„ოპოზიცია აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში"-ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოლიტიკა

 

2023 წლამდე გადავადებული ევროპული პერსპექტივა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პერიპეტიები

 

თათია გოჩაძე

 

2022 წლის 17 ივნისს, ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი - მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს მას შემდეგ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12-პუნქტიან გეგმას. ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადა, თავდაპირველად, 2022 წლის დეკემბერამდე განსაზღვრაა, თუმცა შემდეგ, ამ ვადამ 2023-ის ბოლომდე გადაიწია ანუ საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხი მომავალი წლის დასასრულს გადაწყდება.

პარლამენტში მმართველმა ჯგუფმა შექმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი, რომლებიც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მუშაობენ. ამ პროცესში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს, რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილს - ისინი აღნიშნულ საქმიანობაში არ ერთვებიან და აცხადებენ, რომ მმართველი ძალის ზემოხსენებულ გეგმაზე მუშაობა ფორმალობაა და ხელისუფლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად ეფექტიან გეგმას ვერ წარადგენს... აღნიშნულ საკითხებზე, „ვერსია“ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

 

- 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, ვადა 2023 წლის ბოლომდე გვაქვს. „ქართული ოცნება“ რასაც ამბობს, იმას ნამდვილად გააკეთებს ანუ 12- პუნქტიან გეგმას იმ სათაურებით, რაც ევროპამ გადმოგვცა, დარწმუნებული ვარ, წარადგენს, ოღონდ, შინაარსობრივად როგორი იქნება, ეს ცალკე თემაა. ვნახეთ ოლიგარქიზაციის შესახებ კანონი... შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სახელი და გვარი  უნდა იყოს მითითებული, მაგრამ რა განცხადებებსაც მმართველ ძალაში აკეთებენ, რომ, თურმე, ეს ყველას ეხება, გარდა ივანიშვილისა, მიანიშნებს იმაზე, თუ რა ტიპის იქნება ეს კანონი. ამიტომ, მოლოდინი, რომ „ქართულ ოცნებას“ ისევე ესმის ეს თემები, როგორც ჩვენ და ევროპას, ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ სხვა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მმართველი პარტია - ის ამ პუნქტებს შეასრულებს, წავა დასავლეთში და შემდეგ დაიწყება ვენეციის კომისიასთან მუშაობის პროცესი და ასე შენდეგ, რაც გაგრძელდება მთელი წლის განმავლიბაში. ესაა „ქართული ოცნების“ მიზანი, რომ მომავალი წლის დეკემბრამდე გაწელოს დრო და არა - პუნქტები შეასრულოს ისე, როგორც საჭიროა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა იქნება, რომ 12 პუნქტი შესრულდა. ამიტომ, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ამას დაიწუნებენ და ამისგან რაღაც პროცესის შექმნას ცდილობს, მისთვის ეს წამგებიანია, რადგან პროცესს ოპოზიცია კი არა, მმართველი პარტია შექმნის და ოპოზიცია კიდევ ერთხელ აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში.

- რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ არ დარჩეს თამაშგარე მდგომარეობაში? რა ბერკეტი რჩებათ მოქმედებისთვის ოპოზიციურ პარტიებს? ისე, ახალ გაერთიანებას, ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეს, არც ენმ უერთდება და არც სხვა პარტიები..

- ეს საკმაოდ გაუგებარი გაერთიანებაა, როცა მათ ვუსმენ, ვერ ვიგებ, გაერთიანება რა შუაშია. თუ ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა აკეთონ, თურმე, ერთიან სიებზე და ბლოკზე ლაპარაკი არაა, მაშინ რატომ არის ეს გაერთიანება? ვუსმენდი მათ და ვერ გავარკვიე, რა შინაარსს დებენ ამ გაერთიანებაში.

- ევროკავშირში გაწევრიანებისა და 12-პუნქტიანი გეგმის სწორად შესრულების გარშემო გაერთიანდნენ, თავად ასე ხსნიან, ბატონო ვახტანგ...

- გაერთიანება ნიშნავს რაღაც ფორმას და ეს ფორმა რა არის, სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარია. როცა ამ გაერთიანების შესახებ გაჟღერდა, მოჰყვა პოლიტიკური განცხადებები, ამან ცოტა გამოაცოცხლა პოლიტიკური პროცესი, ოღონდ, მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბოლომდე გაცნობიერებული არავის არაფერი აქვს. უბრალოდ, ისროლეს რაღაც ლოზუნგი და ახლა იწყებენ შინაარსის ძებნას.

ნაციონალური მოძრაობისთვის გაერთიანება რომ მიუღებელია, სრულიად გასაგებია. ენმ-ს ჰყავს თავის ამომრჩეველი, არის მეორე პარტია ქვეყანაში და პირველი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, წვრილ პარტიებთან გაერთიანება მას არაფერს მოუტანს.

როცა ლაპარაკია სამოქმედო გეგმაზე, გაერთიანება მესმის ასე - წვრილმა პარტიებმა უნდა მოძებნონ ერთმანეთთან სალაპარაკო ენა, ოღონდ, მხოლოდ ასეთი მექანიკური შეერთება საკმარისი არაა, ამას გარკვეული პროცესი უნდა მოჰყვეს.

არ არის სწორი მოსაზრება, რომ დიდი გაერთიანება მოუგებს „ქართულ ოცნებას“, ელექტორატის მიხედვით უნდა შეაფასო რეალობა. თუ ასეთ ელემენტარულ რეალობას ვერ აანალიზებს ოპოზიცია, მაშინ, როგორ უნდა დავიჯერო, რომ ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანს ქვეყანას ეს ოპოზიცია?! არჩევნებით, გამოკითხვებით ცალსახად ჩანს, რომ ელექტორატი სამ კატეგორიად იყოფა: „ქართული ოცნების“ მომხრეები, ნაციონალური მოძრაობის მომხრეები და მესამე კატეგორია, რომელსაც არც ერთი მოსწონს და არც - მეორე. თუ ეს იციან, ხომ უნდა შეარჩიონ სამიზნე ჯგუფი, რომელიც სწორედ ისაა, რომ ეს მესამე კატეგორია მიიმხრონ?

- მოკლედ, მიიჩნევთ, რომ ამ სამი პარტიის გაერთიანება მესამე პოლიტიკურ ძალას ვერ შექმნის?

- რა თქმა უნდა, ვერ შექმნის. ლაპარაკი გაერთიანება/გამსხვილებაზე სწორია, მაგრამ არა ერთიან, დიდ, რაღაც კონგლომერატის შექმნაზე. პარტიებში უნდა გაჩნდეს ისეთი დაჯგუფებები, რომელთაც პრობლემა არ ექნებათ 5%-იანი ბარიერის დაძლევისა. ეს არის ძალიან კონკრეტული ამოცანა, ამისთვის აუცილებელია, წვრილი პარტიების გამსხვილება, მაგრამ არა - მექანიკურად. ეს საკმარისი არ იქნება, მაგრამ პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება, რის შემდეგაც, უნდა აუხსნან საზოგადოებას, თუ რას სთავაზობენ და რატომ იქნება უკეთესი, თუ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში.

- როცა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზეა საუბარი, საინტერესოა, რამდენად იმუშავებს პროტესტი - ქუჩის აქციები, საპარლამენტო ბოიკოტი და ასე შემდეგ, რათა ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, რომ 12- პუნქტიანი გეგმა შესრულდეს არა ფორმალურად, არამედ, შინაარსობრივად და ეფექტიანად?

- როცა ოპოზიცია მმართველ ძალას ადანაშაულებს, რომ არ ითვალისწინებენ ევროპელი პარტნიორების აზრს, ჩნდება კითხვა - თავად ოპოზიცია ითვალისწინებს?

- რას გულისხმობთ?

- მუდმივად იყო მოწოდებები, ჩაერთეთ ამ გეგმის შემუშავების პროცესშიო, ოპოზიცია კი ამტკიცებდა, რომ მათ ცალკე პროცესი ჰქონდათ. საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს ამ პუნქტებზე მუშაობა და კანონპროექტების მიღება, სად არის აქ ოპოზიცია, მონაწილეობს რამეში?

- შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს...

- პროცესი უნდა შექმნან - ამას ვგულისხმობ. ორი კაცი კი ამ პროცესს ვერ შექმნის. გვინახავს პარლამენტის სხდომები, როცა ოპოზიცია იყო ძალიან აქტიური, დღეს კი ოპოზიცია თითქოს არის პარლამენტში და არც არის...

- ბატონო ვახტანგ, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე, რუსთაველზე, ხალხის უპრეცედენტო რაოდენობა გამოვიდა. თუ ეს ხალხი 2023 წლის ბოლოს დაინახავს, რომ მმართველმა ძალამ ვერ შეასრულა სათანადოდ 12- პუნქტიანი გეგმა, ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტად იმოქმედებს?

- არა, ეს თემა ვერანაირად გახდება გადამწყვეტი, თუ ოპოზიცია დარჩება იმ მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა. ხელისუფლება მოსახლეობის 2/3-ს არ მოსწონს და მეტი რა უნდა ოპოზიციას? კიდევ რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს? ხელისუფლება საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და თუ ოპოზიცია იმ ვითარებაში დარჩება, როგორშიც დღესაა, ხელისუფლებას რატომ გაუჭირდება არჩევნების მოგება, წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ, ოპოზიცია კარგად უნდა მოემზადოს.

უამრავი ხალხი რომ გამოვიდა ევროპული ორიენტაციის მხარდასაჭერად, იქ მხოლოდ ოპოზიცია ხომ არ იყო? ხელისუფლების მხარდამჭერებიც იყვნენ, ესეც გასათვალისწინებელია. პროცესს თუ ვერ შექმნის ოპოზიცია, მისთვის იქნება ძალიან ცუდი. ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

პრობლემა ისაა, რომ უარყოფითი მუხტი გროვდება მოსახლეობაში და თუ არ მოიძებნა წარმმართველი ძალა, რომელიც ამ მუხტს მიმართულებას მისცემს, შეიძლება, გადაიზარდოს ქუჩის ქაოსურ პროტესტში, რაც დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვის. თავის დროზე, ივანიშვილის დამსახურება სწორედ ეს იყო, მან უარყოფით მუხტს მისცა მიმართულება, თორემ 2012-ში ისე რომ მოვსულიყავით, როგორც მაშინ ოპოზიცია იყო, ეს იქნებოდა ძალიან მძიმე ქვეყნისთვის. წესით, ყველაფერ ამაზე, ოპოზიცია უნდა ფიქრობდეს.