Menu

რა დარღვევები აღმოაჩინეს „მწყემსის საქმეში“ ახალგაზრდა იურისტებმა

საგარეჯოდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი სამართალდამცავებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში, მამის საცხოვრებელ სახლში იპოვეს და რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. სოფელ წყაროსთავში მცხოვრებ 15 წლის მოზარდს საგარეჯოს პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. როგორც დაკარგულის ახლობლები აცხადებენ, არასრულწლოვანი საგარეჯოს სოფელ უდაბნოს ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა, საიდანაც მოულოდნელად გაუჩინარდა.
პოლიცია განმარტავს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პირი უგზოუკვლოდ დაკარგულად მაშინ ჩაითვლება, თუ მისი ადგილსამყოფელი 5 დღეზე მეტ ხანს ვერ დადგინდა. გამოძიებაც სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ იწყება, ამიტომ სამართალდამცველები მხოლოდ სამძებრო სამუშაოებში იყვნენ ჩართულნი, ისე რომ ძიება არ დაწყებულა.
ახალგაზრდის ოჯახი ამბობს, რომ ფერმის მეპატრონემ მოზარდი სამუშაოდ მათთან შეუთანხმებლად წაიყვანა, რის გამოც ბავშვის უფლებები დაირღვა. მშობლები აღნიშნავენ, რომ მის მწყემსად მუშაობას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი მტკიცებით, ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირს, მაგრამ ამის მიუხედავად, არ სურდათ ბიჭს ასეთი სამუშაო შეესრულებინა. საპირისპიროს ყვებიან მეზობლები. მათი ინფორმაციით, მოზარდის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოჯახს ჰქონდა და ჟურნალისტებს არასწორი ინფორმაცია მიზანმიმართულად მიაწოდეს. მათი თქმით, ახალგაზრდამ ფერმიდან ცხენი და სხვადასხვა ნივთები მოიპარა და დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში მამასთან მალულად წავიდა.
როგორც თავად მოზარდი ჰყვება, ფერმაში ცუდად ექცეოდნენ, ამის გამო გადაწყვიტა, მეზობელ რაიონში, მამასთან წასულიყო და თავი იქ შეეფარებინა. ცხენიც ტრანსპორტირების გაიოლების მიზნით წაიყვანა და მისი მოპარვა, ან მითვისება არ უცდია. დამალვით მხოლოდ ფერმის მეპატრონეებს დაემალა და არა ოჯახს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ 112-ში შეტყობინება შევიდა. საგარეჯოს რაიონულმა პოლიციამ გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. გამოძიებამ სოფელ ზემო ქედში ნივთმტკიცებად ამოიღო ორი ცხენი, რომელიც მოზარდს თან ჰყავდა, თუმცა ფერმის საკუთრებაა. ამის გამო საგარეჯოს რაიონულ პოლიციაში ამბობენ, რომ 15 წლის იოსებ გიგაურის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, რადგან ფერმის მეპატრონემ პოლიციას მიმართა და მწყემსი ქურდობაში დაადანაშაულა.
მოზარდის დედა დოდო ბეშიტაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ფერმის მეპატრონეს მწყემსისთვის ხელფასის გადახდა არ სურს და პოლიციაში სწორედ ამ მიზეზით ჩივის: ,,ჩემი შვილი კი არა, ფერმის პატრონი უნდა დაისაჯოს. ბავშვი ნაცემი და დაშინებულია, რომ ასე ილაპარაკოს. მოვითხოვ, სადაც მუშაობდა, მათ აგონ სათანადო პასუხი. ხელფასი რომ არ გადაიხადონ, ამიტომ ბავშვს აშინებდნენ, სცემეს და გააქციეს, ახლა კი აქეთ ადანაშაულებენ“.
საქმის განსაკუთრებულობის გამო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქმეში საკუთარი სურვილით ჩაერთო. ხელმოკლე ოჯახი არასრულწლოვანის უფლებების უსასყიდლოდ დაცვის საკითხს სიხარულით დათანხმდა და საია-ს იურისტი ლევან ვეფხვაძე გიგაურის ინტერესების დაცვას შეუდგა. ადვოკატი „ვერსიასთან“ საუბრისას პროცედურულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის გამოკითხვის დროს პოლიციის შენობაში არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი: ,,ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი, ბრალს წაუყენებენ თუ არა. ველით პროკურორის გადაწყვეტილებას. ადვილი შესაძლებელია ბრალი არც წაუყენონ და განრიდება გაუფორმონ. პროცესში საია ჩაერთო, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს საქმე უნდა გამოიძიონ არა ერთ ეპიზოდად, არამედ კომპლექსურად და უპირველესად ის დეტალები უნდა შეისწავლონ, არასრუწლოვნის მიმართ ხომ არ ჰქონდა ადგილი არასათანადო მოპყრობასა და უკანონო ქმედებებს, როგორც ფერმაში მუშაობის პერიოდში, ისე პოლიციის განყოფილებაში. საკითხს ვსწავლობთ სრულყოფილად და დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ზოგადად, პროცედურული დარღვევები იყო. პოლიციაში გადმოყვანისთანავე მოზარდს ადვოკატის ყოლის უფლება არ განუმარტეს. კანონიერ წარმომადგენლად დაუნიშნეს სოციალური მუშაკი მაშინ, როცა მისი ოჯახის წევრები იქვე, შენობასთან იმყოფებოდნენ. გასაგებია, რომ შესაძლებელია ასეთ დროს სოცმუშაკი ჩართონ, თუმცა უპრიანია ოჯახის წევრს მისცემოდა ამის საშუალება. ამასთან, არასრულწლოვანს გამოკითხვისას არ განემარტა, რომ უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე. საბოლოოდ, გვაქვს მოლოდინი, რომ ბრალს არ წარუდგენენ და განრიდებას გააფორმებენ. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ორი ცხენი წაიყვანა. სინამდვილეში, მან კვიცი ფერმაში დატოვა“.
პროკურატურა დეტალების მოკვლევას განაგრძობს, ჯერ კიდევ უცნობია ექსპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ჰქონდა თუ არა ადგილი არასრულწლოვანის მიმართ ფიზიკურ ძალადობას.
ილია მარტყოფლიშვილი

back to top