Menu

რატომ ასაღებენ პატიმრები თავს გიჟად და რატომაა უეფექტო იძულებითი მკურნალობა

რამდენიმე თვის წინ თბილისში შემზარავი ფაქტი მოხდა. ყიფშიძის ქუჩაზე ავტოსახელოსნოს თანამშრომელი, რამაზ მჭედლიშვილი მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი კონსტანტინე ლაშქარაშვილი მალე დააკავა და მისი სასამართლო პროცესიც ორიოდე დღის წინ დასრულდა.
განაჩენს საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. აი, რას ამბობს საქმის პროკურორი გოჩა ქორაია: ,,ბრალდების მხ¬არის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ გაითვალისწინა და კონსტანტინე ლაშქარაშვილი ცნო¬ბილ იქნა დამნაშავედ რამაზ მჭედლიშვილის განზრახ მკვლელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლ¬საწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში, ცივი იარაღის ტარებაში, ასევე განაჩენს დაემატა ლაშქარაშვილის მიერ წინა დანაშაულის მოუხდელი ნაწილი და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობაში მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვინაიდან დღეის მდგომარეობით ლაშქა¬რაშვილი ფსიქიურად დაავადებულია და მას არ შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი ქმედება, მოსამართლემ დაუნიშ¬ნა გამოჯანმრთელებამდე შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობა''...
ქვემოთ მონათხრობი ისტორია სრული სიმართლეა, მხოლოდ მსჯავრდებულის სახელია შეცვლილი. იგი დღესაც იხდის სასჯელს, მანამდე კი...
პატიმარ #0578-ის საკანში ერთი უცნაური პატიმარი იჯდა. ბაადურ თ. სასჯელს ადამიანის გატაცებისთვის, ყაჩაღობისთვის, საქონლის ქურდობისთვის და ძარცვისთვის იხდიდა. მოსამართლეს მისთვის წლები არ დაენანა და 19 წლით გაისტუმრა გისოსებს მიღმა, მაგრამ... ბოლო რამდენიმე თვე იყო, ბაადურს წინ და უკან დაატარებდნენ, ხან ფსიქიატრიულში მკურნალობდნენ, ხანაც ზონაზე.
,,შეგიძლია ამიხსნა, რა მიდი-მოდიში ხარ?'', _ ჰკითხა ერთ დღეს #0578-მა, როცა ბაადური ისევ ზონაზე დააბრუნს.
,,გიჟი ვარ, ძმაო, გიჟი. მაგას ვამტკიცებ და არ სჯერათ. აი, როცა საბოლოოდ დაიჯერებენ, უნდა გამიშვან და ჩიტივით თავისუფალი ვიქნები'', _ გაუღიმა ბაადურმა.
,,და არ სჯერათ? მოიყვანე, მეც დავუდასტურებ, რომ გიჟი ხარ. მთელი ღამე წინ და უკან დადიხარ, რაღაც ძლიერ აბებს გასმევენ და შენი უმიზეზოდ გაგიჟებაც მინახავს, უკონტროლო ხარ. ისე, ხუმრობა იქეთ იყოს და რაღაც პროგრამებია, უფასოდ შეგიძლია იმკურნალო და იმკურნალე, რა'', _ გულწრფელად უთხრა #0578-მა.
,,აქედან გამიშვან და მერე მივხედავ თავს'', _ უთხრა ბაადურმა.
,,სად აპირებ მკურნალობას?'' _ დაინტერესდა #0578.
,,რა მკურნალობას, ბიჭო? მოწოდებით ყაჩაღი ვარ, მოძალადე. აქედან რომ გავალ, ისევ ძველ საქმეს დავუბრუნდები, ოღონდ უფრო ჭკვიანურად, რომ აღარ დამიჭირონ'', _ თითქოს მუქარით თქვა პატიმარმა.
,,მომისმინე _ 5 წელია სასჯელს იხდი და დამიჯერე, ამ ხუთ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა. რომ გგონია, ჭკვიანი ხარ, პოლიციაც დაჭკვიანდა, უფრო მაღალ ტექნოლოგიებზეა გასული და მერწმუნე, ისე მარტივი არ არის, წახვედი, იყაჩაღე, გაიტაცე, გაძარცვე... მაგას ევროპაში წასვლა გირჩევნია, იქ რამე საქმე ნახო, თორემ აქ თუ ხელი წაგიცდა, ხომ ხედავ, რა ლიანდაგივით სროკებია'', _ უთხრა #0578-მა.
,,ეგ მე ვიცი, რა და როგორ, მეტს კი არაფერს ვაკეთებ, სულ ვფიქრობ, როგორ მოვიქცე. პოლიციას თუ ვერ ვაჯობე ჭკუაში და... მთავარია, აქ გიჟად ჩამთვალონ, გამიშვან და გარეთ იძულებითი მკურნალობა დამინიშნონ. ბოლოს და ბოლოს, ერთ დღეს საკუთარი განავალით რომ ვიგუნდავებ, გამიშვებენ, აბა რა იქნება?!'' _ თვალი ჩაუკრა ბაადურმა #0578-ს.
ვერ გეტყვით, როგორ, მაგრამ ბაადურს სასჯელი მართლა აპატიეს და მკურნალობა თავისუფლებაზე დაუნიშნეს. ბავშვივით გაუხარდა გარეთ გამოსვლა, #0578-იც მოინახულა, ჯიბიდან ფულის დასტა ამოიღო, დაანახა და თვალი ჩაუკრა, გვერდში დამიდექი და არაფერი მოგაკლდებაო. #0578-მა ჯერ ფულს დახედა, მერე გაიღიმა, ბაადურს თავისი შვილები დაანახა და უთხრა, ეს ქონებაც მყოფნის და მინდა, დიდ ხანს ვუყუროო. ამ ამბიდან ნახევარი წელი გავიდა, ბაადური #0578-ს აღარ შეხმიანებია, ერთ საღამოს კი საინფორმაციო გამოშვებაში გამოაცხადეს, საბურთალოს რაიონში სუპერმარკეტის ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელსაც მარკეტიდან გატაცებული ასი ლარი და პირადი თანხა, ორი ათასი დოლარი ამოუღესო. დაკავებული ბაადურ თ. აღმოჩნდა.
,,ორი ათასი დოლარი თუ ჰქონდა, რა ესუპერმარკეტებოდა?'' _ სასამართლო პროცესის წინ #0578 დაკავებულის ძმას ესაუბრებოდა.
,,რა ვიცი... მე მოწოდებით ვარ ყაჩაღიო, ამას ამბობდა და ორი ათასი კი არა, მილიონი რომ ჰქონოდა, მაინც იყაჩაღებდა. რას იზამენ ახლა, გაწირავენ?'' _ ჰკითხა ძმამ.
,,ჩემი ნება რომ იყოს, სამუდამოს მივცემდი. ის ტყვია, მარკეტში რომ ისროლა, საბედნიეროდ ყველას ასცდა, მაგრამ შეიძლება არ აცდენოდა და მაგ ასი ლარის გულისთვის ვიღაც უნდა მოეკლა. ეგ თავისუფლებაზე ისევ მოკლავს ვიღაცას, ამიტომ... შენი ძმა კი არის, მაგრამ ჩემიც რომ იყოს, იგივეს ვიტყოდი. არაა მაგის ადგილი გარეთ'', _ უთხრა #0578-მა და სასამართლო სხდომაზე აღარ შესულა. მერე გაიგო, ბაადურს მოსამართლემ ყაჩაღობისთვის შვიდი წელი მისცა და იარაღის უკანონო ტარების გამო, ორი წელი დაუმატა. სულ ცხრა წელი, თუმცა სააპელაციომ ერთი წელი ჩამოაკლო და საბოლოოდ რვა წელი დაუტოვა.
* * *
დღეს ბაადურ თ. ისევ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იხდის სასჯელს და ისევ ცდილობს, ექიმები დაარწმუნოს, რომ გიჟია. ვერ გეტყვით, რამდენად მოახერხებს ამას უკვე მეორედ, მაგრამ როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, დიდი იმედი აქვთ, მკურნალობას გარეთ აიძულებენ. ასეთ შემთხვევაში კი გარეთ კიდევ ერთი ,,მოწოდებით მოძალადე'' გამოვა და... ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ რამაზ მჭედლიშვილის მკვლელისთვის დანიშნული იძულებითი მკურნალობა (უკვე მეორედ) ამ ისტორიას ძალიან, ძალიან ჰგავს.
პატიმარი #0578

back to top