პენსია, საჯარო მოხელეთა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ანაზღაურება იზრდება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მთავრობა მომდევნო წელს 21 მილიარდ 154 მილიონი ლარის ხარჯვას გეგმავს - 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

ავტორი: მაკა რუხაძე

 

2923 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მეორედ მოსმენას პლენარულ სხდომაზე. ვიდრე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს დეტალურად განვიხილავთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მომავალ წელს, საქართველოს მთავრობა 21 მილიარდ 154 მილიონი ლარის ხარჯვას გეგმავს. რაც მთავარია, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულ მოხელეთა ხელფასები გაიზრდება 10%-მდე, ხოლო პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები - 20%-ით.

მომდევნო წლიდან იზრდება პენსია, რაც ნიშნავს, რომ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით და 365 ლარი გახდება, ხოლო ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია, ოღონდ მაღალმთიან დასახლებებში, 440 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, 295 ლარამდე, მაღალმთიან დასახლებებში კი ამავე ასაკობრივი კატეგორიის პირთა პენსია 355 ლარს გაუტოლდება.

2023 წელს, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში და მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ნომინალში 79.6 მილიარდ ლარს მიაღწევს. მეტიც, 2023 წლის ბოლოს, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა შემცირდება და მშპ-ის 38.8%-ით იგეგმება. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პარამეტრი ისაა, რომ 2023 წლის ბიუჯეტის  დეფიციტი 2.8%-მდე მცირდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინფლაციაზე.

 

ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიულადაა დაგეგმილი, კერძოდ, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში და ეს მაჩვენებელი შენარჩუნებულია საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 79.6 მილიარდი ლარით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი, თითქმის 7 500 აშშ დოლარს უტოლდება. აქედან გამომდინარე, 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 24.3 მილიარდი ლარია, რაც საშუალებას გვაძლევს, ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს, კერძოდ:

თავდაცვა და უსაფრთხოება - თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490 მილიონ ლარზე მეტით იზრდება, მათ შორის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 20%-ით გაზრდის მიზნით, გათვალისწინებულია 290 მილიონ ლარზე მეტი; საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით იზრდება.

სოციალური მიმართულება - ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 770 მილიონ ლარზე მეტით იზრდება, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია: 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიის მატება 65 ლარით, რაც ნიშნავს, რომ მომავალ წელს, პენსია 365 ლარი გახდება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია, ოღონდ მაღალმთიან დასახლებებში, თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 295 ლარით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, თითქმის 355 ლარს გაუტოლდება; გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელი 35 ლარით გაიზრდება; მიმდინარე წლის ივნისიდან, 150 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარება მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება; დევნილთა სახლების უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყება 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს, 250 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

განათლება - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 290 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება, რომლის ფარგლებში: საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატი იზრდება 125 ლარით; ასევე, 125 ლარით იზრდება მანდატურების ხელფასებიც; გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; გათვალისწინებულია პროფესიული სასწავლებლების პედაგოთა საათობრივი ანაზღაურების ზრდა (15-დან 18 ლარამდე); იწყება 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს, დაიხარჯება 300 მილიონ ლარამდე; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100-ლარიანი ზრდა.

საჯარო სექტორის მდგრადობა - ბოლო ხუთწლიან პერიოდში, 2022 წელს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები პირველად გაიზარდა, თუმცა მიმდინარე წელს, კერძო სექტორში გაცილებით მეტად გაიზარდა საშუალო ხელფასი, ვიდრე საჯარო სექტორში. შესაბამისად, აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების საკითხი. მთლიანობაში, 2023 წელს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება, გარდა პოლიციელებისა და ჯარისკაცებისა, რომელთა ხელფასები 20%-ით მოიმატებს.

ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა - 2023 წელს, მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. ჯამში, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 6 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება 1.7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1.2 მილიარდ ლარზე მეტი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია 2.1 მილიარდ ლარზე მეტი; წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გასაუმჯობესებლად - 520 მილიონ ლარამდე; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე  - 450 მილიონ ლარამდე; რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მილიონი ლარი; სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის - 590 მილიონ ლარზე მეტი; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, გათვალისწინებულია 260 მილიონ ლარზე მეტი.

 

სამინისტროების დაფინანსება

2023 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 798.7 მილიონი ლარით, რომელიც ასე განაწილდება: მოსახლეობის სოციალური დაცვა - 4 813.9 მილიონი ლარი; საპენსიო უზრუნველყოფა - 3 379.2.მილიონი ლარი. უფრო კონკრეტულად, კანონის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია შეადგენს 12.7%-ს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, პენსიის ზრდა გათვალისწინებულია 35 ლარით, რაც 2023 წლის იანვრიდან, 295 ლარით განისაზღვრება.

__________________________

__________________________

 

ამავე კანონით, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციისა და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით. ამ ფორმულით, პენსიის ზრდა გათვალისწინებულია 65 ლარით და მისი მოცულობა 2023 წლის იანვრიდან, განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 354 ლარი, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია - 438 ლარი.

___________________________

___________________________

 

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება დაფინანსდება - 1 275.1 მილიონი ლარით; სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში - 85 მილიონი ლარი; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება იზრდება 14.4 მილიონი ლარით და 66 მილიონ ლარს აღემატება.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა დაფინანსდება 1 499.1 მილიონი ლარით, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი შეადგენს 850 მილიონ ლარს, ხოლო ახალი კორონავირუსული დაავადების - COVID 19-ის მართვისთვის გამოყოფილია 120 მილიონი ლარი. აქედან, 50 მილიონ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი რესურსის ფარგლებში, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რომლის ფარგლებშიც, ძირითადად, ინფექციური საავადმყოფო აღიჭურვება; ამავე პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასწრაფოს დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა დაფინანსდება 42.1 მილიონი ლარით; შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 90.3 მილიონ ლარამდე, მათ შორის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 80 მილიონი ლარი.

იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 267.7 მილიონი ლარი. პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 2.6-ჯერ და ამ თანხის ფარგლებში, 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დაიწყება.

___________________________

___________________________

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 978.6 მილიონი ლარით; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება - 401.2 მილიონი ლარით; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება - 2 975.9 მილიონი ლარით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 1 543.2 მილიონი ლარი, გრანტებში - 13.9 მილიონ ლარამდე, კრედიტებში - 1 418.8 მლნ ლარამდე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 688.5 მილიონ ლარს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 653.7 მილიონი ლარი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 106 მილიონ ლარს; იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 369.4 მილიონი ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 183 მილიონი ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის - 1 260 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის პირველ დამტკიცებულ გეგმას 257.6 მილიონი ლარით აღემატება; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 1 070 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის პირველ დამტკიცებულ გეგმას 205 მილიონი ლარით აღემატება. დაფინანსების ზრდა, ძირითადად, დაკავშირებულია პოლიციელთა ხელფასების 20%-ით ზრდასთან. ამასთან, სამინისტროს ასიგნება 2022 წლის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით, 107.5 მილიონი ლარით მეტია; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 180 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებულია 76.0 მილიონი ლარი; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დაფინანსება შეადგენს 3.8 მილიონ ლარს; საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 53.8 მილიონი ლარი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გათვალისწინებულია 17 მილიონი ლარი; სასამართლო სისტემისთვის გათვალისწინებულია - 138.5 მილიონი ლარი, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო დაფინანსდება 5.8 მილიონი ლარით; უზენაესი სასამართლო - 15.5 მილიონი ლარით; საერთო სასამართლოები - 110 მილიონი ლარით; იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 7.2 მილიონი ლარით.

____________________________

____________________________

 

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 9.9 მილიონი ლარი; სახალხო დამცველის აპარატისთვის - 9.3 მილიონი ლარი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის - 4 მილიონი ლარი; საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება შეადგენს 75 მილიონ ლარს; სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 18.8 მილიონი ლარი; ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის - 35.8 მილიონი ლარამდე; მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება შეადგენს 22 მილიონ ლარს; პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებულია 9.1 მილიონი ლარი; სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების დაფინანსება ჯამში - 10.2 მილიონი ლარი.