Menu

„ძმაკაცს უყვარდა, მოვიტაცეთ, დავთვერით და სამივემ ვიძალადეთ...“

იყო დრო, საქართველოში გოგოს მოტაცება ისეთივე ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა, როგორც მაგალითად მაღაზიაში პურის ყიდვა. საბედნიეროდ, ეს ერთგვარი მოდა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა, მაგრამ საუბედუროდ, ბოლომდე არ გადაშენდა და რეგიონებში ახლაც ხშირია მოტაცება. უფრო კონკრეტულად კი, იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა სჭარბობს. სამწუხაროდ, ძირითადად არასრულწლოვნებს იტაცებენ, რაც მთლიანად ცვლის მათ მომავალს _ გოგონები განათლებისა და კარიერის გარეშე რჩებიან. არიან ისეთებიც, ვინც ჩივის და მომტაცებელი ციხეში მიდის, თუმცა ასეთი შემთხვევა ათიდან ერთია. თუ ოჯახი გოგოს 24 საათის განმავლობაში ვერ პოულობს, მას შემდეგ უკან თავადაც აღარ იბრუნებს, რადგან მონატაცები და 24 საათის განმავლობაში ბიჭთან ნამყოფი გოგოს სამომავლოდ გათხოვების შანსი მინიმალური, მეტიც ამგვარ რეგიონებში საერთოდ ნულის ტოლია...
,,ბიჭო, ერთი ეს ამიხსენით, სამი აზერბაიჯანელი რომ მოვიდა და მაშინვე ,,საქათმეში'' გაუშვით, რა დააშავეს ასეთი? როგორც ვიცი, გოგოს მოტაცებაზე სხედან და განაჩენში რომ გაუპატიურება წერია, სხვას რას დაწერდნენ აბა?'' _ პატიმარი #0578 ზონის მაყურებელს ესაუბრებოდა.
,,მე არ მცალია და მიდი, შენ ჰკითხე. კახელი ,,აზერები'' არიან ეგენი, მგონი კაბალიდან ან სადმე იქიდან და ქართული სუფთად იციან. მერე მოდი და თუ ისევ იმავე აზრზე იქნები, გამოვიყვანოთ ,,საქათმიდან'', ,,კაზლიატნიკში'' გავუშვათ'', _ თვალი ჩაუკრა მაყურებელმა.
,,ეგრე არ ხდება, ,,საქათმეში'' ნამყოფს ,,კაზიოლებიც'' არ მიიღებენ'', _ უთხრა #0578-მა და მაყურებელსაც გაეცინა: ,,ხომ ხედავ, სწავლობ აქაურ წესებს. ჰო, არ მიიღებენ და არც არის საჭირო, ,,საქათმეს'' იმსახურებენ ეგენი. ახლა წავედი, ახალი ეტაპია მოსული და კამერებში უნდა გავანაწილო'', _ დაასრულა მაყურებელმა და გეზი იმ ოთახისკენ აიღო, სადაც ახალი პატიმრები თავის რიგს ელოდნენ.
,,რა გქვია?'' _ #0578 აზერბაიჯანელ პატიმარს მიადგა.
,,რაშადა'', _ ცოტა არ იყოს დამფრთხალმა უპასუხა რაშადამ.
,,რაზე ზიხარ?'' _ შეუბღვირა #0578-მა.
,,გოგო მოვიტაცეთ და... დაგვიჭირეს'', _ ისევ დაბნეული იყო აზერბაიჯანელი პატიმარი.
,,საქათმეში'' მაგის გულისთვის გაგიშვეს? აქ კიდევ ორი ,,აზერი'' ზის მოტაცებაზე, მაგრამ ჩვეულებრივ კამერაში არიან და თქვენ რა გეტაკათ?'' _ უთხრა #0578-მა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, რადგან რაშადა მოტრიალდა და მოკურცხლა.
,,რა უთხარი?'' _ შეუბღვირა #0578-ს საიდანღაც გამოჩენილმა ზედამხედველმა.
,,არაფერიც არ ვუთხარი, ცოტა შიგ აქვს მაგას'', _ უპასუხა #0578-მა და ზედამხედველსაც გაეცინა: ,,საქათმეში'' ზის და ექნება, აბა არა?!'' #0578-მა აღარაფერი უთხრა და მაყურებლების კამერაში წავიდა.
,,არ მეტყვით, რა ხდება? ,,ვებაზრე'' იმ ,,აზერს'', რაშადა თუ რაშიდა ჰქვია და გამექცა. ,,ქათმის'' დევნას ხომ არ დავიწყებ ,,პლაცზე'' და მითხარით, რა ხდება?'' _ შესვლისთანავე უთხრა მაყურებელს.
,,აუ, შენ რომ კაცს გადაეკიდები რა... ,,სირები'' არიან ეგენი. გოგო მოიტაცეს, დათვრნენ და რიგრიგობით სამივემ იხმარა. გაიგე ახლა? გამოფხიზლებულზე ვერაფერი მოიფიქრეს და გოგო უკან დააბრუნეს, ქალიშვილი არ იყოო. ოჯახმა იჩივლა, ექსპერტიზა და რამე, დაამტკიცეს სიმართლე და სამივე სროკზე გამოუშვეს'', _ აუხსნა მაყურებელმა.
,,ის გოგო?'' _ შეწუხდა #0578.
,,რა ის გოგო? მე რა ვიცი ის გოგო. ზის ალბათ სახლში და სახეს იხოკავს. გამოართვი მისამართი, გაუგზავნე წერილი და გაიგებ'', _ გაუკვირდა მაყურებელს.
მეორე დღეს #0578 ისევ რაშადასთან მივიდა: ,,მომისმინე, ბიჭო. ახლაც თუ გაიქცევი, ხვალ შტირს მოვიტან და შენს ნაწლავებს განახებ. გაიგე?! რომ გეკითხები, მიპასუხე, რისთვის ხარ დაჭერილი და დეტალებში მომიყევი შელამაზების გარეშე. ძირითადად მომიყვა უკვე ზონის მაყურებელი და ისე არ ქნა, იმის მონაყოლს არ დაემთხვეს, თორემ ვიტყვი, რომ მაყურებელი იტყუება შენი ვერსიით და ,,საქათმე'' მოგენატრება. გაიგე-მეთქი?!'' _ ხმას აუწია #0578-მა და რაშადამ ტირილი დაიწყო. პატიმარი დაელოდა, სანამ ტირილს მორჩებოდა, შემდეგ ჩაიკუზა და ანიშნა, დაიწყეო.
,,მე არაფერ შუაში ვარ. მართლა... ელმანამ მოიტაცა გოგო, უყვარდა და წავიყვანეთ ტყეში...''
,,ტყეში რატომ წაიყვანეთ, წითელქუდა იყო?! თუ უყვარდა იმ ემანუელას, სახლში ვერ წაიყვანა?'' _ გააწყვეტინა #0578-მა.
,,ელმანა... სახლში მიპონვიანო, ბიძებთანაც მიპოვნიანო და ტყეში წავედით. იქ ვიმალებოდით. მერე დავლიეთ და ელმანა მანქანაში ჩაჯდა იმ გოგოსთან ერთად. ის გოგო კიოდა, მაგრამ ტყეში ვიყავით, რა. მე და ჩამრანა არაყს ვსვამდით. ელმანა მალე მოვიდა, კიდევ დალია და დაიძინა. ჩამრანამ თქვა, მცივაო და მანქანაში ჩაჯდა, მეც დავიძინე. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, ჩამრანამ გამაღვიძა, მანქანაში ჩაჯექიო. რა ხდება-მეთქი და მიდიო. ჩავჯექი და ის გოგო ტიროდა, ჩამრანამ გამაუპატიურაო. ელმანამაცო. შემეშინდა და გავიქეცი... ბიჭები დამედევნენ და დამაბრუნეს. ელმანამ თქვა, შენც უნდა იხმარო, თორემ მოგკლავო, რა უნდა მექნა, ჩავჯექი მანქანაში და... მერე გვიჩივლეს და დაგვიჭირეს. ქალიშვილი არ იყოო, ელმანა იძახდა, მაგრამ ექსპერტიზამ თქვა, იყოო. მე არ ვიცი იყო თუ არა...'', _ დაასრულა მოყოლა რაშადამ.
,,ახლა სადაა ის გოგო?''
,,სახლშია. გათხოვდება მერე სხვა სოფელში'', _ ჩუმად თქვა აზერბაიჯანელმა პატიმარმა.
,,შენ რა იცი?'' _ გაუკვირდა #0578-ს.
,,ასე ხდება ხოლმე. ვიღაც ასაკიან კაცს მოუკვდება ცოლი და წაიყვანს ამ გოგოს ცოლად, რომ მოუაროს'', _ აუხსნა რაშადამ.
,,რამდენი წლის იყო?''
,,არ ვიცი, სკოლიდან მოვიტაცეთ ისე...''
,,ის ორი სირი სად არის?''
,,აქ არიან ისინიც. მე ძალით მაქნევინეს, არ მინდოდა...'', _ თავის მართლებაზე გადავიდა რაშადა.
,,რამდენი წელი მოგცეს?'' _ დაინტერესდა #0578.
,,რვა წელი თითოს და ოთხი პირობითი'', _ უთხრა რაშადამ.
,,ჰოდა, იმედია, თქვენ არავინ შეგიწყალებთ და ვადაზე ადრე არ გაგიშვებენ. ამ რვა წელში კი გაატარებთ კარგ დღეებს საქათმეში და... უხ, მე თქვენი...'' _ შეუკურთხა #0578-მა და კამერისკენ წავიდა.
პატიმარი #0578

back to top