Menu
RSS

როგორ ხვდებოდნენ ბრწყინვალე დღესასწაულს პატიმრები ნაციონალების დროს ციხეში

წინა ხელისუფლების დროს, გლდანის ციხეში ყველა კარანტინის დაშლა ცოდვის ტრიალი იყო. ორასზე მეტ პატიმარს უმოწყალოდ ურტყამდნენ ბადრაგები. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა დაუსჯელია. არადა, ყოფილ პატიმრებს პროკურატურაში არაერთი საჩივარი აქვთ დაწერილი. იმავე გლდანის ციხეში, როცა შუქს ჩააქრობდნენ, სანთლის დანთება და ლოცვა დანაშაულად ითვლებოდა, საკნის კარი იღებოდა, ბადრაგი შემოდიოდა და სცემდა განურჩევლად ყველას. მათაც, ვინც ლოცულობდა და მათაც, ვისაც იმ დროს ეძინა. ამიტომ, ყველა ცდილობდა, ლოცვა შუქის ჩაქრობამდე მოესწრო.
„წითელი პარასკევია, პარასკევს კი კარანტინს შლიან. იმედია, დღეს მაინც არ სცემენ ხალხს“, _ დილით თქვა გლდანის ციხის ერთ-ერთ საკანში პაატამ. პაატა საკნის უხუცესი იყო, 62 წლის კაცი ციხეში ზედნადების გამო მოხვდა, აქაოდა, ფულს ათეთრებდიო. 50 ათასი ლარით დააჯარიმეს და ზედ 4 წელიც დაუმატეს. ახლა პაატა ზონაზე ელოდა ეტაპს და სულ იმის ნატვრაში იყო, რაც შეიძლება მალე წასულიყო ამ ჯოჯოხეთიდან.
„ჰო, წითელ კვერცხებს ჩაუდებენ ჯიბეში და ისე გამოუშვებენ საკანში“, _ გაეცინა პატიმარ #0578-ს და გვერდზე მჯდომ მეგობარს თვალი ჩაუკრა.
„ჰო, შარშანაც ასე იყო, რომ დაშალეს წითელ პარასკევს, თითო კვერცხი და პასკაც გამოატანეს, ბოდიშიც მოუხადეს, რომ დაგიჭირეთო და საკნებში ხელში აყვანილი შემოიყვანეს“, _ გაიღიმა შოთამ, რომელიც აგერ უკვე მეორე წელი იყო, სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდა და ზონაზე რატომღაც არ მიჰყავდათ.
„ერთი ადგილი გვაქვს საკანში, დღეს ვინმეს შემოიყვანენ და იმას ვკითხავთ, სცემეს თუ არა“, _ იმედი არ დაკარგა პაატამ.
ღამით, შუქი რომ ჩააქრეს, პაატამ ამოიხვნეშა, სავარაუდოდ ისევ სცემენ, თორემ უცემრად აქამდეც ამოიყვანდნენო. დაახლოებით ორ საათში საკნის კარი ხმაურით გაიღო და ზედამხედველებმა პატიმარი კი არ ამოუშვეს, ხელისკვრით შემოაგდეს. კარი დაიხურა, ახლადშემოსული ჩუმად დაჯდა მაგიდასთან და ყრუდ კვნესოდა. საკნის ბინადრები წამოდგნენ, ახალმოსულს მიესალმნენ, სიგარეტი და წყალი მიაწოდეს.
„გცემეს ამ უღმერთოებმა?“ _ ჰკითხა პაატამ.
„დაგვხოცეს ცემაში“, _ კვნესით უთხრა ახალმა.
„და წითელი პარასკევი?“ _ ისევ ჰკითხა პაატამ.
„რა წითელი პარასკევი, რომ გადავრჩი, ის მიკვირს, მაგრამ მაგარი ნაცემი ვარ, მუცელი საშინლად მეწვის და ნეტავ რომელიმე ორგანო არ მქონდეს გახეთქილი“, _ თქვა ახალმა და მალე ყველა ლოგინში დაწვა.
მეორე დღეს ახალ პატიმარს, რომელსაც ვახო ერქვა, სხეული დაუთვალიერეს. დაბეჟილობა ბევრი ჰქონდა, მაგრამ ვახო კარგ ხასიათზე იყო _ მუცელი აღარ მტკივა, ესე იგი გადავრჩიო. შუადღის ,,ბალანდაზე’‘, პატიმარმა #0578-მა ,,ბალანდიორს’‘ ჰკითხა, ხვალ აღდგომაა და რამე ხომ არ მოიტანეს განსაკუთრებულიო, რაზეც ,,ბალანდიორმა’‘ ჩურჩულით უთხრა, თითო პატიმარზე თითო კვერცხი და პატარა პასკაა, საპატრიარქომ გამოაგზავნაო. ბიჭებს გაუხარდათ და... მეორე დღეს ,,ბალანდიორმა’‘ ერთი პასკა და სამი კვერცხი მიაწოდა.
„ეს რა არის?“ _ გაბრაზდა #0578.
„რა არ მოგწონს?“ _ შეუღრინა ოფიცერმა.
„ჩემმა ადვოკატმა მითხრა, აღდგომას თითო პატიმარს თითო პასკა და თითო წითელი კვერცხი შეხვდებაო“, _ არ დაუთმო #0578-მა.
„ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო და გაიყავით თქვენც. რაც შეეხება კვერცხებს, კი გაქვთ თითოს ორ-ორი და ის ჭამეთ“, _ გაიკრიჭა ოფიცერი და „კარმუშკა“ დახურა.
* * *
ერთი წლის შემდეგ, ზონაზე აღდგომისთვის ემზადებოდნენ პატიმრები. ადმინისტრაციამ გამოაცხადა, არაფერზე ინერვიულოთ, ზონის მაღაზიაში პასკაც საკმარისი იქნება და კვერცხიც, ყველას ყველაფერი შეხვდებაო. ამიტომ, ძირითადი ნაწილი მშვიდად იყო, მაგრამ უკვე ზონაზე მყოფი პატიმარი #0578 თანასაკნელმა რამაზიმ გაიყვანა გვერდზე და ჩუმად უთხრა: „შარშანაც ასე თქვეს, მაგრამ ჯერ ერთი, უბრალოდ მოხარშული კვერცხები მოიტანეს და არა წითელი კვერცხი და პასკაც თითო ლუკმა შეგვხვდა ბიჭებს, უბრალოდ არ იყო რა. ამიტომ, წინასწარ უნდა ვიყიდოთ კვერცხი და აქ შევღებოთ. პასკაც უნდა მოვიმარაგოთ 2-3 დღით ადრე“.
„კვერცხი როგორ უნდა შეღებო?“ _ გაუკვირდა #0578-ს.
„მთელი წელი ვაგროვებდი ხახვის ნაფცქვენს და იმით. ძალიან წითელი არ იქნება, მაგრამ ზონაა ეს ძმაო, ,,სვაბოდა’‘ კი არა“, _ თვალი ჩაუკრა რამაზიმ და მეორე დღეს ბიჭებმა ჩვეულებრივი, თეთრი კვერცხი იყიდეს, პასკაც ამოიტანეს და მაშინვე მიხვდნენ, რომ ადმინისტრაცია ტყუოდა. პასკა ათი ცალი ეწერათ და მხოლოდ ორი მოიტანეს, შეზღუდულიაო. ახალი ამბავი მაშინვე მოედო ზონას და რა თქმა უნდა, პასკის წინასწარ ყიდვა ყველამ მოინდომა, მაგრამ ნახევარზე მეტს არ შეხვდა...
„ჩვენი რომ არ გეშინიათ, გასაგებია, მაგრამ ღმერთისაც არ გეშინიათ?“ _ ჰკითხა მაყურებელმა ზონაზე გადმოსულ დირექტორს, ლაშა ბრეგვაძეს, რომელიც გაბრაზებული პატიმრების დასაწყნარებლად მოვიდა.
„რა შუაშია ღმერთი? ვერ მოასწრო შემომტანმა ამდენი პასკის ყიდვა და მაგიტომ მოხდა ეს“, _ თავი იმართლა ბრეგვაძემ, მაგრამ ახლა ხმა #0578-მა ამოიღო _ „რა ვერ მოასწრო? დარწმუნებული ვარ, პასქას მიაკვს მთელი თბილისი, აღდგომამდე კიდევ ორი დღეა, მოიტანეთ და გაიყიდება, მაგრამ არ გინდათ, რომ ადამიანებად ვიგრძნოთ თავი და ეგ არის.“
„ატყობ, რომ ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობ?“ _ თვალი მოუჭუტა ბრეგვაძემ #0578-ს.
„და თქვენ ატყობთ, რომ ისედაც დაჭიმულ ნერვებს ბოლომდე ჭიმავთ და თუ გაწყდა, ,,შუმოკი’‘ იქნება?“ _ არ დაუთმო #0578-მა.
„იქნება და ორთაჭალაში რაც მოხდა ბუნტის დროს, მოგენატრებათ. პასკა და კვერცხი თუ გინდოდათ, გარეთ ყოფილიყავით. მე არ დამიპატიჟიხართ აქ“, _ თქვა ბრეგვაძემ და გატრიალდა.
„რა ვქნათ?“ _ მაყურებელს მიუბრუნდა #0578.
„ასე მითხრეს, საპატრიარქო შემოიტანს პასკებსო და...“
„გლდანშიც ასე თქვეს და თუ ვინმეს რამე შემოაქვს, ჩვენ არ გვირიგებენ, გააქვთ და ჩალის ფასად აბარებენ მაღაზიებში. აგერ, 3000 პატიმარი ვართ, თითოზე რომ თითო პასქა შემოიტანონ, მოკიდებენ ხელს, ჩააბარებენ თუნდაც ლარად და 3 ათასი ლარი დარჩება ,,ნაჩალნიკს“, _ აუხსნა #0578-მა.
„და შენ რას ფიქრობ?“
„არაფერს. მღვდლები შემოდიან ლიტანიობაზე და იმათ ვთხოვოთ, საკნები აკურთხონ და რაც გვექნება საჭმელი, ისიც აკურთხონ. სხვა შანსი არაა...’‘ _ უთხრა #0578-მა.
აღდგომა თენდებოდა, როცა რამდენიმე მღვდელი რუსთავის #17 დაწესებულებაში საკნებში შედიოდა და საკანთან ერთად საკვებსაც უკურთხებდა პატიმრებს. გარეთ იმ დროს, მაღაზიების დახლებზე პასკა და კვერცხი ამაოდ ელოდა მყიდველს, პატიმრებს კი, რომლებსაც ოჯახის წევრებმა გაჭირვებით, მაგრამ სააღდგომოდ მაინც დაურიცხეს ფული, არც ერთის ყიდვის შესაძლებლობა მისცეს და არც მეორის.
პატიმარი #0578

back to top