Menu
RSS

„ეს ტერორისტული აქტია, რომელიც ამ კომპანიამ საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა“

„საქართველოს რკინიგზამ“ ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტი თვითნებურად შეცვალა და ზვარეს მინერალური წყლის საბადოს საფრთხე შეუქმნა
რკინიგზელების საპროტესტო აქციებისა და შიმშილობის ფონზე, ,,საქართველოს რკინიგზა'' ახალ სკანდალში ეხვევა _ ,,ვერსიისთვის'' ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ზვარეს მინერალური წყლის კომპანია ,,ზვარე'' სარჩელს ამზადებს და უახლოეს მომავალში ,,საქართველოს რკინიგზას'' სასამართლოში უჩივლებს. შპს ,,ზვარეს'' წარმომადგენლები ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებენ, რომ ,,საქართველოს რკინიგზამ'' საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე ბარბაროსული, ტერორისტული აქტი ჩაიდინა, რითიც ქვეყანას აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა.
ხარაგაულის რაიონ სოფელ ზვარეში რკინიგზის ახალი ხაზის გაყვანის გამო შექმნილი არაერთი პრობლემის შესახებ ,,ვერსია'' უკვე წერდა. ვწერდით, რომ ლიანდაგის მშენებლობის გამო, ადგილობრივ მოსახლეობასაც ექმნებოდა პრობლემა, ექსპერტები ეკოლოგიურ კატასტროფასაც პროგნოზირებდნენ და ზვარეს უნიკალური მინერალური, სამკურნალო წყლის საბადოც საფრთხის წინაშე დადგა. დაძაბული ურთიერთობა იყო სოფლის მაცხოვრებლებსა და იმ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შორის, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს. კონფლიქტის მიზეზი კი, პერიოდულად, სხვადასხვა გახლდათ _ მდინარის ნაპირის, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის ნაგავსაყრელად ქცევა, ტყის უკანონო ჩეხვა... პრობლემა შეიქმნა მშენებლობაზე დასაქმებულ ადგილობრივებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორისაც _ მუშები მათ ექსპლოატაციასა და უსაფრთხოების ნორმების არდაცვაში ადანაშაულებდნენ. მძიმე სამუშაო პირობების გამო, ისინი არაერთხელ გაიფიცნენ კიდეც.
მიუხედავად ყველაფრისა, პროექტი, ჩვეული ტემპით გრძელდება, სოფელში კი, უკვე შეიქმნა მეწყერული ზონა. სამწუხაროდ, ექსპერტების ვარაუდიც გამართლდა, და ,,ზვარეს'' მინერალური წყლის 3 ჭაბურღილი განადგურდა. ვითარებაში უკეთ გასარკვევად, ,,ვერსია'' სოფელ ზვარეს თავად ესტუმრა.
 
ზვარეში მისვლა მანქანით ადრეც ყოველთვის ჭირდა და სამანქანო გზის გაკეთებაზე, შეიძლება ითქვას, არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია. ის დრო, როცა სოფელში ხარაგაული-ნუნისის მიმართულებით ავტობუსი დადიოდა, კომუნისტურ წყობასთან ერთად დასამარდა. მხოლოდ მაშინ არ იყო ზვარე ,,მიუვალი''. ეს კი, დიდწილად იმის დამსახურება გახლდათ, რომ აქ ,,ზვარეს'' მინერალური წყლის ქარხანა გუგუნებდა. დღეს ქარხანა გაჩერებულია. რამდენიმე წელია ინვესტორებს მისი ამუშავება სურთ, მაგრამ გეგმებს ხელი რკინიგზის მშენებლობამ შეუშალა, რომელმაც საბადოს პრობლემა შეუქმნა. განადგურების პირას მყოფ საბადოში კი ფულის ჩადება რომ არავინ ისურვა, რა გასაკვირია.
სოფელ წიფიდან ზვარემდე რომ ჩააღწიოთ, ბედმა უნდა გაგიღიმოთ. აუცილებლად ,,ჯიპით'' უნდა იმგზავროთ და ნაწვიმარი არ უნდა იყოს. ,,ეს სოფლები საერთოდ მოწყდა გარესამყაროს; მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც რკინიგზის მშენებლობა დაიწყო _ იმხელა მანქანებს დაარიხინებენ, ეზიდებიან ტვირთს, ნაწვიმარი თუა, გაკეთდება გზაზე ორმო და არ არსებობს, მერე იმ გზაზე მსუბუქმა მანქანამ გავლა შეძლოს'', _ გვიყვება ადგილობრივი, რომელიც ჩვენს მძღოლს ორმოში ჩავარდნილი მანქანის ამოყვანაში მიეხმარა.
სოფელ მოლითში ერთი დიდი ჩინური დასახლებაა. კოტეჯებით, ჩინური კერძების სურნელით... ,,ეს დასახლება იმ კომპანიის წარმომადგენლებისთვის გაკეთდა, რომელიც აქ მუშაობს. ამბობენ, დროებითო, მაგრამ რას გაიგებ'', _ გვიხსნის მოლითის მკვიდრი და იმასაც ამბობს, ,,ჩინელებს კი არ ვემტერები, უკვე ვეჩვევით კიდეც მათთან თანაცხოვრებას, უბრალოდ, თავზე რომ წაგვაჯდა ყველა და გაგვინადგურეს მთა-ბარი, ეს მადარდებს''.
,,მთა-ბარის განადგურება'' გადამეტებული შეფასება რომ არაა, თავად დავრწმუნდით. რამდენიმე მთაში გვირაბია გაჭრილი. ზოგი მთა, მთლიანად მოხსნილია, მდინარე ზვარულა კი ალაგ-ალაგ ჩახერგილია, პატარ-პატარა ჩანჩქერები, რომლებითაც ადგილობრივები თავს აწონებდნენ დამსვენებლებს, გამქრალია. ზვარეში აფეთქებით ერთი მთის გაჭრის შემდეგ, მეორე მთა მოწყდა და მეწყერული ზონა შეიქმნა. ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც მიწაა დაძრული, ერთი სახლი დგას. როდის გამოეცლება მიწა, არავინ იცის. ამ სახლში ვინმე ცხოვრობს? _ დავინტერესდი. ,,არა, შვილო. გიჟი უნდა იყო, მანდ დაძინება შეძლო. გაიქცნენ პატრონები. მაგ სახლის ქვევით, მთის ფერდობზე ხალხს ყანები ჰქონდა. მთლიანად ჩაიტანა მეწყერმა მდინარეში'', _ მიხსნის ნუგზარი ბაბუ და მზერას მარიდებს, აცრემლებული თვალები რომ არ დავინახო. სამაგიეროდ, ნიკაპი უთრთის, ხმა უკანკალებს, თავს ძალას ატანს და თხრობას განაგრძობს _ ,,რაც ეს მშენებლობა დაიწყო, გადაგვარდა ყველაფერი. ხალხი გარბის სოფლიდან. საბავშვო ბაღი ალბათ საერთოდ დაიხურება _ მეწყერულ ზონაში მოექცა. გამგეობამ სკოლა გაგვირემონტა, მაგრამ რად გინდა, ზედ უნდა გადაიაროს ლიანდაგმა. მიმდებარედ თუ ვინმეს სახლი აქვს, ამბობენ, ფულს მისცემენ და გაასახლებენო. არადა, მიწები არ აქვს ხალხს გადაფორმებული და მოგვატყუებენ, კაპიკებს გადმოგვიგდებენო, დარდობენ. მდინარე გაქრა. თუ სადმე წააწყდები, რომ მოწანწკარებს, ცემენტისფერია. ჩემი სახლიდან რომ გამოიხედავდი, მთები ჩანდა... მოჭრეს და გაანადგურეს. კლიმატიც კი შეიცვალა _ ცხელა, ჰაერი აღარაა. მოსავალიც აღარ გვაქვს. აგერ, ჩემ მეზობელს სკები აქვს და ფუტკრებსაც კი, რაღაც ინფექცია შეეყარათ. განწირულები ვართ, შვილო. მარტოობისთვის და შიშისთვის ვართ განწირულები. ვისაც შანსი აქვს, გარბის. აქ გაჩერება სახიფათოა. ეს დაკარგული მდინარე როდის გაგვახსენებს თავს, არ ვიცით. მეწყერისაც გვეშინია''...
ეშინიათ იმისიც, რომ რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, უფულოდ დარჩებიან. დღეს აქ ადგილობრივების ნაწილი მშენებლობაზეა დასაქმებული. ავად თუ კარგად, ხელფასი აქვთ, მაგრამ დროებით. ,,მუდმივად'' კი, ლუკმა პურის ფულს, ზვარელები და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები, ზვარეს მინერალური წყლის ქარხანაში შოულობდნენ. ,,იყო ლაპარაკი, ინვესტორი უნდა შემოვიდეს და ქარხანა აღადგინოსო. გვიხაროდა, მაგრამ რკინიგზა საბადოებსაც ანადგურებს და ალბათ, აღარაფერი გვეშველება. ასეთი წყლის განადგურება, როგორ შეიძლებოდა? რას აკეთებს ხელისუფლება?'', _ უკვირს ნუგზარი ბაბუს.
,,საქართველოს რკინიგზამ'' ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან კონტრაქტი 2011 წელს გააფორმა, საერთაშორისო ტენდერის საშუალებით. დოკუმენტი ეხება ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას. ამ ობიექტზე, ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე ახორციელებს საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული ავსტრიულ-გერმანული კომპანია ILF და Deutshe Bahjm-ის კონსორციუმი. რკინიგზის მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტრომ გასცა და რა თქმა უნდა, დაეყრდნო, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ,,საპროექტო ცვლილებები ხორციელდება ზვარესა და ნუნისის მინერალური წყლების საბადოებიდან მნიშვნელოვანი მანძილების დაცილებით (2,5 და 4,5 კმ)... შესაბამისად, მინერალური წყლების საბადოებზე ნეგატიური ზემოქმედების რისკი მინიმალურია''.
სინამდვილეში, სარკინიგზო ხაზი საბადოზე პირდაპირ გადიოდა და მას საფრთხეს უქმნიდა. ამის გამო, ,,ზვარესა'' და ,,საქართველოს რკინიგზის'' წარმომადგენლებს შორის არაერთი მოლაპარაკება შედგა. საბოლოოდ, ითქვა, რომ ხაზი საბადოდან 15 მეტრით გადაწიეს, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც კი, არავის უნახავს. ფაქტი კი ფაქტად რჩება _ 3 ჭაბურღილი, უკვე განადგურებულია. დეტალების გასარკვევად, ,,ვერსია'' შპს ,,ზვარეს'' წარმომადგენელს, ერთ-ერთ მეწილეს, ჯამბულ ლურსმანაშვილს დაუკავშირდა.
_ ბატონო ჯამბულ, რა ვითარებაა დღეს ზვარეს მინერალური წყლის საბადოზე და რამდენ მეტრში გადის ჭაბურღილებიდან რკინიგზის ხაზი?
_ ზოგადად, ზვარეში ვითარება გაუარესდა. შეიქმნა მეწყერული ზონა. უშუალოდ ზვარეს საბადოზე კი მდგომარეობა კატასტროფულია. რკინიგზის ხაზი პირდაპირ მთავარ, 30-ე ჭაბურღილზე გადიოდა. გავაპროტესტეთ, შევხვდით რკინიგზის წარმომადგენლებს, გვითხრეს, რომ ხაზმა ამ ჭაბურღილიდან 15 მეტრით გადაიწია. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გვაქვს. ჩვენმა იურისტმა, რომელიც რკინიგზის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, არაერთხელ მიმართა ამ კომპანიას და გამოითხოვა საბუთები, მაგრამ პასუხიც არ მიგვიღია. სამი ჭაბურღილი (29-ე, 3P და ,,უცნობი ჭაბურღილი'') უკვე დამარხულია.
_ რკინიგზის ხაზის 15 მეტრით გადაწევის შემთხვევაში, მთავარ, 30-ე ჭაბურღილს საფრთხე მაინც ექმნება?
_ დიახ, მაინც დაბინძურდება. ზოგადად, დადგენილია ჭაბურღილების სამი სანიტარული ზონა. განსაზღვრულია, რომელ ზონაში, რა სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს. პირველ ზონაში ყველაზე მკაცრი მოთხოვნებია და აქ არავითარი სამუშაოს ჩატარება არ შეიძლება; მეორე ზონა, ჭაბურღილიდან 100-150 მეტრის დაშორებითაა და აქაც სამშენებლო სამუშაოები აკრძალულია. რკინიგზის მშენებლობა კი პირველ ზონაში მიმდინარეობს. დასკვნები, თავად გააკეთეთ.
_ როგორც ვიცით, შპს ,,ზვარე'' მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინვესტორებთან. დღესაც არის დაინტერესებული ვინმე ზვარეს ქარხნის ამუშავებით?
_ დაინტერესებული არის, მაგრამ მოლაპარაკება ძალიან რთულია _ რკინიგზის პროექტი საბადოს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს და ამ ფონზე, ნებისმიერ ინვესტორს გაუჭირდება გარისკვა.
_ 3 უკვე დამარხული ჭაბურღილიდან, დაახლოებით რა რაოდენობის მინერალური წყლის მოპოვება შეიძლებოდა?
_ ერთ-ერთიდან, დღე-ღამეში 15-16 ტონა, მეორედან _ დაახლოებით 7-10 ტონა. მესამე ჭაბურღილის წარმადობა კი, სადაც გოგირდოვანი, სამკურნალო წყალია, შესწავლილი არ არის. მთავარი 30-ე ჭაბურღილიც, შეიძლება ითქვას, განადგურების პირასაა _ მიწის ტყვეობაშია. მასზე შენობა-ნაგებობა გვაქვს გაკეთებული, სადაც ვეღარ შევდივართ. ჩახერგილია. განადგურებულია სამანქანო გზაც.
_ საქმის კურსში თუ ჩააყენეთ შესაბამისი უწყებები, მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტრო?
_ რა თქმა უნდა... იყვნენ კიდეც ჩამოსულები, მაგრამ ფაქტია, არაფერი იცვლება. პირიქით, ვითარება უარესდება.
_ თავის დროზე, მშენებლობის დაწყების ნებართვა სწორად გაიცა?
_ დიახ. ეკონომიკის სამინისტრომ გასცა ნებართვა მშენებლობაზე, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დაამტკიცა გარემოს დაცვის სამინისტრომ. ამ დოკუმენტში, შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს რკინიგზა, ზვარეს მინერალური წყლისა და ნუნისის საბადოებს არავითარ ზიანს არ მიაყენებს, რადგან რკინიგზა ზვარეს მინერალური საბადოდან პირდაპირი ხაზით გადის 2,5 კმ-ში. ყველა დოკუმენტშია ეს ჩანაწერი.
_ თუ გზშ-ში ასეთი ჩანაწერია, რკინიგზის ხაზი კი საბადოზე ან 15-მეტრის მოშორებით გადის, გამოდის, რკინიგზა კანონდარღვევით აწარმოებს სამუშაოებს?
_ დიახ, სავარაუდოდ, რკინიგზამ თვითნებურად შეცვალა პროექტი ისე, რომ არც ერთ შესაბამის უწყებას არ შეუთანხმა. სწორედ ამიტომ ვამზადებთ სარჩელს საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ, რომელსაც სასამართლოში უახლოეს მომავალში შევიტანთ. ახლა მხოლოდ ექსპერტების საბოლოო დასკვნებს ველით _ უნდა დაიანგარიშონ, რა ზარალი მიაყენა საქართველოს რკინიგზამ შპს ,,ზვარესა'' და სახელმწიფოს.
_ დაახლოებით შეგიძლიათ გვითხრათ, რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი?
_ თანხას, სანამ ექსპერტები არ დაითვლიან, ვერ დავასახელებ, თუმცა ,,ზვარესაც'' დიდი ზარალი მიადგა და სახელმწიფოსაც. ეს კოლოსალური, შეიძლება ითქვას, აუნაზღაურებელი ზარალია, რადგან ნადგურდება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი, წყლის უნიკალური საბადო. ჩემი აზრით, ,,საქართველოს რკინიგზამ'' ჩაიდინა, ბარბაროსული საქციელი, ტერორისტული აქტი სახელმწიფოსა და ქართველი ერის წინაშე.
შპს ,,ზვარეს'' წარმომადგენლის პოზიციას ამყარებს და მის მოსაზრებას, ფაქტობრივად, ადასტურებს დოკუმენტი, რომელიც ,,ვერსიამ'' მოიპოვა. საქართველოს რკინიგზის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის მე-9 გვირაბის დასავლეთ პორტალის პროექტში შეტანილი ცვლილებების გზშ-ს ახალ, საექსპერტო დასკვნაში, რომელსაც ხელს სამთო ინჟინერ-ჰიდროლოგი, დამოუკიდებელი ექსპერტი ირაკლი მიქაძე აწერს, ვკითხულობთ: ,,მშენებელმა კონტრაქტორმა, თვითნებურად შეცვალა თავდაპირველი პროექტი, შეიტანა მასში დაუსაბუთებელი ცვლილებები და საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად დაიწყო შეცვლილი პროექტით სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. საპროექტო ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარემოს, მათ შორის, ზვარეს მინერალური წყლის საბადოს, ექსკავირებული ქანებით დაიფარა საექსპლოატაციო ჭაბურღილები, რის გამოც, შეუძლებელი გახდა ჭაბურღილების შემდგომი ექსპლოატაცია. ხოლო თვით საბადოს შეექმნა დაბინძურების მნიშვნელოვანი საფრთხე. მინერალური წყლის #30 ჭაბურღილი და მისი დამცავი შენობა, მოქცეულია ახლად გაჭრილი საავტომობილო გზის ნაყარში, რის გამოც უხეშადაა დარღვეული საბადოსა და ჭაბურღილის პირველი სანიტარული ზონა; ამავე ჭაბურღილის მიმდებარე ტერიტორიასთან სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელია, დარღვეულია პირველი სანიტარული ზონა, დაბინძურებულია გარემო; მინერალური წყლის #29 ჭაბურღილი მოქცეულია მშენებელთა საცხოვრებელი სახლების წინ დაგებულ ბეტონის საფარში, რის გამოც ასევე უხეშადაა დარღვეული საბადოსა და #29 ჭაბურღილის I სანიტარული ზონა; მშენებლობის პროცესში ,,გაუბედურებული'' მინერალური წყლის (გოგირდწყალბადიანი შედგენილობის) ჭაბურღილი გამოსულია მწყობრიდან, მისი მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს ნაგავსაყრელს. ჭაბურღილის საშუალებით ხდება მინერალური წყლის ჰორიზონტის დაბინძურება. ამ შემთხვევაშიც უხეშადაა დარღვეული საბადოსა და ჭაბურღლის I სანიტარული ზონა; მშენებელ კონტრაქტორის მიერ დარღვეულია საქართველოს კანონი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ, რომლის თანახმად, I ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია ყოველგვარი სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ბუნებრივი სამკურნალო რესურსის გამოყენებასთან, მათ შორის საწარმოო ობიექტების მშენებლობა და სამთო და მიწის სამუშაოების შესრულება; თვითნებურად შეცვლილი პროექტით, სარკინიგზო ხაზის ვაკისის ქვეშ მოექცევა ზვარეს მინერალური წყლების საბადოს ტეროტორია და ამ საბადოს 4 ჭაბურღილი. სამუშაოების შეცვლილი პროექტით გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია საბადოზე შეუქცევადი ნეგატიური პროცესების განვითარება და მინერალური წყლის საბადოს სამუდამოდ დაკარგვა; სარკინიგზო ხაზი დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე მოექცევა მდ. ზვარულას კალაპოტში, რის გამოც შეცვლილი პროექტის თანახმად, საჭირო იქნება კალაპოტის დაღრმავება ან შეცვლა, რაც გარემოზე მნიშვნელოვან ნეგატიურ ზემოქმედებასთან იქნება დაკავშირებული; მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მდ. ზვარულას. ეს ტერიტორია მდებარეობს II სანიტარულ ზონაში, სადაც ქანების მდინარის კალაპოტის განთავისუფლების გამო, შევიწროვდა მისი კალაპოტი. ასეთივე მდგომარეობაა მდ. ნუნისის ხეობაში. დაზიანდა მდ. ზვარულას მარჯვენა სანაპიროს ფერდობი, სადაც მოჭრილია 8263 კვ.მ ტერიტორია, განადგურებულია მასზე არსებული მცენარეული საფარი, შეიქმნა მეწყერული და ეროზიული პროცესების განვითარების მაღალი რისკი.
ვასკვნით, რომ მშენებელ კონტრაქტორის მიერ პროექტის თვითნებური ცვლილებების შედეგად განხორციელებული სამუშაოები არაკანონიერია, ამ ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი გზშ-ს პროექტი ვერ პასუხობს მის წინაშე დასმულ ამოცანებს, გზშ-ში წარმოდგენილი შემარბილებელი ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს გარემოს და მათ შორის, ზვარეს მინერალური წყლების საბადოს დაცვას.
მიგვაჩნია, რომ მშენებელი კონტრაქტორი უნდა დაუბრუნდეს პირვანდელი პროექტის განხორციელებას, მოახდინოს გარემოზე მიყენებული ზარალის ანაზღაურება, მოიყვანოს წესრიგში უკანონო მშენებლობის შედეგად დაბინძურებული საბადოს ტერიტორია და გაწმინდოს იგი სამშენებლო ნარჩენებისგან. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს მინერალური წყლის საბადოს უსაფრთხო ფუნქციონირებას''.
ამ დოკუმენტს, როგორც ერთ-ერთ მტკიცებულებას, შპს ,,ზვარეს'' წარმომადგენლები აუცილებლად წარუდგენენ სასამართლოს, რომელსაც მოუწევს, უპასუხოს კითხვას _ ნამდვილად შეცვალა თუ არა ,,საქართველოს რკინიგზამ'' პროექტი თვითნებურად და მიაყენა თუ არა ამით საქართველოს სახელმწიფოს და შპს ,,ზვარეს'' ზარალი. ,,ვერსია'' სასამართლო პროცესებს თვალს მიადევნებს, ამ საკითხს მომავალშიც მიუბრუნდება და ყველა მხარის პოზიციასა და სიახლეებს აუცილებლად მოგაწვდით.
მარი ჩრდილელი

back to top