Menu
RSS

პირველ სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანდის საქმის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. მართალია, დაკავებულმა დეკანოზმა და მისმა ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს, მაგრამ მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისთვის დრო ითხოვა. შესაბამისად, უცნობია, გიორგი მამალაძის ბედი როდის გაირკვევა...
დასკვნითი სხდომაც, ტრადიციულად, დახურული იყო. პროცესს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ მალე ყველა სავარაუდო დარღვევაზე დასკვნას გამოაქვეყნებს. კითხვაზე, როგორ განაჩენს ელოდება სახალხო დამცველი, ნანუაშვილმა განაცხადა: ,,იმედი მაქვს, სასამართლო ყველა იმ დარღვევას გაითვალისწინებს, რომელიც დაკავების დღიდანვე არსებობს და სამართლიან განაჩენს გამოიტანს''.
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილის თქმით, რომ თუ სასამართლო დეკანოზ მამალაძის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ეს კატასტროფა იქნება, რადგან საზოგადოება უსამართლობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
,,დეკანოზი დასკვნით სიტყვაში შეეხო ყველას _ შორენა თეთრუაშვილს, პროკურორებს, ჩინოვნიკებს და მათ გონიერებისკენ მოუწოდა; ასევე ფინანსურ დარღვევებსა და გარკვეულ პირებზეც ისაუბრა'', _ აღნიშნა რამიშვილმა.
,,დამრღვევთა სიაში'', სასულიეროს გარდა, საერო პირებიც თუ არიან? _ ამ კითხვაზე რამიშვილმა განაცხადა, რომ ინტერესი სასულიერო პირებზე მეტად, საერო პირებისგან მოდიოდა, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.
დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განგვიმარტა, რომ დეკანოზის ე.წ ფინანსური დარღვევების სიით ჯერ არავინ დაინტერესებულა და საქმე ერთ მათგანზეც არ აღძრულა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ ადვოკატების დასკვნითი სიტყვა ვარაუდს ეყრდნობოდა და არა ფაქტებს. მისივე განმარტებით, მოსამართლემ დეკანოზის მიმართ აუცილებლად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს, რადგან ყველა მტკიცებულება მის დანაშაულზე მიუთითებს.
პაატა მეხრიშვილი, დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატი: ,,თუ მოსამართლე დეკანოზს დამნაშავედ ანგარების გამო მკვლელობის მომზადებისთვის სცნობს, მაშინ 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის. არის თეორიული შანსი, რომ მოსამართლემ ჩათვალოს, მკვლელობის მომზადებას ადგილი კი ჰქონდა, მაგრამ არა _ ანგარების გამოო. ასეთ შემთხვევაში, დეკანოზს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. თუ მკვლელობის მომზადებაში დეკანოზი მთლიანად გამართლდება, დარჩება მხოლოდ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდება, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს''.
მეხრიშვილის თქმითვე, მოსამართლემ სამართლიანი განაჩენი უნდა გამოიტანოს და დეკანოზი უდანაშაულოდ სცნოს.
თათია გოჩაძე

back to top