Menu
RSS

სპეცრეპორტაჟი დეკანოზის სასამართლოდან _ დეტალები, რაც ტელევიზიით არ გინახავთ

5 მაისს, საუკუნის პროცესი დაიწყო _ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სამმა პროკურორმა საზოგადოებრივი მორალის, ეროვნული უსაფრთხოების, პირადი ცხოვრებისა და საპატრიარქოს იმიჯის დაცვის საბაბით, სხდომის დახურვა კატეგორიულად მოითხოვა. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებისვე განმარტებით, მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ქცევა და ქმედებები კი სასულიერო პირისთვის შეუფერებელია, ამიტომ საქმის დეტალების ღიაობამ შეიძლება, ადამიანებს რწმენა და მორალი შეურყიოსო. დაცვის მხარე პროკურორების მოთხოვნას არ დაეთანხმა და სხდომის ღიაობა ან უკიდურეს შემთხვევაში, ნაწილობრივ დახურვა მოითხოვა. ამასთან, სასულიერო პირის ადვოკატებმა აბსურდი უწოდეს პროკურატურის არგუმენტს, რომ სხდომის ღიაობის შემთხვევაში, მოწმეები თავისუფლად ვერ ისაუბრებენ და მათ შესაძლოა საფრთხე შეექმნათ. ,,ამ სამი თვის განმავლობაში, საქმის არც ერთ მოწმეს, მათ შორის, არც ,,ოქროს მოწმე'' ირაკლი მამალაძეს საფრთხე არ შექმნია'', _ აღნიშნეს ადვოკატებმა. მოკლედ, ბრალდებისა და დაცვის მხარის ცხარე პაექრობის შემდეგ, მოსამართლე ბადრი შონიამ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და... ჟურნალისტებსა და საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას დარბაზი დაატოვებინეს... ისე, ედიშერ ქარჩავა სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო და ამბობდა, უფრო სამართლიანი იქნება, საქმის განხილვა ნაწილობრივ დახურული იყოსო.
_ პროკურატურა საპატრიარქოს იმიჯის შელახვის საშიშროებას არგუმენტად ტყუილად ასახელებს. ჩვენს ინტერესებში, პირველ რიგში, მოვლენათა გამჭვირვალობა შედის, _ ამტკიცებდა ქარჩავა.
სხვათა შორის, წინასასამართლო სხდომაზე საპატრიარქოდან მხოლოდ ქარჩავა მოვიდა. ყოველ შემთხვევაში, სასულიერო პირისთვის თვალის არავის მოუკრავს, რაც დეკანოზის მამალაძის გულშემატკივრებმა, სასამართლო სხდომის დახურვის მსგავსად, გააპროტესტეს.
_ როცა ქრისტეს ჯვარს აკრავდნენ, მასთან რამდენიმე მღვდელმსახური მივიდა და გვერდით დაუდგა, მამა გიორგი კი განსაცდელში მარტო დატოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმებულად მოქმედებენ და მამა გიორგი განტევების ვაცად სჭირდებათო, _ ცხარობდა დეკანოზის ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელსაც კვერი შუახნის ქალბატონმაც დაუკრა და აღნიშნა, მამა გიორგის დედა მძიმე მდგომარეობაშია და ოჯახი განადგურდაო.
ისე, დეკანოზის ოჯახის წევრებს სახელმწიფო დაცვა ემსახურება და დარბაზიდან ისე გაიყვანეს, ჟურნალისტებმა მათთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ...
სხდომა ხმაურით დატოვა მამალაძის მეგობარმა რაულ აგიკიანმაც. სხვათა შორის, ,,ვერსიამ'' მამალაძის დაკავებისთანავე გაარკვია, რომ დეკანოზი დაპატიმრების შემდეგ პირველად სწორედ აგაკიანს დაუკავშირდა და ადვოკატების მოძებნა სთხოვა ანუ დეკანოზს დამცველებად გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე სწორედ მან შეურჩია...
რაც შეეხება სასამართლოს იმ დეტალებს, რაც ტელევიზიებს არ უჩვენებიათ, მამა გიორგიმ წყალი მოითხოვა და ვიდრე დალევდა, ბადრაგს შესთავაზა... დეკანოზი შიგადაშიგ თავს ხრიდა და მერე, დარბაზს ნაღვლიან მზერას მოავლებდა ხოლმე. სიმშვიდე მაშინაც არ დაუკარგავს, როცა მოსამართლემ განაცხადა, გიორგი მამალაძეს ბრალი ედება შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში, რაც თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე, ანდა უვადო პატიმრობას ითვალისწინებსო.
სამაგიეროდ, ემოციას ვერ მალავდნენ ადვოკატები _ მიხეილ რამიშვილი და გიორგი ფანცულაია. რამიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობას, რომელიც სხდომის დახურვას ეხებოდა, პოლიტიკური განცხადება უწოდა და ბრალდების მხარის ქმედება უსამართლოდ შერაცხა; ფანცულაიამ კი მამა გიორგის უფლებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროკურატურის არგუმენტი, თითქოს სხდომის ღიაობა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და კერძოდ, საპატრიარქოს დააზარალებდა, უსაფუძვლოა. მანვე პროკურორს ჰკითხა:
_ ,,ციანიდის საქმის'' ფრაგმენტები თავდაპირველად პროკურატურამ გაასაჯაროვა და თქვენი ლოგიკით, ეს ეკლესიას არ აზარალებს?..
მერე, მოსამართლემ სიტყვა დეკანოზსაც მისცა, რომელმაც განმარტა, საქმე პირად ცხოვრებას კი არა, ბრალს ეხება, რომელიც არ ჩამიდენია, ამიტომ ვითხოვ, პროცესი ღიად წარიმართოს, რათა საზოგადოებამ სიმართლე შეიტყოსო.
დახურული პროცესი დაახლოებით 11 საათს გაგრძელდა... მოგვიანებით, დეკანოზის ადვოკატმა, მია ზოიძემ Fაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
,,11 საათი უწყვეტად პროცესზე, მეძინება, მშია, დავიღალე, დამაწყვიტეს ნერვები და ა.შ., მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!''
მოსამართლე ბადრი შონიამ დაცვის ერთი შუამდგომლობაც არ გაითვალისწინა და ბრალდებულს პატიმრობა გაუგრძელა. საუკუნის სკანდალადწოდებული საქმის არსებითი განხილვა 19 მაისს გაიმართება.
თათია გოჩაძე

back to top