Menu
RSS

გადამზიდის „აღიარებითი ჩვენება“

ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი სასამართლო პროცესი დასრულდა. ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძეს მოსამართლემ სასჯელი უკვე გამოუტანა. მართალია მსჯავრდებული საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა და დღემდე საზოგადოების ნაწილსაც სჯერა, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა, თუმცა აქ სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვას არ ვაპირებთ. კალიუმის ციანიდი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი საწამლავი ახლა გახდა ძნელად მოსაპოვებელი, თორემ იყო დრო, ციანიდი საქართველოს ტერიტორიაზე ტონობით გადმოჰქონდათ. მაშინაც არ იყო ამ ნივთიერებით ადამიანების დახოცვა ,,უცხო ხილი'' და ის, მაშინაც ოქროდ ფასობდა. ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ციანიდს სწორედ ოქროს მისაღებად იყენებდნენ და ეგებ ამიტომაც ჰქონდა ოქროს ფასი...
სოსო თ. სასჯელს ავარიის გამო იხდიდა. საკუთარი ტრაილერით ფარაში შევარდა, ასამდე ცხვარი დააწვინა, მაგრამ ცხვარს ვინ ჩივის, მეცხვარეც ზედ მიაყოლა. ხუმრობდა ხოლმე, იმდენი ცოდვა მადევს კისერზე, ღმერთს ერთად ასი ცხვარი შევწირე, მაგრამ მაინც არ მიშველაო.
,,მთელი ცხოვრება მძღოლი ვიყავი, ავარია კი არა, ნაკაწრი არასოდეს ჰქონია ჩემს მანქანას. რუსეთის ტრამალებში რომ მივდიოდი, თან გაზეთს ვკითხულობდი. მოსახვევში შევედი, სადაც ,,გადასარეკი'' არ არის და ცხვარი არსად შემხვედრია. იმიტომაც მომივიდა ეს. სასამართლომაც დაადასტურა, რომ იქ გადასარეკი ადგილი არ იყო, მაგრამ კაცი მოკვდა და მაინც მომისაჯეს. გაუმართავი მანქანა ჰყავდა, ,,შლანგები'' იყო დაგლეჯილიო... ფარაში რომ შევარდები და ამხელა მანქანას 80 მეტრში გააჩერებ ან შლანგი გაიგლიჯება და ან სხვა რამე'', _ წუწუნებდა სოსო, მაგრამ ამ წუწუნის გამო სასჯელს არავინ უმსუბუქებდა და ისიც იჯდა.
ერთ დღეს, როცა პატიმრები ათას სისულელეზე საუბრობდნენ, ერთ-ერთმა, ახმეტელმა პაატამ თქვა, კალიუმის ციანიდის შოვნა სად შეიძლება საქართველოში, ხომ არ იცითო?!
,,რად გინდა ციანიდი?'' _ ღიმილით ჰკითხა პატიმარმა #0578-მა.
,,ფირმაში წაიღებ, ,,მაყუთიან'' ტიპთან მოეწყობი სამუშაოდ, მერე დაალევინებ და წამოიღებ ,,ქეშად'' ნახევარ მილიონს'', _ სავსებით სერიოზულად თქვა პაატამ.
,,ბიჭო, ნახევარ მილიონად კაცი უნდა მოკლა?'' _ გაუკვირდა სოსოს.
,,ნახევარ მილიონად კი არა, რუსეთში 2-3 ათასად ხოცავენ'', _ ხელი აუქნია პაატამ.
,,ჰოო... კალიუმის ციანიდი ტონობით დამქონდა თავის დროზე'', _ თავისთვის ჩაილაპარაკა სოსომ.
,,სად?'' _ ყურები ცქვიტა პაატამ და სოსომაც დაიწყო.
,,ციანიდი ოქროს გამოტუტვის შესაძლებლობას იძლევა. ჰოდა...''
,,მოიცა, რას იძლევა?'' _ შეაწყვეტინა პაატამ.
,,მოდი, შენს ენაზე აგიხსნი _ ოქროს მისაღებად ციანიდია საჭირო. ყოველთვის არა, მაგრამ გააჩნია, როგორ ამუშავებენ. ციანიდს იმ ქვიშას აყრიან, რომელშიც ოქროა, მერე რეცხავენ... პროცესია რა. ჰოდა, დამიტვირთავდნენ მანქანას და რამდენიმე ტონა ციანიდი მიმქონდა ხოლმე საქართველოდან სომხეთში. კარგ ,,მაყუთს'' იხდიდნენ, იქიდან ცარიელი უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ ,,გრუზს'' ვჩალიჩობდი და ეგ ცალკე თანხა იყო. ეჰ, რა ქვეყანა დაანგრიეს'', _ ოცნებებში წავიდა სოსო.
,,მოიცა, კაცო, ქვეყანა კი არა, ციანიდზე მითხარი _ სომხეთში სად მიგქონდა და კიდევ იქნება? როგორ მოვიპარო?'' _ თვალები აემღვრა პაატას.
,,ჩემო პაატა, მე რომ ციანიდი მიმქონდა, ერთი რეისი ,,მაყუთიანი'' ევროპელის კი არა, მთელი ევროპის გასაწყვეტადაა საკმარისი. ეგ წლების წინ იყო, კომუნისტების დროს. მაგრამ, რომ იცოდე, არც მაშინ იშოვებოდა ასე მარტივად. კონტეინერს ლუქავდნენ, მერე იმ ლუქს მიკროსკოპით ამოწმებდნენ ადგილზე, მერე სპეციალურ კასრებს სკაფანდრებით იღებდნენ'', _ დეტალებზე გადავიდა სოსო.
,,და რას უშვრებოდნენ? სად აგროვებდნენ? ახლა სად არის?'' _ ვეღარ ითმენდა პაატა.
,,ოქროს მოიპოვებდნენ მაგით. ქვიშას აყრიდნენ-მეთქი. თვეში ერთ რეისს ვაკეთებდი მინიმუმ და ახლა იქ ციანიდი კი არა, ის კარიერი თუ იქნება საერთოდ, ეგეც არ ვიცი. სომხეთში, წითელი ხიდიდან გადავდიოდი, კარიერი სომხეთის ტერიტორიაზე იყო'', _ ცოტა არ იყოს გაბრაზდა სოსო.
,,მოტეხვის შანსი გქონდა? აი, რამდენიმე გრამი რომ მოგეტეხა'', _ ახლა #0578 დაინტერესდა.
,,არ ვიცი, რამდენი რეისი მაქვს გაკეთებული, ალბათ ასზე მეტი, მაგრამ მოპარვის შანსი ერთადერთხელ მქონდა. მივედი, ლუქი ახსნეს კონტეინერს, მერე რაღაც მოხდა და ბაზაზე ჩაგვკეტეს ყველა. ერთი ღამე იქ გავატარე, გახსნილ კონტეინერთან. მაშინ შემეძლო კილოობით ამეღო. ვიფიქრე კიდეც, ავიღებ-მეთქი, მაგრამ ის ვერ მოვიფიქრე, რაში უნდა გამომეყენებინა და შევეშვი'', _ დაასრულა სოსომ.
,,ყველაზე საინტერესო ეგ რეისები იყო?'' _ ისევ ჰკითხა #0578-მა.
,,არა ჩემო მამავ და შვილო, რა ეგ რეისები, რუსეთი მაქვს მოვლილი. არ დავიწყებ ახლა, ყველა ქალაქში ნაშა მყავდა და რასპუტინი ვიყავი-მეთქი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში ჩემი ,,საგულაო'' კი ,,ვიგულავე''. სიკვდილსაც გადავრჩი ერთხელ, ციმბირში, შუა გზაზე მანქანა ჩამიქრა. გაყინვა გარანტირებული მქონდა, არ ვიცოდი რა მექნა, ჩამოვედი და ,,გლუშიტელს'' მივადე ხელები, თბილი იყო, ეგებ ცოტა მეშველოს-მეთქი. გარეთ მინუს 40 გრადუსი იყო. ამ დროს გამოიარა ტრაილერმა, გავაჩერე და ქართველები აღმოჩნდნენ, კახელები. იმათ მიშველეს, მანქანა დამაქოქინეს. ისე, ფეხები რომ გაგეყინებოდა ჩექმებში, ერთი სული გქონდა, სახლში მისულიყავი და თბილ წყალში ჩაგეყო. კიდევ კარგი, ხმამაღლა ვთქვი პირველ რეისზე და მაშინვე მითხრეს, ეგ არ ქნა, განგრენა გარანტირებული გაქვსო. ბევრმა უცოდინარმა გააკეთა ასე, გაყინული ფეხები პირდაპირ ცხელ წყალში და კი დაკარგეს ორივე ფეხი'', _ საინტერესოდ გააგრძელა სოსომ.
,,ძირითადად რა დაგქონდა?'' _ ჰკითხა #0578-მა.
,,ხშირად არ გვეუბნებოდნენ, გვეტყოდნენ, საიდუმლო ტვირთიაო და ჩვენც მივდიოდით. ერთხელ ასე, დალუქული კონტეინერი გამატანეს მოსკოვში. მივედი ერთ საამქროში, სადაც ეს უნდა ჩამომეცალა, მივაყენე საწყობთან მანქანა და როცა კონტეინერი გახსნეს, გაოცებისგან კინაღამ ვიყვირე _ ბორჯომით იყო დატვირთული. იქიდან იმ საამქროს მეპატრონემ ათი ცალი ქურქი გამომატანა. იცი რა ღირდა მაშინ ქურქი? არ იცი _ ცხოვრება და ქონება ღირდა. ქურქის გარდა ჩემთვისაც წამოვიღე რაღაცები, ტკბილეული, ფეხსაცმელი... ფეხსაცმელი აქ გავყიდე, ფული დამრჩა... საინტერესო იყო. ეს შტერი კიდევ იძახის, ნეტავ ციანიდი მქონდეს, კაცი მოვკლაო'', _ თავი გაიქნია პაატასკენ სოსომ.
,,ვინ არის შტერი?!'' _ წამოხტა პაატა.
,,შენ'', _ მოკლედ მოუჭრა #0578-მა, მერე სოსოს ანიშნა, წამომყევიო და საკნიდან მასთან ერთად გავიდა.
პატიმარი #0578

back to top