Menu
RSS

გაზეთმა, მისმა რედაქტორმა და ჟურნალისტებმა ბიზნესმენის სასარგებლოდ 5 000 ლარი უნდა გადაიხადონ!

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შესაბამისად, გაზეთ ,,ასავალ დასავალს'', მის რედაქტორსა და ჟურნალისტებს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება და გაზეთის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაეკისრა.
მამუკა ხაზარაძის იურისტების განმარტებით, თითქმის ერთი წლის მანძილზე, ,,ასავალ დასავალი'' გრძელვადიან, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებდა თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. გაზეთის ყველა ნომერში ქვეყნდებოდა ღირსების შემლახავი სტატიები ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას. სწორედ ამიტომ ფულადი კომპენსაციის გარდა, უზენაესმა სასამართლომ ,,ასავალ დასავალს'' დაავალა, რომ მის მიერ გავრცელებული ყალბი ცნობები გაზეთის იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით უარყოს, რა ფორმითაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.
რაც შეეხება ფულად კომპენსაციას, უზენაესმა სასამართლომ გაზეთ ,,ასავალ დასავალს'', მის რედაქტორსა და ჟურნალისტებს მორალური ზიანის სახით, სოლიდარულად დააკისრა სიმბოლური თანხის _ 5 000 ლარის გადახდა. თიბისი ბანკში განმარტეს, რომ ეს თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება!
 
თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ქეთი ქვარცხავას განცხადებით, დავა 2014 წლის თებერვალში, ბიზნესმენის სარჩელის საფუძველზე დაიწყო. მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს მიმართა, რადგან გაზეთ ,,ასავალ დასავალში'' მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციები ქვეყნდებოდა. საქმე სამ ეპიზოდს ეხება: პირველი _ თითქოს მამუკა ხაზარაძემ და თიბისი ბანკმა უკანონოდ მიისაკუთრეს კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქსი'', თავისუფლების მოედანზე მდებარე ,,ცეკავშირის'' შენობა, კომპანია ,,ბორჯომის'' აქტივები და ჰიპერმარკეტ ,,გუდვილის'' გაკოტრებასაც ცდილობს; მეორე _ თითქოს მამუკა ხაზარაძეა დამნაშავე, რომ 2014 წლის 21 მარტს, სოფელ გორაში პირმა თავი მოიკლა, რადგან თიბისი ბანკმა სესხი არ დაუმტკიცა; მესამე _ თითქოს 1989 წელს, მამუკა ხაზარაძე არბევდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებსა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნული მოძრაობის ლიდერ მერაბ კოსტავას.
როგორც ქეთი ქვარცხავამ განმარტა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შესაბამისი გამოკვლევისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ მამუკა ხაზარაძეს არავითარი შეხება არ ჰქონია ამ ფაქტებთან და სამივე ეპიზოდში გაამართლა:
,,სიტყვისა და აზრის თავისუფლება, საზოგადოების დემოკრატიული განვითარების საფუძველია. თუმცა იმავდროულად, არსებობს ადამიანის ღირსება, პატივი და საქმიანი რეპუტაცია, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს. პირის პატივისა და ღირსების წინააღმდეგ ინფორმაციის გავრცელების, ანგარიშსწორებისა და სიძულვილის რეალიზაციას კი საერთო არაფერი აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მედიას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას, ამიტომ ყალბი ცნობებით პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა დაუშვებელია. ეს პრეცედენტი ადასტურებს, რომ ადამიანის ღირსება, პატივი და კომპანიის საქმიანი რეპუტაცია კანონის ძალითაა დაცული! უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს უფლებები ხელშეუვალია!'', _ აღნიშნა ქეთი ქვარცხავამ.
თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განმარტა, რომ დაუშვებელია, ადამიანს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას ფიზიკური შეურაცხყოფა დააბრალო! მისი თქმით, უზენაესმა სასამართლომ ეს ფაქტი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე და შესაბამისი მტკიცებულებებით გამოიკვლია, დაიკითხნენ ის პირები, რომლებიც მერაბ კოსტავას გარემოცვაში იყვნენ, ნახეს ვიდეოები და დაასკვნეს, რომ ,,ასავალ დასავალის'' მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი იყო:
,,ამ გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ განსაზღვრა მედიის პასუხისმგებლობის ფარგლები ინფორმაციის გავრცელებისას, ასევე მედიის მიერ პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის დაუშვებლობა ყალბი ფაქტების გავრცელებით'', _ განაცხადა ზვიად კორძაძემ.
მაია მიშელაძე

back to top