Menu

გზასაცდენილი „კაიბიჭის“ ტრაგიკული ისტორია

სენტიმენტალურები ვართ ქართველები, იმის მიუხედავად, რომ თითქოს გულგრილად ვუყურებთ ყველაფერს, იმის მიუხედავადაც, თითქოს ბოლო დროს სიბრალული მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოხატულ კომენტარებში ვიცით, მაინც გვაქვს რაღაც, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს...
,,ვაა, დათო, აქ თუ გნახავდი, არ მეგონა. არა, სხვაგან სად უნდა მენახე, კი ვიცოდი, რომ ,,სროკზე'' იყავი, მაგრამ აქ და ამ ზონაში, ნაღდად არ მეგონე'', _ პატიმარი #0578 რუსთავის #17 დაწესებულებაში ახალი მიყვანილი იყო, როცა ბავშვობის მეგობარი ეზოში მოსიარულე დაინახა. მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ და დათომ, როგორც მასპინძელმა, #0578 საკანში ჩაიზე დაპატიჟა.
,,ბიჭო, მე ჯანდაბას, ორი სახლი მაქვს, ვარკეთილში და ,,ზონაზე'', მაგრამ შენ რამ მოგიყვანა აქ?'' _ სიცილი ვერ შეიკავა დათომ.
 
,,მომენატრე და სანახავად შემოგიარე'', _ სიცილით უპასუხა #0578-მა და მეგობრებმა ბავშვობის ამბების გახსენება დაიწყეს.
,,მართლა, ანა სად არის? მთელი ცხოვრება გიყვარდა, დატანჯე ეგ გოგო და... ხომ არ გათხოვილა?'' _ მოულოდნელად ჰკითხა #0578-მა.
,,რა გათხოვილა, გაგიჟდი? ჩვენ ,,პო ნასტაიაშემუ'' გვიყვარს ერთმანეთი. დაგელოდები ამ სროკზეც და მერე თუ კიდევ მაგ გზას აირჩევ, გავთხოვდებიო, ასე დამპირდა ბოლო სასამართლოზე'', _ გაეღიმა დათოს.
,,მერე?!'' _ ისევ ჰკითხა #0578-მა.
,,რა მერე, ბიჭო, აქედან გავალ და ცოლად მოვიყვან. 3 წელიც არ დამრჩა'', _ თვალი ჩაუკრა დათომ.
მერე, ხელისუფლება რომ შეიცვალა, ყველა პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქეს და რუსთავის #17 ზონის მაყურებელმა დათო ნ-მ დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. ზონის კართან მეგობრებთან ერთად ანაც დახვდა, შეყვარებულს ყელზე ჩამოეკიდა და მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებდა: ,,აღარ გაგიშვებ, აღარ გაგიშვებ...'' #0578-მა დათოს თვალი ჩაუკრა და ღიმილით უთხრა, პირობა ხომ გახსოვსო და იმანაც თავი დაუქნია...
მესამე დღეს სამართალდამცავები ესტუმრნენ დათოს, ორ დღეს გაძლევთ, საქართველო რომ დატოვო, წინააღმდეგ შემთხვევაში ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაგიჭერთ და გაგასამართლებთო. ორი დღის შემდეგ, ის მეგობრები, რომლებიც დათოს ციხის კართან დახვდნენ, აეროპორტში იყვნენ შეკრებილნი და მეგობარს უკრაინაში აცილებდნენ.
,,როგორც კი მოახერხებ, ჩამოდი და იქ ვიცხოვროთ. ხომ ხედავ, ვერ მოიძებნა ჩემთვის ადგილი საქართველოში, არ მაჩერებენ'', _ ეუბნებოდა დათო აცრემლებულ ანას და თან თმებზე ეფერებოდა.
,,რას აპირებ?'' _ ცალკე გაიყვანა და ჰკითხა #0578-მა.
,,რა უნდა დავაპირო? აქ რაღაც პატარა ბიზნესის დაწყება მინდოდა, მუშა ჩემგან არ გამოვა, განათლება კიდევ არ მაქვს. არ გამაჩერეს და წავალ, ცოტას მივიხედ-მოვიხედავ, იქნებ რამე ფული მოვიგდო და... მოკლედ, არ ვიცი, ჩავალ, გავერკვევი და მერე გადავწყვეტ, რას ვაპირებ'', _ მხრები აიჩეჩა დათომ.
ორი თვის შემდეგ, მეგობრებმა გაიგეს, რომ დათო უკრაინაში მანქანის მოპარვის გამო დააკავეს, გაასამართლეს და გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, ორი წელი აკმარეს. #0578-მა ანას დაურეკა, იმან კი იქიდან მტკიცე ხმით უპასუხა: ,,იტალიაში მივდივარ სასწავლებლად, გრანტი მოვიგე. ზუსტად ორწლიანია სწავლა. ვისწავლი, მანამდე ისიც გამოვა და თუ ჩამოვა და გამოსწორდება, ამ ერთ ,,სროკსაც'' ვაპატიებ. მეტს მართლა ვეღარ შევძლებ''. #0578-მა ეს ყველაფერი დათოს სოციალურ ქსელში მიწერა. უკრაინის ციხეებში მობილურის და ინტერნეტის პრობლემა არ არის, მთავარია გადაიხადო...
იანვარში დაბრუნდა დათო საქართველოში, თავის ფეხით მივიდა პოლიციაში და სთხოვა, დამიჯერეთ, აღარც ასაკი მაქვს და აღარც სურვილი, კაი ბიჭობა ვამტკიცო და ,,რამკები'' ვამტვრიო, ქვეყანაში ცხოვრების უფლება მომეცით, ცოტა ფული ჩამოვიტანე, რამეს ვიჩალიჩებ, ცოლს მოვიყვან, ჩემს ცუდს ვერ გაიგებთო, მაგრამ არ დაუჯერეს _ ათი დღე მისცეს საქართველოს დასატოვებლად.
,,იტალიაში მივდივარ. ანას დავპირდი, ჩამოვალ-მეთქი. იქნებ იქ გამომივიდეს რამე. სხვა გზა არ მაქვს. აქ არ მაჩერებენ და კიდევ რომ ,,სროკზე'' გამიშვან, ანას დალოდება კი არა, თავს მოვიკლავ. დავიღალე, მართლა აღარ შემიძლია და აღარ მინდა...'' _ ეუბნებოდა დათო #0578-ს და თან მაღაზიაში ტანსაცმელს ათვალიერებდა, ანას გამოპრანჭული უნდა ვეჩვენოო. მეგობრებმა დათო იტალიაში თებერვალში გააცილეს.
,,გეხვეწები, გთხოვ... სტიპენდია მაქვს, ფული მაქვს გადანახული, გამოგიგზავნი და ჩამოდი რა, ჩვენს ქორწილში რომ არ იყო, მეწყინება'', _ ანა #0578-ს ტელეფონით ესაუბრებოდა და იტალიაში ჩასვლას სთხოვდა.
,,გოგო, იტალია თბილისის გარეუბანი ხომ არ გგონია? ვერ შევძლებ, შანსი არაა. ვიდეო გადაიღეთ, გადმომიგზავნეთ, ან პირდაპირი ეთერი გააკეთეთ და გიყურებთ რა'', _ უხსნიდა #0578, მაგრამ ანას არაფრის გაგონება არ სურდა. საბოლოოდ #0578-მა მეგობრების ქორწილს პირდაპირი ეთერით უყურა. სიცილი ვერ შეიკავა, როცა სიძე სავალდებულო ცეკვაზე ააყენეს და იმანაც ცხოვრებაში პირველად გაშალა ხელი...
,,რას შვრება შენი ქმარუკა, ხომ არ მაიმუნობს ისევ?'' _ ქორწილიდან ერთი კვირის შემდეგ #0578 ანას ტელეფონით ესაუბრებოდა.
,,არა, სამუშაოს ეძებს, მე ვუშოვე, მაგრამ რომ ვუთხარი, მაგრად დამცინა. ცოტა მაცადე და ჩემით ვიშოვიო, ასე მითხრა... რა ვიცი აბა'', _ უთხრა ანამ.
,,რა სამუშაოზე თქვა უარი?'' _ დაინტერესდა #0578.
,,რესტორანში თეფშები უნდა გაერეცხა და ნაგავი გაეტანა...''
,,ჰოო... მაგაზე უარს იტყოდა. კარგი, არ დამეკარგოთ და... თუ ვინმე ისეთი საეჭვო ტიპი ,,გაიჩითა'', მოკრიმინალო ,,გრუზინი'', მითხარი რა. ეგ თუ მაგათ აყვა ისევ, იტალიური ციხის ნახვაც მოუწევს'', _ უთხრა #0578-მა.
* * *
აღდგომის წინა დღეს დარეკა ანამ... #0578-მა ვერაფერი გაარჩია, გოგო ბოლო ხმაზე ტიროდა და მოთქვამდა, თავს მოვიკლავო, რამდენჯერმე რომ გაიმეორა, მხოლოდ ეს გაიგო გარკვევით. ტელეფონი გაუთიშა, იტალიაში მყოფ სხვა მეგობრებს დაურეკა და... ოფიციალური ვერსიით გული გაუსკდა, არაოფიციალურად კი გადაჭარბებული დოზის გამო დათო სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ანა იმ დღეს ბოლო გამოცდაზე იყო წასული...
პატიმარი #0578

back to top