Menu

რატომ არ აქვთ „ქათამებს“ სხვა პატიმრების ნივთებზე შეხების უფლება

სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მაყურებლის სტატუსი პრივილეგიაა ორი მიზეზის გამო: პირველი ის, რომ ყველა პატიმარი, აქვს თუ არა სურვილი, პატივს გცემს და მეორე _ ყოველდღიური საქმე გაქვს, ზონის ცხოვრებით ცხოვრობ, ერთგვარი მენეჯერი ხარ და შესაბამისად, ამ საქმიანობაში დრო მალე გადის. ამის მიუხედავად, მაყურებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ძალიან ბევრი რამ გაბარია. მხოლოდ ის რად ღირს, ზონაში ე.წ. პალაჟენიაზე უნდა იყო პასუხისმგებელი. ამასთან ერთად, ყველა პატიმარი, უჭირს თუ ულხინს, საშველად შენთან მოდის და უმთავრესი _ მაყურებელს აბარია ე. წ. სია, რვეული, სადაც წერია, ვის რა აქვს გადახდილი თუ გადასახდელი, ვინ რით შეეწია „ქურდულ ობშჩიაკს“ და რა იგეგმება სამომავლოდ. აი, ამ რვეულს ყველაზე მეტი გაფრთხილება სჭირდება _ თუ ზედამხედველებს ჩაუვარდა ხელში, მაყურებელმა თავი უნდა შეაკლას და დაიბრუნოს, ან... სიკვდილს მოანატრებენ. მაყურებელი, რომელიც რვეულს კარგავს, კაი ბიჭის სტატუსთან ერთად, ზონაზე ყველაფერს ემშვიდობება და საუკეთესო შემთხვევაში, ე.წ. კაზიოლების კამერაში გადაჰყავთ.
 
თავისთვის მცირე ჩანაწერებს ის პატიმრებიც აკეთებენ, რომლებიც კამერაში უწევენ ზედამხედველობას იმას, რომ თვის ბოლოს საჭირო რაოდენობის სიგარეტი, საპონი თუ ჩაი მოგროვდეს. მართალია, მათი სია ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მისი დაკარგვა მაინც ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად ითვლება.
„რვეული დავკარგე“, _ დათო პატიმარ #0578-ის კამერაში გაფითრებული შემოვიდა და აღნიშნული ფრაზა რაც შეიძლება ხმადაბლა უთხრა.
„მერე, სკოლაში ორიანს დაგიწერენ თუ ლექსებს ვეღარ დაწერ?“ _ გაეცინა #0578-ს.
„არა, ობშჩიაკის რვეული, შე ჩემა“, _ დააკონკრეტა დათომ.
„რომელი ობშჩიაკის? ვაჟას და გურამჩიკას რომ აბარია? რვეულს შენ აწარმოებდი? მდივანი ხარ თუ ,,არესტანტი''?“ _ ხუმრობას აგრძელებდა #0578.
„ბიჭო, კამერაში თვის ბოლოს რომ რაღაცებს ვაგროვებდი, იმის რვეული. ვინ რამდენი ,,ასტრა'' დადო, ვინ რამდენი საპონი. გესმის? ეს რომ მაყურებლებმა გაიგონ, დამბრიდავენ“, _ ლამის ტირილი დაიწყო დათომ.
„ვინ იცოდა კიდევ მაგ რვეულის ამბავი?“ _ დაინტერესდა #0578.
„ჩემს კამერაში ორმა კაცმა, მაგრამ რაღაცებს რომ ვინიშნავდი, შეიძლება სხვებმაც მოკრეს თვალი“, _ თავი ჩაღუნა დათომ.
„როგორ დაიკარგა?“
„გუშინ კამერას ალაგებდა ქათამი, დღეს დავძებნე და აღარ არის“, _ უთხრა დათომ.
„და ის ქათამი ნახე?“
„კი, ჯორო რომ ჰქვია, ის იყო. არაფერი იცის“.
„როცა ქათამი ალაგებს კამერას, ვიღაც ადგას თავზე, პატიმრის ნივთებს რომ არ შეეხოს. მაგას ვინ ედგა?“ _ ჰკითხა #0578-მა.
„არ ვიცი, ვერ ვკითხე, არ მინდა, გაბაზრდეს“, _ დათო თანდათან ფითრდებოდა.
„მე ვკითხავ, წამოდი“, _ თქვა #0578-მა, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლს წამოავლო ხელი და კამერიდან გავიდა. ჯორო მალე იპოვეს, ეზოს ხვეტავდა.
„გამომყევი“, _ ხმადაბლა უთხრა #0578- მა და ზონის კორპუსში შევიდა. ჯორო უხალისოდ გაჰყვა.
„გუშინ ამის კამერას რომ ალაგებდი, თავზე ვინ გადგა?“ _ ჰკითხა #0578-მა.
„არ მახსოვს“, _ დაამთქნარა ჯორომ, მაგრამ პირის დაკეტვა ვერ მოასწრო, ბღავილი აღმოხდა _ #0578-მა პლასტმასის ბოთლი მთელი ძალით ჩაარტყა თავში.
„სანამ არ გაიხსენებ, იმდენჯერ მოგხვდება. ვინ გედგა თავზე, ამის კამერას რომ ალაგებდი გუშინ?“ _ ისევ ჰკითხა #0578-მა და ბოთლიანი ხელი აწია.
„მოიცა, აღარ დამარტყა... აი, ის... სახელი არ მახსოვს, კისერზე მორიელი ახატია“, _ ამოიკნავლა ჯორომ, მაგრამ ბოთლი ისევ მის თავზე დაეშვა.
,,სირო, ამის კამერაში ოთხ კაცს ახატია მორიელი კისერზე და რომელი იყო?“ _ შეუღრინა #0578-მა.
„არ ვიცი, წვერი რომ აქვს თხელი, მთელ სახეზე რომ არ ამოსდის, ეგ იყო“, _ ისევ თქვა ჯორომ და პატიმრები ქათამს მოშორდნენ.
„მეჩხერი წვერი გიორგას აქვს. შენ ჩემს კამერაში შედი, ჩაი დალიე, ვნახავ გიორგას და შევეცდები, რამე გავიგო“, _ უთხრა დათოს #0578-მა და გიორგის საძებნელად წავიდა.
„როგორ ხარ, გიო?“ _ ჰკითხა #0578-მა პატიმარს, რომელსაც მართლაც უცნაურად მეჩხერი წვერი ჰქონდა.
„ვარ რა. შენ როგორ ხარ? რამ გაგახსენა ჩემი თავი?“ _ დაინტერესდა გიორგი.
„დავითას ვეძებ, საქმე მაქვს“, _ გაეღიმა #0578-ს და თან გიორგის თვალებში შეხედა, იფიქრა, თუ რამე იცის, უნდა შეეტყოსო.
„წეღან შენთან ერთად არ იყო?“ _ გაუკვირდა გიორგის.
„კი, მაგრამ გზიდან შეუხვია რომელიღაც კამერაში და ვეღარ ვპოულობ“, _ მიუგო #0578-მა და მიხვდა, რომ გიორგიმ არაფერი იცოდა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
„მომისმინე, დავითამ გუშინ კამერაში რვეული დაკარგა. ბევრი არაფერი, რაღაც ჩანახატები ჰქონდა, ხომ იცი, მუზა აწვება ხოლმე, მაგრამ მე იმ რვეულში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის ნომერი ჩავაწერინე და მჭირდება. ხომ არ იცი, სად შეიძლება იყოს?“ _ პირდაპირ ჰკითხა #0578-მა.
„მე საიდან უნდა ვიცოდე?“ _ გაუკვირდა გიორგის და... „ააა, რვეული... აუ...“
„რა აუ?“ _ გაფითრდა #0578.
„ბიჭო, გუშინ კამერას რომ ალაგებდა ქათამი...“
„ჯორო, ხო?“
„ხო, ჯორო, მაგრამ შენ რა იცი?“ _ გიორგი აშკარად დაიძაბა.
„ვკითხეთ ჯოროს, გვეგონა, მაგან აიღო. გააგრძელე... გუშინ კამერას რომ ალაგებდა ქათამი...“ _ შეახსენა #0578-მა.
„მე ვედექი თავზე. ,,იტოგში'', არ ვიცი რამ, მაგრამ კუჭი მქონდა აშლილი, ,,პარაშის'' ქაღალდი აღარ იყო, სხვა კამერაში ვერ გავიდოდი, ქათამს მარტო ვერ დავტოვებდი. დავითას რვეული ავიღე და... დანარჩენს კი მიხვდები“, _ უხერხულად გაიღიმა გიორგიმ.
„დაიკიდე, ადვოკატს დავურეკავ და იმას მოვაძებნინებ ნომერს“, _ უთხრა #0578-მა და თავის კამერისკენ წავიდა.
„გადარჩი. პარაშაშია შენი ობშჩიაკის რვეული. ახლა რაც გახსოვს, აღიდგინე და ისე ჩამოწერე. მაგას მაინც არ გიმოწმებს აუდიტი და ცოტა ცდომილება თუ გექნება, ვერავინ გაიგებს“, _ უთხრა #0578-მა თავის კამერაში მყოფ დათოს.
„გადავრჩი“, _ შვებით ამოისუნთქა დათომ.
პატიმარი #0578

back to top