Menu

ვალის გამო ცეცხლში გამომწვარი ქალის საიდუმლო

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე 70 წლის მამაკაცი მოკლეს და შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლი მალე შენიშნეს მეზობლებმა, სახანძრო გამოიძახეს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვა, რომ მამაკაცი მოკლული იყო. არადა, ცხედარი რომ დანახშირებულიყო, სავარაუდოდ, ძნელი იქნებოდა გარკვევა, მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა თუ მკვლელობას, რადგან ჭრილობები ცივი იარაღით იყო მიყენებული...
2003 წელს, კახეთის ერთ-ერთ სოფელში, სახლი დაიწვა, სადაც საოჯახო ნივთებთან ერთად, ოჯახის დიასახლისიც ამოიბუგა. დიასახლისი 80 წელსმიტანებული ქალი იყო და შესაბამისად, მეზობლებმა ივარაუდეს, რომ მას ან ჩაეძინა, ან ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა რამდენიმე დღეში სამართალდამცავებმა ზაქრო ი. დააკავეს და მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, გაასამართლეს და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 14 წლით ჩასვეს.
რუსთავის #17 დაწესებულებაში ზაქრო ერთ-ერთი ყველაზე ძველი პატიმარი იყო. როგორი საქმეა, შევარდნაძის დროს დაიჭირეს, სააკაშვილის ხელისუფლება ბოლო დღეებს ითვლიდა, ზაქროსთვის კი არაფერი იცვლებოდა _ ,,სროკზე'' იყო და მისი საქმე გასაჩივრებისა თუ შეწყალების თხოვნის მიუხედავად, მუდმივად უკან ბრუნდებოდა.
 
„მაგას ვინ შეიწყალებს? იმხელა სახლი დაწვა და თან იცი, რა ქალი ჩაიწვა? მთელ სოფელს რომ უყვარდა და მთელ სოფელს რომ პატრონობდა. მაგის შვილი ტოლიატში მუშაობდა, მანქანების ბიზნესში იყო, ფულს აგზავნიდა და ესეც უშურველად არიგებდა გაჭირვებულ მეზობლებში. შვილს ეუბნებოდა, ვალებს ვიწერო, მაგრამ არც ვალებს იწერდა და მიტანილ ფულს უკანაც არ იღებდა, ჩემი შვილის სახელზე სანთელი დაანთეთო, მეტს არაფერს ითხოვდა“, _ თქვა ერთხელ ზონაზე მოსულმა ზაქროს თანასოფლელმა შოთამ, რომელიც სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.
„შენ ვინც მოკალი, ის ბოროტი და ცუდი იყო?“ _ ღიმილით ჰკითხა ზონის მაყურებელმა.
„არა, მე არ მომიკლავს, შემომაკვდა. სუფრასთან ავუშარდით ერთმანეთს, იმან დანა ამოიღო, ვძიძგილაობდით და ორივე წავიქეცით. თავისივე დანაზე წამოეგო და მაგიტომ მომცეს 4 წელი, თორემ მართლა რომ მომეკლა, ოთხს ვინ მაკმარებდა?“ _ თავი იმართლა შოთამ.
„მოიცა, მართლა რომ მოგეკლა, რას ჰქვია? არ მოგიკლავს?“ _ გაუკვირდა პატიმარ #0578-ს.
„არა, როგორ არ მომიკლავს, მოკვდა, მაგრამ ძალით არ მომიკლავს, შემთხვევით რა“, _ ისევ სცადა შოთამ აეხსნა, მაგრამ დანარჩენებმა სიცილი დაიწყეს: „ბიჭო, შენ ცოტა... რას ჰქვია, ძალით არ მოგიკლავს და არ გინდოდა? კაცი მკვდარია, ორი ტონა მიწა აყრია ზედ და მატლები ჭამენ, შენ კიდევ ჩამომდგარხარ აქ და იმას გვიმტკიცებ, კაი ტიპი ვარ, ზაქრო ცუდიაო. ზაქრო ვინც არის, შენზე უკეთ ვიცით, მაგრამ შენ რომ ანგელოზად ცდილობ თავის წარმოჩენას, ეგ არის სასაცილო“, _ აუხსნა მაყურებელმა და მეტი დამაჯერებლობისთვის, შოთას თავში წამოარტყა.
„სოფელში რას ამბობენ, რატომ მოკლაო ის ქალი?“ _ არ მოეშვა პატიმარი #0578.
„ფულის გამოო, მაგრამ მარტო ეგ არ იყო. სხვა მიზეზიც ჰქონდა“, _ საიდუმლო ხმით თქვა შოთამ.
„რა მიზეზი, ამოშაქრე, თორემ მეც არ დაგიჯერებ, რომ ის კაცი მართლა არ მოგიკლავს და მერე ნახე, რა დღეში ჩაგაგდებენ“, _ გაეცინა #0578-ს.
„ზაქრო ხშირად ართმევდა იმ ქალს ფულს, ავადმყოფი და მყავსო და ისიც აძლევდა. ერთხელ ეს ქალი თავად მივიდა ზაქროს სახლში, ნახა ბავშვი და გაოცდა, როცა დედამ შესჩივლა, არც წამლის ფული გვაქვს და ნორმალურადაც ვერ ვიკვებებითო. აქეთ ეს ქალი გაგიჟებულა, შენს შვილს რასაც ვატან, არ გყოფნითო და იქეთ ის გაკვირვებულა, რას ატან, სახლამდე არაფერი მოუტანიაო. ამის მერე ამ ქალმა ზაქრო ნახა და სულ წვრილად უანგარიშა, რაც მისცა, ისიც დააყოლა, ერთ კვირაში დამიბრუნეო და თან შვილს დაურეკა, ჩვენი სოფლელი ზაქრო ვალს არ მაძლევსო. შვილმა რუსეთიდან აქაურ ძმაკაცებს დაურეკა, ზაქროს რაც სიგრძე აქვს, სიგანე მისცეს და ურჩიეს, ერთ კვირაში ვალი მიიტანეო. ამ სირმა კიდევ ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა“, _ დაასრულა შოთამ.
„ეგ კი გავიგე, მაგრამ ის ქალი მთლიანად დაიწვაო და საქმე როგორ გაიხსნა?“ _ საუბარში მაყურებელი ჩაერია.
„მიხოა ერთი... მიხეილი რა, გამომძიებელია, მაგან გახსნა. იმ ქალის შვილის ძმაკაცია და სულ სათითაოდ მოაგროვა ძვლები, მიწისთვის რომ მიებარებინა და ნეკნის ძვლები არ იყო ბოლომდე დამწვარი. ჰოდა, ერთ-ერთი ნეკნის ძვალი გატეხილი იყო, მერე დანარჩენებიც დაათვალიერა და ერთ ნეკნზე ბასრი საგნით დასმული ეტყობოდა. მიხას ხმა არ ამოუღია, ჩუმად დაიწყო გამოძიება, სოფელში კი ყველას უთხრეს, უბედური შემთხვევა იყოო. მიხამ რუსეთში დარეკა და ძმაკაცმა ზაქროზე უთხრა, თუ იზამდა, ეგ იზამდაო. შეამოწმეს ზაქრო და იმ დროს, როცა ცეცხლი გაჩნდა, დაახლოებით 500 მეტრში მეზობელთან ქეიფობდა. მაშინ ამდენი ექსპერტი და კრიმინალისტი არ იყო, მაგრამ მიხამ მთელი რაიონის კალონკები მოიარა და ერთგან უთხრეს, წინა დღით ზაქრომ ერთი ლიტრი ბენზინი იყიდაო. აბა, მაგას მანქანა არ ჰყავდა და ბენზინი რად უნდოდა? მოკლედ, მიხამ რამდენიმე კაცთან ერთად ჩაისვა მანქანაში ეს შენი ზაქრო, წაიყვანა ტყეში, იარაღი ამოიღო და უთხრა, იმ ქალის შვილმა დაგვაბარა, ზაქრო მოკალით, ეჭვი მაგაზე მაქვს, დიდ ფულს იხდის და ილოცეო. ზაქრო ატირებულა და სულ წვრილად მოუყვა, რა და როგორ იყო. ბენზინი ცელოფანში ჩაასხა, ცელოფანი მაგიდაზე დადო, გვერდით სანთელი დაუნთო და წავიდა. მეზობელთან რომ მივიდა, დაახლოებით ათ წუთში გაჩნდა ცეცხლი და ამანაც ალიბი გაიკეთა, მაგრამ ის კი ვერ გათვალა, რომ დამტვრეული ნეკნები შეიძლება ბოლომდე არ დამწვარიყო. სულ ესაა რა“, _ დაასრულა შოთამ.
„კარგი, გასაგებია და... მაგ სოფელში ორი კატეგორია ხართ როგორც ვხვდები, მკვლელები და ვითომმკვლელები, ხო?“ _ გაეცინა მაყურებელს, მაგრამ შოთამ თავი ჩაღუნა და არაფერი უპასუხა.
P.S. ზაქრომაც და შოთამაც ციხე მაშინ დატოვეს, როცა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პატიმრებს სასჯელი მოუხსნეს...
პატიმარი #0578

back to top