Menu
RSS

როგორ მოკლა სიმამრმა ორი სიძე

სასჯელაღსრულების დაწესებულებას პენიტენციური, ანუ გამოსასწორებელი სისტემა ჰქვია. ნამდვილად ვერ გეტყვით, სტატისტიკა როგორია საზღვრებსგარეთ, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ქართულ ციხეში ცოტა ვინმე თუ გამოსწორებულა. ისტორია, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, საგარეჯოს რაიონში მოხდა.
რუსთავის #17 დაწესებულებაში ახალი პატიმარი მოიყვანეს. საგარეჯოელი ზურა მხიარული ბიჭი იყო. კარგი კახური იუმორი ჰქონდა და იმის გამო, რომ სასჯელს ქურდობისთვის უკვე მეორედ იხდიდა, არც გარემოსთან შეგუება გასჭირვებია.
_ ვა, პაპი, შენც აქა ხარ? _ ზურამ საგარეჯოელი პატიმრის დანახვაზე გაიღიმა.
_ ვერ გიცანი, შვილო, კარგად ვერ ვხედავ, _ უთხრა პატიმარმა, რომელსაც ასაკის გამო ყველა პაპის ეძახდა.
_ ჰეე, ვერან, შენს სიძეს ხომ კარგად დაუნახე შუბლის ჯვარი. ზურა ვარ, ზურა...- უთხრა ზურამ და პაპაც ღიმილით გადაეხვია.
_ ჰაა, სიძეების რისხვა... როგორა მყევხარ? ხომ არავინ გაბრაზებს? _ ღიმილით ჰკითხა ზურამ და იქვე მდგომმა პატიმარმა #0578-მა ყურები ცქვიტა, _ სიძეების?! ერთი სიძე არ მოკლა, კაცო, ამან?
_ ერთი ახლა, ერთიც ადრე... მესამე გოგოც ჰყავს, აცადე, გავიდეს, _ მხიარულად თქვა ზურამ და ფეხბურთის სათამაშოდ წავიდა.
_ შენ კიდევ მითხარი, საინტერესო არაფერი, ოჯახური კონფლიქტი იყოო, _ წყენით მიუბრუნდა #0578 პაპას.
_ ჰო, ესეც ოჯახური კონფლიქტი იყო და ისიც... ვიცი, მოსვენებას არ მომცემ, მერე ჩემთან შემოდი და მოგიყვები.
დაახლოებით ხუთ წუთში ბერიკაცთან ვიყავი.
_ ბიჭის ძებნაში სამი გოგო გავაჩინე, მაგრამ ცოლს ერთი უცნაური რამ სჭირდა _ პირველი რომ გააჩინა, შვიდი წელი მომიწია მეორის ლოდინმა, მეორის შემდეგ კიდევ 9 წელი. ასე რომ, უფროსი გოგო უმცროსზე 16 წლით დიდია. ჰოდა, უფროსი 20-ის რომ გახდა, მეზობელი სოფლიდან ითხოვა ბიჭმა. უყვარდათ ერთმანეთი და აბა, მე როგორ დავუშლიდი? ერთი ეგ იყო, სიძეს ვუთხარი, არ მიწყენინო, ხელი არ დაარტყა-მეთქი. გინებას კი, აბა, როგორ დავუშლიდი, კახელმა კაცმა ცოლს რომ არ შეაგინოს, ვერ მოისვენებს, არა ცხონდება. წლის თავზე შვილიშვილი მეყოლა. 40 დღე ჩვენთან იყო ჩემი გოგო. შინ რომ წავიდა, ორ დღეში ამობრუნდა თვალდასიებული _ ქმარმა სიმთვრალეში შემომარტყა, ბალღი რატო ტირისო... ავედი მძახლებთან, ისევ მთვრალი დამხვდა სიძე, ვერაფერი გავაგებინე და უკან რომ მოვდიოდი, შეშის ნაჭერი მესროლა. სროლა მასე არ უნდა-მეთქი და ნაჯახის ერთი მოქნევით გავუპე თავი შუაზე. მომისაჯეს რვა წელი...
„სროკიდან“ რომ გავედი, მეორე გოგო ორ თვეში გათხოვდა, ჩვენს სოფლელზე. ვუთხარი იმას, ხომ იცი, რისთვისაც მოვიხადე სასჯელი-მეთქი და ღიმილით მითხრა, კი, ვიციო. სიმთვრალე ჰქონდა იმ ბალღს ცუდი, მთელმა სოფელმა იცოდა, მაგრამ ჩემმა გოგომ აიჩემა, დამპირდა, აღარ დავლევო. აბა, დაპირება ვის შეუსრულებია და ყოველ მეორე დღეს ერთი ვაი-უშველებელი იყო. ერთ დღესაც მომადგა ჩემი გოგო, სახე არ უჩანდა, იგრე იყო გალახული. გული დამეწვა, მაგრამ ის სიმწარე, რაც ციხეში გავატარე, აღარ მინდოდა. ამიტომ შვილის ცემა გადავყლაპე. მეორე დღეს მოვიდა სიძე, ნათესაობა მოჰყვა. ბოდიშები იხადა და გაჰყვა ჩემი გოგო სახლში.
ერთ კვირაში უარესად ნაცემი მოვიდა. ვიფიქრე, ახლა აღარ გავატან-მეთქი. მესამე დღეს მოვიდა სიძე მთვრალი. ჯერ ჭიშკრიდან მაგინა, მერე ეზოში შემოვიდა და ამიკლო. თოფი გამოვიტანე შესაშინებლად, აივნიდან დავუმიზნე და იმან კიდევ შუბლი მომიშვირა, აბა, თუ მაგარი ხარ, მესროლეო?! იმის დასანახად ამოვიღე ჟაკანი, იმის დასანახად ჩავდე თოფში, თან, მთელმა სოფელმა იცის, კარგი მონადირე ვარ. შვილმა დამინახა, გავარდა ეზოში და გადაეფარა ქმარსა. იმან კიდევ, ერთი ისეთი შემოსცხო ჩემს გოგოს, მიწაზე გააცურა. ბევრი აღარ მიფიქრია და წარბებს შორის ჩავუსვი ჟაკანი და ღორივით დავაგდე. ახლა ათი წელი მაქვს მოსჯილი, _ დაასრულა მოყოლა პაპამ.
_ მესამე გოგო გათხოვდა? _ ჰკითხა #0578-მა.
_ მორჩილად არის მონასტერში, მონაზვნად მიდისო და არა მგონია, გათხოვდეს. ერთი შვილიშვილიღა დამრჩა პირველი სიძისგან და ეგ უნდა გავზარდო, თუ მეღირსა, _ თავი ჩაღუნა პაპამ, _ ქვრივი გოგოები კიდე ჩემთან არიან სახლში. ჩემი დედაკაცი მეუბნება, იმ ერთ ბალღს შეჰხარის ორივეო.
... გულის შეტევით მოკვდა პაპა „სროკზე“, არ ეღირსა მეორედ თავისუფლებაზე გასვლა...
პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში