Menu
RSS

თაღლით „გამომძიებელს“ დამქირავებლის ცოლის ღალატის დამალვა 6-წლიან პატიმრობად დაუჯდა

ციხეში ნებისმიერი რჯულის ადამიანს შეხვდები და დანაშაულიც იმდენად ნაირფერია, ყველაზე თამამი ფანტაზიის მქონენიც ვერ წარმოიდგენენ. არიან თაღლითები, ქურდები, ნარკომანები, ყაჩაღები, მკვლელები... და არიან ისეთებიც, ვისაც შესაძლოა ისეთი რამ ჰქონდეს ჩადენილი, მთელ სასჯელაღსრულებით სისტემაში ანალოგი არ მოეპოვება.
ელდარიც ასეთი იყო. სასჯელს იხდიდა და ყოველი ახალი პატიმარი, რომელიც ელდარის ისტორიას გაიგებდა, მასთან მიდიოდა და სურდა, პირველწყაროსგან გაეგო ის, რასაც დანარჩენები ღიმილით და ხანდახან გადამეტებულად ჰყვებოდნენ. შესაბამისად, ელდარი დაღლილი იყო თავისი ისტორიის მოყოლით და დიდად არ ეპიტნავებოდა ახლებისთვის მისი მოყოლა, მაგრამ ხან ვიღაცის და ხან რაღაცის ხათრით, მაინც უწევდა ხოლმე. სწორედ ამ ისტორიის მოსასმენად მიადგა პატიმარი #0578 ერთ არცთუ მშვენიერ დღეს, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო: ,,შენ ჩემს ისტორიაზე გინდა ,,იკაიფო'', მე კი აგერ, მეოთხე წელს ვამთავრებ და წინ კიდევ ორი მაქვს'', _ მოღუშულად თქვა ელდარმა.
,,ჯერ ერთი, არანაირი ,,კაიფი'' არ მინდა, მართლა მაინტერესებს და მეორეც, წინ თუ ორი წელი დაგრჩა, სხვა რა საქმე გაქვს, დავსხდეთ და მოყევი'', _ გაუღიმა #0578-მა და ელდარსაც გაეცინა, ასეთი პასუხი ჩემთვის აქამდე არავის უთქვამსო. ისტორიაც ძალიან შორიდან დაიწყო.
,,ფიზიკურად კი მიყურებ, რამხელა ვარ. პირველ კლასში რომ მივედი, ერთი თავით მაღალი ვიყავი ყველაზე. ზრდა არც მერე შემიწყვეტია და კი გავხდი ორ მეტრზე მეტი. არ ვვარჯიშობდი, მაგრამ სოფელში იმდენი საქმეა, მუდმივად ფორმაში ვიყავი და კუნთები მართლა ბატიბუტივით მეყარა. მერე ჩავაბარე თბილისში და გადმოვბარგდი დედაქალაქში. სადღაც მიწურში მიქირავეს ჩემებმა ბინა და ზუსტად ერთ კვირაში მივხვდი, სწავლა არ მინდოდა. ნახევრადმშიერი დავდიოდი და რა დამაჯენდა წიგნებთან, ყველგან საჭმელი მელანდებოდა? მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა და ჩემებს ვუთხარი, ვსწავლობ-მეთქი.
სწორედ იმ მშენებლობაზე მითხრა ერთმა ბიჭმა, შენი ტანი რომ მქონდეს, მილიონერი ვიქნებოდიო. როგორ-მეთქი... ააგდე ასაკოვანი და ,,მაყუთიანი'' ქალი, მოემსახურე და ფულიც გექნება და მეფესავითაც იცხოვრებო. დამიჯდა ეგ ამბავი ჭკუაში, მაგრამ ჩემი გამოხეული ჯინსით სად წავსულიყავი? ამიტომ, ერთი წელი ვირივით ვიმუშავე, ფული მოვაგროვე და მთლიანად ტანსაცმელში დავხარჯე. ადამიანურად მეცვა და ასაკოვან ქალზე ნადირობის სეზონიც გახსნილად გამოვაცხადე.
ვერ გამოვიდა ჩემგან კარგი მონადირე. ასაკოვანი კი არა, ჩემი ტოლი გოგოები არ მეკარებოდნენ ახლოს. ამის მიზეზიც უფულობა იყო, რაღაც უნდა გქონდეს, ვინმეს ყურადღება რომ მიიქციო, თორემ ღამის კლუბებში რომ შევდიოდი და მთელი საღამო ერთ ჭიქა წყალს ვწრუპავდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყველას ვეკიდე.
ისევ მუშაობა გადავწყვიტე, მაგრამ მშენებლობაზე დაბრუნება აღარ მინდოდა. ამიტომ გაზეთებს ჩავუჯექი და ვაკანსიების ძებნა დავიწყე. ერთგან კერძო დეტექტივი ეწერა, კუნთმაგარი ბიჭები გვჭირდებაო. მივედი, მიყურეს, გამომკითხეს რაღაცები და არაფრის აზრზე რომ არ ვიყავი, უარით გამომიშვეს. სახლში რომ მოვედი, დავფიქრდი და მეორე დღეს გავაშანშალე განცხადება გაზეთში, კერძო დეტექტივი ვარ, მარტო ვმუშაობ, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი საიდუმლო მთელ სამსახურს კი არა, მხოლოდ მე მეცოდინება-თქო. სამ დღეში შემეხმიანა ვიღაც ტიპი. მივედი, შევხვდი, ვესაუბრე. ცოლზე ჰქონდა ეჭვი და თუ ამ ამბავს გამირკვევ, ათას დოლარს მოგცემო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მანქანა ხომ გყავსო და კი-მეთქი, მაგრამ რა მანქანა, ,,პრავაც'' არ მქონდა.
მომცა ცოლის სურათი, გამოვიდა მეორე დღეს ის ქალი სახლიდან, ჩაჯდა თავის ჯიპში და ჰაიდა, წავიდა. გავაჩერე ტაქსი და გავეკიდე, ვიფიქრე, ტაქსით ვდევ, მთელი დღე ხომ არ ივლის-მეთქი. თუ გინდა ნუ დაიჯერებ, ორი საათი იარა თბილისში უაზროდ, მერე სადღაც შევიდა, ყავა დალია და ისევ სახლში. ასი ლარი დამიჯდა ეს გასეირნება. საღამოს ქმარს შევეხმიანე, რთული საქმეა და ავანსი მინდა-მეთქი. ტაქსებით სასიარულო ფულს ვთხოვდი რეალურად, მაგრამ მაგას როგორ გავამხელდი. სამასი დოლარი მომცა და დავუწყე დევნა ამ ქალს, მაგრამ რად გინდა, არაფერი ხელმოსაჭიდი. ერთი კვირა მხოლოდ წრეებს ურტყამდა თბილისს და ეგ იყო მაგისი საქმე.
ერთ დღესაც ქმარი მეუბნება, ხვალ ბაკურიანში მიდის სამი დღით დასასვენებლად და აბა შენ იციო. წავედი ბაკურიანში, თბილისში სიცხეა, იქ სიგრილე. მიხარია ცხოვრება. ერთ სასტუმროში დავბინავდით, რა იცოდა, მე ვინ ვიყავი. იმ საღამოს, ჩამოვედი ფოიეში და სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა, ცნობილი სპორტსმენი, ყველასთვის საყვარელი კაცი ზის ფოიეში და წყალს წრუპავს. მივედი, ხელი ჩამოვართვი, გავეცანი, ბიზნესმენი ვარ-თქო. არც კი მკითხა, რა ბიზნესი და რამე, გამიღიმა და მაგრძნობინა, დაახვიეო. რამდენიმე წუთში ჩამოვიდა ჩემი ობიექტიც, მიუჯდა ამ სპორტსმენს და დაიწყეს ჟღურტული. ნახევარ საათში ავიდნენ ნომერში და დილამდე იქიდან აღარც გამოსულან.
მეტი რა ფაქტი მინდოდა, მაგრამ ის ჩემი საყვარელი სპორტსმენი ვერ გავიმეტე. სამი დღე ორჯერ თუ სამჯერ გამოვიდნენ ნომრიდან, დანარჩენი დრო იქ იყვნენ და თუ გინდა, ნუ დამიჯერებ, გვარიანად იყო წონაში დაკლებული ის ბიჭი, იქიდან რომ წავიდა.
ჩამოვედით თბილისში და არაფერი მომხდარა-თქო, ქმარს ვუთხარი. იმანაც გააგრძელა ისევ ქალაქზე წრეების რტყმა, მე კი _ იმის დევნა. ბოლოს ისე მოხდა, ბაკურიანში მოუხდა წასვლა და წავყევი. ამჯერად სხვაგან დავბინავდი, რომ არ ვეცნე, მაგრამ... ისევ ის სპორტსმენი, ისევ ჩაიკეტნენ და მიდიიი... მოკლედ, იმ დღეს არაფერი, მეორე საღამოს კი შემკვეთი მირეკავს, რა ხდებაო? არაფერი-მეთქი. რომელ სასტუმროში ხარო? ვუთხარი, სადაც ვიყავი და 15 წუთში კარი შემოაღო, სიურპრიზი მინდა გავუკეთო ცოლსო. დამცხა... იმხელა სიურპრიზი ელოდა ოთახში, მივხვდი, ვერ გადაიტანდა და შევაპარე, მგონი ნომერში არ არის, გასული იყო და რომ დაბრუნდებოდა, პორტიე დამირეკავდა-მეთქი. მაგას რა სჯობს, პირდაპირ ოთახში დავხვდები და გავახარებო, თქვა და წავიდა. გავედევნე უკან, მაგრამ არ მიჯერებს, მიდის. შევიდა სასტუმროში, ავიდა ოთახში და ჯერ დააკაკუნა, მერე შეაღო. ციხეში ვართ მაინც, ჩვენი გაჭირვება გვადგას და ამიტომ, მარტივად გეტყვი _ მაგიდაზე იწვნენ...
ატყდა ერთი ამბავი, იმ სპორტსმენმა მალე ამოიცვა სპორტულები და წასვლა რომ დააპირა, ის ქალი ჩამოეკიდა, არ დამტოვო ამ ბებერთან, ხომ მითხარი, ცოლად მოგიყვან და მოგყვებიო. ამან კიდევ, ისეთი სილა გააწნა, მე მეტკინა. მოკლედ, მიჩივლა ჩემმა დამკვეთმა, ცრუ დეტექტივიაო, შემამოწმეს, არც ფირმა, არც არაფერი და კი მთხარეს თაღლითობაზე ექვსი წელი''.
,,რომ გახვალ, რას აპირებ?''
,,მართლა არ ვიცი. მშენებლობაზე არ მინდა, მაგრამ მომიწევს'', _ გაიღიმა ელდარმა.
პატიმარი #0578

back to top