Menu
RSS

ნანა კაკაბაძის სკანდალური ინფორმაცია

,,ციანიდის საქმე'' სასამართლოს პირველ ინსტანციაზე დასრულდა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შურისძიების მიზნით, პატრიარქის მდივან შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის მიუსაჯა. არადა, პროკურატურა დეკანოზს ანგარების მოტივით სდებდა ბრალს. ,,ვერსია'' დაინტერესდა, როგორ აფასებენ საპატრიარქოში დეკანოზის განაჩენს; სამართლიანად მიაჩნია თუ არა თავად დაზარალებულ თეთრუაშვილს მოსამართლის გადაწყვეტილება და რისთვის უნდა ეძია შური გიორგი მამალაძეს? ამ კითხვებით უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს მივმართეთ, რომელიც პატრიარქსა და მის მდივან-რეფერენტთან დაახლოებული პირია..
_ ქალბატონო ნანა, რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს მამალაძის განაჩენთან დაკავშირებით?
_ პატრიარქი არაა თბილისში და მის გარეშე არ ვიცი, ვინმე პოზიციას აფიქსირებდეს.
_ შორენა თეთრუაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს?
_ შორენა თეთრუაშვილიც პატრიარქთან ერთადაა, საქართველოში არ არიან, ასე რომ, ვერ გეტყვით.
_ როგორ ფიქრობთ, რისთვის უნდა ეძია შური გიორგი მამალაძეს?
_ შორს ვარ აზრისგან, შორენა თეთრუაშვილის მოკვლას ცდილობდა. იმიტომ კი არა, რომ არ მოკლავდა, უბრალოდ შორენას მოკვლა არაფერს აძლევდა. მთავარი სამიზნე პატრიარქი უნდა ყოფილიყო. მართალია, მიუღებლობაც აქვს და სიძულვილიც გიორგი მამალაძეს თეთრუაშვილის მიმართ, ჩანაწერში სიტყვა ,,დასაბრედია''-საც იყენებს მისი მისამართით, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს იმის პირდაპირი მტკიცებულება არაა, რომ თეთრუაშვილის მოკვლას აპირებდა. ამავე ჩანაწერში იმხელა მტკიცებულებებია ციანიდთან დაკავშირებით, თუ ვისთვის უნდოდა ციანიდი მამა გიორგის. ეს იყო პირდაპირ პატრიარქისთვის გამიზნული ოპერაცია, თუმცა შორენას გავლით უნდა მისულიყო ციანდი პატრიარქთან.
_ ანუ თეთრუაშვილს დაბრალებოდა პატრიარქის მოკვლა?
_ ის სცენარი, რაც მათ გამოიგონეს, ვითომ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება არსებობს, რომ შორენა თეთრუაშვილი გაგიჟდება და სიონს წრეს დაარტყამს, მამა გაბრიელის კი არა, მაგათი წინასწარმეტყველებაა. ფიქრობდნენ, შორენას ხელით მოკლავდნენ პატრიარქს და ამით მას უარესს უმზადებდნენ, ვიდრე მისი სიკვდილია. ჩანაწერის მიხედვით, ირაკლი მამალაძე ეუბნება გიორგი მამალაძეს, საჭმელში იხსნება ციანიდი, თუმცა თუ მას შაქარი აქვს მიღებული, ციანიდი არ იმოქმედებსო. გიორგი მამალაძე კი პასუხობს _ ჩვენ ვისთვისაც გვინდა ციანიდი, ის შაქარს არ ღებულობსო. აქ პირდაპირ ჩანს, ვისთვისაც უნდა ციანიდი მამა გიორგის. რატომ ამოირჩიეს გერმანია? იმიტომ, რომ თბილისში პატრიარქს დედები უმზადებენ და აჭმევენ, ხოლო გერმანიაში შორენა თეთრუაშვილი აჭმევდა პატრიარქს. სავარაუდოდ, ესენი ფიქრობდნენ, რომ გერმანიაში კონკრეტულად თეთრუაშვილი აჭმევდა პატრიარქს და ადვილი იქნებოდა კვალის მიგნება, თუ ვინ მოწამლა პატრიარქი.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ სურდათ შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორება?
_ 40 წელია შორენას საპატრიარქოში ვხედავ, ვაკვირდები და ამ პერიოდში იყო რაღაცები, რაც მომწონდა ან არ მომწონდა, მაგრამ ერთი რამ გამოკვეთილი იყო _ ის უერთგულესი ადამიანია პატრიარქისთვის. მას შეუძლია, პატრიარქისთვის თვალდახუჭულმა გაწიროს საკუთარი სიცოცხლე. რა თქმა უნდა, ამას უწმინდესი ხედავს და იმ მკვლელისთვის, რომელსაც პატრიარქის გავლენის ხელში ჩაგდება სურდა, რა თქმა უნდა, შორენა თეთრუაშვილი გადაულახავი ბარიერი იყო და მისი ჩამოშორება, რასაკვირველია, სურდათ. მაგრამ მიუხედავად ამისა, გავრცელებულ ჩანაწერში შორენა თეთრუაშვილის კი არა, პატრიარქის მკვლელობის სურვილი კონკრეტდება.
_ თუ ეგ ვერსია სიმართლეა, დაგეგმილი სცენარით პატრიარქსაც მოიშორებდნენ და თეთრუაშვილსაც?
_ მოშორებაც არ უნდოდა, შორენა მართლა გაგიჟდებოდა. ადამიანს საკუთარი ოჯახი არ აქვს, შვილი არ ჰყავს, სახლი არ აქვს, საპატრიარქოს ერთ ოთახში ცხოვრობს 40 წელია. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი უცბად იგებს, რომ მისი ხელიდან გამორთმეულ საჭმელში არის ციანიდი და ჩხრეკის შედეგად ალბათ, მის ნივთებშიც აღმოაჩენდნენ ამ ნივთიერებას. ეს მართლაც შეიძლებოდა გაგიჟების მიზეზი გამხდარიყო. ჩათვალეს, რომ თეთრუაშვილს გააგიჟებდნენ და ის სცენა, რასაც მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებად ასაღებენ, გათამაშდებოდა. სხვათა შორის, მამალაძის ადვოკატებს კითხვაზე, რატომ იხსენიებს მამალაძე პიროვნებას, ვინც შაქარს არ ჭამდა, პასუხი არ გააჩნიათ. ადვოკატები იმასაც ამბობენ, ეს კადრები დამონტაჟებულიაო. პროკურატურა რვასაათიან ფირს, ბუნებრივია, ვერ გაუშვებდა. გაუშვეს ფრაგმენტები, რათა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. დამონტაჟება ნიშნავს, ამოკრიფო სიტყვები და აზრი შეაკოწიწო, იქ ფრაგმენტებია ამოღებული, ტექსტი კი არაა დამონტაჟებული. თუ ადვოკატებს ამაში ეჭვი ეპარებოდათ, რატომ არ ჩაატარეს ალტერნატიული ექსპერტიზა? საერთოდ, საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ადვოკატებს არ ჰქონდათ პროკურატურის ბრალდების გამაბათილებელი არც ერთი არგუმენტი. ეს კაპიტულაცია იყო მათი მხრიდან თუ რა, ვერ გავიგე. მოწმე არ ჰყავდათ ადვოკატებს და როცა ამბობენ, იარაღი ირაკლი მამალაძეს ეკუთვნოდაო, რით უნდა ენდოს მოსამართლე მის ნათქვამს? ექსპერტიზა ჩაატარეს და ირაკლის ანაბეჭდები ნახეს? მოწმე ჰყავთ მოყვანილი? რაიმე ჩანაწერი არსებობს? _ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ და მხოლოდ ლაპარაკობენ, ეს ხომ არასერიოზულია.
_ რატომ იყო მამალაძის დაცვის მხარე, როგორც თქვენ ამბობთ, პასიური?
_ თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს არაპროფესიონალიზმის შედეგი იყო. მაშინ მამალაძეს ორი ადვოკატი ჰყავდა. ახლა კი საქმეში 6 ადვოკატია და არაპროფესიონალიზმსა და უცოდინრობაზე ძნელია აპელირება. ჯერ ერთი, ერთ ადამიანს ამდენი ადვოკატი რატომ სჭირდება? რამხელა ინტერესებია ამ საქმის ირგვლივ, ხომ გრძნობთ? აქედან გამომდინარე, არაპროფესიონალიზმს გამოვრიცხავ. როგორ შეიძლება, ექვსმა ადამიანმა ერთი გონივრული დეტალი ვერ დადოს დაცვის მხარეს. ვფიქრობ, რაღაც გარკვეული გარიგება არსებობდა ხელისუფლებასა და მეორე მხარეს შორის. მეორე მხარედ არიან ის ადამიანები, ვინც ამ საქმის ინიციატორი და დამკვეთი იყო. ვფიქრობ, შეთანხმდნენ, არ უნდა გამოჩენილიყო, რომ ეს პატრიარქის მკვლელობა იყო და არც ის, რომელი ადამიანები იყვნენ ამ საქმეში ჩარეულნი. ეს რომ გამჟღავნებულიყო, ძალიან ბევრ ცუდ პოლიტიკურ პროცესებს გამოააშკარავებდა საქართველოს წინააღმდეგ.
_ ვის გულისხმობთ მეორე მხარესა და საქმის დამკვეთებში?
_ როგორც გინდათ, ისე დაწერეთ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს უკრაინის პასპორტი, მას ჩამორთმეული აქვს საქართველოს პასპორტიც. ეს ადამიანი მაინც თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში. როგორ ფიქრობთ, უპასპორტო ადამიანს რომელი ძალა უნდა ლობირებდეს? მესაზღვრე როგორ ჩაურტყამს ბეჭედს, როცა ადამიანს გაუქმებული პასპორტი აქვს? გამოდის, ვიღაც დგას ამ კაცის უკან, რომელიც უზრუნველყოფს მის ამ ვოიაჟებს. ვინც სააკაშვილის ამ უკანონო გადაადგილებას უზრუნველყოფს, აი, სწორედ ის ძალა იდგა პატრიარქის მკვლელობის მცდელობის უკან, ჩემი აზრით. ეს ქართველები _ მამა გიორგი მამალაძე იქნება თუ კიდევ სხვა იერარქიის წარმომადგენლები, ამ საქმეში პაიკები იყვნენ. რეალურად, საპატრიარქოს ხელში ჩაგდების დაკვეთა მოდიოდა იმ ბინძური ძალის მხრიდან. სააკაშვილის ასეთი უკანონო გადაადგილება პირდაპირი დემონსტრირებაა იმისა, რომ რაღაც სხვა მმართველობა არსებობს და ხალხის აზრი და პოზიცია აბსოლუტურად იგნორირებულია.
_ ამ ძალაში ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობს თუ საქართველოს საზღვრებს ცდება მისი გავლენა?
_ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ბირთვი იმ ძალის აგენტურა იყო. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის გავლით ხდებოდა ეს ყველაფერი ქვეყანაში, მაგრამ დამკვეთები იყვნენ გარედან, რომლებიც ცდილობდნენ, თუნდაც ნაციონალებისთვის დაებრუნებინათ ძალაუფლება, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ეკლესიაში პატრიარქის ერთგული სასულიერო პირებისთვის ძალაუფლების წართმევით. ეს იქნებოდა, ფაქტობრივად, გადატრიალება საპატრიარქოში იმ ე.წ. ლიბერალური ძალისთვის, რომელიც გარედან დღესაც იმართება.
_ თუ ყველაფერი მართლაც ასეა, გამოდის, იმ ძალას პატრიარქის შემცვლელი ჰყავს და ახლა საპატრიარქოში ასეთი ადამიანი არსებობს?
_ სამწუხაროდ, კი.
_ და ის მეუფე ანუ წმინდა სინოდის წევრია?
_ მეუფეზე ქვემო იერარქიაზე ვერ იქნებოდა პატრიარქობის კანდიდატი.
_ ვინ არის ის?
_ ამ საკითხზე საუბარი არ მინდა.
_ ...გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამა გიორგის გერმანიაში ჩასვლა მეუფე დიმიტრიმ სთხოვა, რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?
_ ამ საკითხს არ ვუღრმავდები, მეუფე დიმიტრიმ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ლოცვა-კურთხევა მისცა გერმანიაში ჩასვლაზე. ჩემი ინფორმაციით, ეს უნდა ყოფილიყო მამა გიორგის პირველი ვიზიტი პატრიარქის მოსანახულებლად და ნათელია, რისთვისაც მიდიოდა.
_ პატრიარქს მამალაძის განაჩენი არ შეატყობინეთ?
_ მასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. საერთოდ, იმდენად მძიმეა მისთვის ეს საკითხი, თუ თავად არ დამისვა კითხვა, საერთოდ ვერიდები ხოლმე ამ საკითხზე საუბარს.
_ ქალბატონო ნანა, რა ინფორმაცია გაქვთ, იმ ფინანსურ დარღვევათა შესახებ, რომლის სიის გადაცემასაც გიორგი მამალაძე პატრიარქისთვის აპირებდა?
_ ეს იყო აბსოლუტური ტყუილი, იმიტომ კი არა, რომ საპატრიარქოში რაიმე გადაცდომა არ ხდება. რასაც მამა გიორგი იძახდა, ალიბი იყო. ამით ხსნიდა, რომ ვითომ იდევნებოდა სიმართლისთვის. მაინტერესებს, სად არის კორუფციის რაიმე მტკიცებულება ან სია? რატომ არ აქვეყნებს მამა გიორგი? რაღა აქვს დასაკარგი, 9 წელი მიუსაჯეს... სიმართლე ისაა, რომ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს.
_ მოკლედ, პატრიარქის მკვლელობის მომზადება ხელისუფლებამ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებით შეცვალა?
_ ეს რომ პატრიარქის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, ეჭვიც არ მეპარება. ხელისუფლებამ თავიდან თქვა კიდეც, რომ ეს პატრიარქის მიმართ ხდებოდა.
_ და რატომ უნდა შეეცვალა საქმე ამგვარად?
_ ალბათ, მიიღო ზარი და ვინმემ უთხრა, შეეწყვიტათ ამ საკითხზე საუბარი. სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ საკუთარი დაცვა მოიხსნა და პატრიარქს გაუგზავნა, ეს ჩემთვის ამაღელვებელი ქმედება იყო. არც ერთი ხელისუფლებისადმი არანაირი სენტიმენტები არ გამჩენია და ეს რომ გააკეთა კვირიკაშვილმა, ვთქვი, როგორი კარგი ადამიანია-მეთქი. ცხოვრებაში პირველად ვთქვი ასეთი კარგი რამ ხელისუფლებაზე. რაც უნდა გააკეთოს კვირიკაშვილმა, ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში, რომ მან ეს პატრიარქის გადასარჩენად გააკეთა. ნუ მეტყვით, რომ შორენა თეთრუაშვილის გამო გააგზავნა საკუთარი დაცვა...
_ რადგან დაცვა ახსენეთ, გკითხავთ _ როგორ აფასებთ ფაქტს, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ მაშინ დატოვა, სანამ გამოძიება დასრულდებოდა?
_ მე სოსო ოხანაშვილის ოჯახთან, მის მეუღლესთან, მეუფე დიმიტრის შვილებთან ძალიან ახლოს ვარ და ჩემთვის ძნელია ამაზე ლაპარაკი. თუმცა, ის, რომ ადამიანი ქვეყნიდან გარბის... როდესაც ასეთი უმძიმესი ბრალდება არსებობს, ნებისმიერი სიკვდილს და სიმართლის დამტკიცებას ამჯობინებდა, ვიდრე გაქცევას. მისმა გაქცევამ ძალიან ბევრი რამ უთხრა საზოგადოებას.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში