საქართველოდ ფანჯარას, საქართველო კი ემზადება ამ შანსის განიავებისა და დაკარგვისთვის.

თუ შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი, რომელიც იდეალურია იმისთვის, რომ დაკარგო ყველაზე აშკარა და ნათელი შანსიც კი - ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში.

ისტორიული ქარტეხილების ფონზე, საქართველო ვერანაირად ვერ გასცდა თავის სოფლურ-პროვინციულ-ორღობე არსს. მსოფლიო იცვლება, თბილისში კი ჩხუბობენ წვრილმანებზე, აგინებენ დასავლეთს, ლანძღავენ ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

გაუმაძღარი და დოყლაპია ხელისუფლება, რომელიც ისტორიული შანსის გაჩენის წინაპერიოდში მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს, ისე, თითქოს გარეთ არა 2022, არამედ 2016-2017 წლებია.

ვერც კი ხვდებიან რამდენად სასაცილოები არიან, როდესაც ირაკლი კობახიძე შვეიცარიის საბანკო სისტემას უპირისპირდება, სოზარ სუბარი კი ხმალამოღებული ებრძვის აშშ-ს და ევროპას. პატარა, უმნიშვნელო ლიფსიტები, რომლებიც დინოზავრებს ეტლიკინებიან.

პარალელურად - უმსხვილესი ოპოზიციური პარტია, რომელიც სუიციდის რეჟიმშია გადასული - ნუ იტყუებთ თავს - დღეს არავის სჯერა, რომ „რა მოხდა, ჩვენ ხომ ერთი მიზანი გვაქვს, უბრალოდ მისი მიღწევის საშუალებებს ვხედავთ სხვანაირად“. 30 წლის წინ ეს შესაძლოა დამარწმუნებლად ჟღერდა, მაგრამ დღეს უკვე ცხადია, რომ განსხვავდება მხოლოდ პირადი ამბიციები და მეტი არაფერი,

ასე იყო ქართულ პოლიტიკაში 30 წლის წინ, ასეა დღესაც.

პარალელურად მცირე პარტიები, რომლებსაც სიმცირე უპირატესობად მიაჩნიათ და ვერ ხვდებიან, რომ სწორედ ბევრი პატარ-პატარა პარტია - სწორედ ესაა ნებისმიერი ნახევრად ავტორიტარული ხელისუფლების დღეგრძელობის ერთ-ერთი ფაქტორი.

ქართული პოლიტიკა ტრიალებს მოჯადოებულ წრეზე  - თუ არის ისტორიული შანსის განიავების საწინდარი - სწორედ ისაა.

რა ეშველება ამას? სამწუხაროდ, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში - არაფერი. ქართული პოლიტიკური ელიტა თავისი ერის ღირსეული შვილია და მისგან არაფრით განსხვავდება.

ქართული ყოფითი კულტურა და ადამიანებს ერთმანეთს შორის ურთიერთობების წესები უკიდურესად კონფლიქტურია. ქართველთა 90% პერმანენტული ჩხუბის, კონფლიქტის და აყალ-მაყალის სტადიაში იმყოფება. პატარა ბავშვებივით,  ისინი ერთმანეთს წვრილმანების გამო ებუტებიან, მერე ერთმანეთზე ჭორაობენ, ბოლოს კი - ღია მტრობის ფორმატში გადადიან.

ეს ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა გასაკვირია, რომ ეს ხდება პოლიტიკაშიც. არც ის უნდა იყოს გასაოცარი, რომ პოლიტიკური ელიტა მთლიანი საზოგადოებისგან დამოუკიდებლად არ შეცვლილა.

90-ან წლებში მცირე კონფლიქტი ადამიანებს შორის სროლაში გადაიზრდებოდა, იგივე იყო პოლიტიკაში, სადაც ერთმანეთს ქურდულად ურჩევდნენ საქმეს.

მას შემდეგ საზოგადოება ცოტათი შეიცვალა და ნაჯახი სასამართლომ შეცვალა, თუმცა, ურთიერთდამოკიდებულება იგივე დარჩა. ზუსტად ამას ვხედავთ პოლიტიკაშიც - ავტომატებიდან ერთმანეთს მეტწილად არ ესვრიან, თუმცა ჩხუბის, ქიშპის და ერთმანეთის ჯინაზე ქვეყნის დაზიანების ჩვევა ვერ მოიშორეს.

საქართველო - ძალიან მძიმე შემთხვევაა - კავკასიურ ამპარტავნებას დაემატა საბჭოური უპასუხისმგებლობა და მუქთახორობა, ხოლო ბოლო ლურსმანი ქურდულმა მენტალიტეტმა ჩააჭედა. ასეა ცხოვრებაში, ასეა პოლიტიკაში.

ამ მოჯადოებული წრიდან პოლიტიკისთვის ცალკე გასასვლელი არ არსებობს - ან ყველა ერთად გავძვრებით, ან ყველა ერთად დავიხჩობით.

პოლიტიკური კულტურის ზრდის ერთად-ერთი გზაა ზოგადი კულტურის ზრდა. რაც უფრო ცივილიზებულები, ტოლერანტულები და პრინციპების ერთგულები იქნებიან ადამიანები - მით უფრო ცივილიზებული, დალაგებული და პროგნოზირებადი იქნება პოლიტიკური კლიმატიც.

რაც შეეხება ისტორიული ფანჯარას - ის ჩვენგან დამოუკიდებლად გაიხსნა. ერთად-ერთი იმის იმედი დაგვრჩა, რომ საქართველოსთვის ის პროგრესს მაინც მოიტანს - ისევ თავისთავად, ჩვენი ჩარევის და აქტიურობის გარეშე...

თუმცა იქნებ ვინმემ რამე გაბედოს, სასარგებლო.

მოლოდინი? არის!

თუმცა..

 

ავტორი: თენგიზ აბლოთია