Menu
RSS

5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენი გამოაცხადა. მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 18. 108 მუხლით მიესაჯა, რაც შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. არადა, პროკურატურა დეკანოზს ბრალდებას შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ანგარების მოტივით უყენებდა. საინტერესოა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია მოსამართლემ მკვლელობის მომზადების მოტივაციად შურისძიება? რისთვის უნდა ეძია შური დეკანოზს? ეს კითხვები ,,ვერსიას'' პასუხგაუცემელი დარჩა, რადგან პროკურორებიცა და ადვოკატებიც აცხადებენ, რომ სანამ განაჩენის სამოტივაციო წერილს არ გაეცნობიან, ვერ გვიპასუხებენ.
სასამართლო პროცესს არ დაესწრო თავად დეკანოზი მამალაძე. მოსამართლის განმარტებით, მან ახსნა-განმარტების გარეშე არ მოისურვა საპატიმროდან სასამართლოში მისვლა. სამაგიეროდ, პროცესს ესწრებოდა მისი ძმა, თორნიკე მამალაძე, რომელმაც განაჩენის მოსმენისას ცრემლები ვერ შეიკავა და მოსამართლეს მიაძახა: ,,მონა ხარ შენ, მოსამართლე!'' და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მასთან ერთად დარბაზი დატოვეს დეკანოზის ნათლულმა და მისმა ძმამ. მამალაძის პროცესს ესწრებოდნენ ასევე სასულიერო პირებიც.
სასამართლოს დასრულებისთანავე ,,ვერსია'' დეკანოზის ადვოკატებსა და პროკურორებს ესაუბრა. ადვოკატები აცხადებენ, რომ აბსოლუტურ გამამართლებელ განაჩენს ელოდნენ და საქმეს სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ. ადვოკატ პაატა მეხრიშვილის განმარტებით, მოსამართლემ მამა გიორგი მამალაძე გაამართლა ანგარებით მკვლელობის მომზადებაში და ბრალი დასდო შურისძიებით მკვლელობის მომზადებაში, რაც აბსოლუტურად ალოგიკურია: ,,აბსოლუტურად აუხსნელი და დაუსაბუთებელია, რა შურისძიება შეიძლება ამოძრავებდეს მამალაძეს თეთრუაშვილის მიმართ... დარწმუნებული ვარ, განაჩენში ეს დასაბუთება არ იქნება, რადგან მტკიცებულებებიდან ეს არ გამომდინარეობს. შეიძლებოდა მოსამართლეს ეთქვა, რომ ვერ მტკიცდებოდა ანგარების მოტივი და ბრალდება მოტივის გარეშე გამოეცხადებინა. თუმცა არ მესმის, რა მტკიცებულებებით მივიდა მოსამართლე ამ გადაწყვეტილებამდე, ეს სრულიად ბუნდოვანი და გაუგებარია. რაც შეეხება, იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებას, ამ ნაწილში მოსამართლემ დეკანოზი დამნაშავედ სცნო, მაგრამ მისჯილმა 9 წელმა მთლიანად შთანთქა იარაღის გამო მისჯილი ვადა.''
მოსამართლის გადაწყვეტილება დანაშაულის მოტივის ნაწილში გაუგებრად მიაჩნია ადვოკატ მიხეილ რამიშვილსაც, რომელმაც ,,ვერსიასთან'' საუბარში აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში სასამართლო არ არსებობს: ,,პარასკევს დამთავრდა სასამართლო პროცესი და ზუსტად სამ დღეში მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი თავიდანვე გაწერილი იყო. როგორც ჩანს, შეიკრიბა შორენა თეთრუაშვილის მხარე, იმსჯელა, როგორ გაემყარებინათ ეს სიტუაცია. გაირკვა, რომ თურმე საქმეში ანგარება არ არსებობს და შურისძიებაზე გადავიდნენ!'' ,,ვერსიის'' კითხვაზე, ,,ციანიდის საქმის'' განხილვის პროცესში, 7 თვის განმავლობაში, ნახსენები იყო თუ არა სიტყვა ,,შურისძიება'', რამიშვილი პასუხობს, რომ ეს სიტყვა არასოდეს ხსენებულა: ,,საინტერესოა, რომ თავიდან სწორედ 108-ე მუხლით წაუყენეს ბრალი და მერე 109-თი შეცვალეს. ვანკა-სტანკასავით დარბიან''.
მოსამართლის განაჩენის შეფასება ვთხოვეთ ,,ციანიდის საქმის'' პროკურორს ზვიად გუბელაძეს, რომელმაც განმარტა, რომ მოსამართლემ მათი ბრალდება სიმართლედ მიიჩნია და დაამტკიცა, რომ დეკანოზი მართლაც აპირებდა თეთრუაშვილის მოკვლას. გუბელაძეს ასევე ვკითხეთ, რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა იმ ,,ფინანსურდამრღვევთა'' სიით, რომლის გადაცემასაც გიორგი მამალაძე პატრიარქისთვის აპირებდა, რაზეც გვიპასუხა, რომ მიმდინარეობს გამოძიება გამოკვეთილ საქმესთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ფინანსურ მაქინაციებს სწორედ გიორგი მამალაძე ეწეოდა.
სასამართლო პროცესზე არ გამოჩენილა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც მოგვიანებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა და ,,მონიტორინგის შედეგად, აშკარად გამოიკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა. ხელი შეუშალა ბრალდებულსა და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში''.
სასამართლოს დასრულების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ასე რომ, ,,ციანიდის საქმის'' განხილვა მალე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.
თათია გოჩაძე

back to top