Menu

ვინ არის სლავენ ბინევი, რატომ მფარველობს კრიმინალ გია საყვარელიძეს და როგორ აპირებს საქართველოში მის დაბრუნებას

ისტორია, რომელსაც გიამბობთ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოა და ანალოგი არ აქვს. მასში ქართველი ,,კანონიერი ქურდები'' და... ევროპარლამენტის დეპუტატია გარეული. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია _ ქართველი ,,კანონიერი ქურდები'' ამ დონეზე გასულები ნამდვილად არიან...
1994 წელს მოსკოვში ქართველი ,,კანონიერი ქურდი'', რევაზ გამცემლიძე, იგივე ,,გედემოს ბიჭი'' ჩაცხრილეს. ქურდებს დამნაშავეების პოვნა არ გასჭირვებიათ და ხელი თავის ორ კოლეგას, გია საყვარელიძესა და გოგა ბზიკაძეს დაადეს. გამცემლიძესა და მკვლელებს შორის დაპირისპირება ტერიტორიის გადანაწილების გამო მიდიოდა. 90-იან წლებში, ქართველი ქურდები რუსეთს პრაქტიკულად შეესივნენ და თითოეული გოჯისთვის კბილებით იბრძოდნენ, მაგრამ საქმე მკვლელობამდე არ მიდიოდა. უფრო ზუსტად, ქურდები არ ხოცავდნენ ერთმანეთს, თორემ მათი მომხრეები ყოველდღიურად ეწირებოდნენ გარჩევებს.
შესაბამისად, გამცემლიძის მკვლელობა ,,ქურდულმა სამყარომ'' მძიმედ გადაიტანა და საყვარელიძე-ბზიკაძეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ,,სხადნიაკზე'' გადამწყვეტი სიტყვა იმდროინდელმა უახლოესმა მეგობრებმა _ ტარიელ ონიანმა და შაქრო კალაშოვმა თქვეს.
ორივე სიკვდილმისჯილი მაქსიმალურად ცდილობდა, ქურდებს დამალვოდა და ამას გარკვეული პერიოდი ახერხებდა კიდეც, მაგრამ იმავე 1994 წელს, ბზიკაძე შემთხვევით შეხვდა ,,კანონიერ ქურდს'' ამირან ლომაშვილს და ყველაფერი წამებში დასრულდა _ ლომაშვილმა იარაღი ამოიღო, ბზიკაძეს დაადო და გაისროლა. მისმა სიკვდილმა საყვარელიძე მიახვედრა, რომ საქმე ძალიან მძიმედ იყო და მან უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო _ სამართალდამცავებს დაუკავშირდა, უთხრა, რომ ჩაბარდებოდა და გამცემლიძის მკვლელობასაც აღიარებდა, თუმცა მთავარ პირობად სასჯელის სამარტოო საკანში მოხდა წამოაყენა. რაღა თქმა უნდა, ძალოვნები გახმაურებული მკვლელობის გახსნას დათანხმდნენ, საყვარელიძე ჩაიბარეს და სასჯელიც სამარტოო საკანში მოახდევინეს. იმის მიუხედავად, რომ მაშინ ქურდები ბევრს ეცადნენ, როგორმე მიწვდომოდნენ საყვარელიძეს, არაფერი გამოუვიდათ _ ძალოვნები სიტყვას ასრულებდნენ და გიას მკაცრად მეთვალყურეობდნენ. რაღა თქმა უნდა, ის ამაში სოლიდურ თანხასაც იხდიდა.
დასასრული ყველაფერს აქვს და საყვარელიძის სასჯელის ვადაც ამოიწურა. ქურდები ვარაუდობდნენ, რომ მას თავისუფლებაზე იოლად მიწვდებოდნენ, მაგრამ მისივე მოთხოვნით, ის ციხიდან პირდაპირ აეროპორტში წაიყვანეს და ჩარტერული რეისით, რომლის ფულიც რაღა თქმა უნდა ქართველმა ქურდმა გადაიხადა, ბულგარეთში გაუშვეს.
ყველაზე საინტერესოც აქ იწყება: რუსეთში მყოფმა ქურდებმა გაიგეს, რომ საყვარელიძე ბულგარეთში გაფრინდა და იქაურ ქურდებს შეატყობინეს, ტრაპიდან ფეხს როგორც კი ჩამოდგამს, ჩაცხრილეთო, მაგრამ აეროპორტში მისულ ათამდე ქურდს უცნაური სურათი დახვდა _ ისინი ფულის შეთავაზების მიუხედავად, ასაფრენ ბილიკამდე არავინ მიუშვა, საყვარელიძეს კი ჯავშნიანი მანქანა და ესკორტი დახვდა. აეროპორტიდან ქართველი კრიმინალი პირდაპირ სლავენ ბინევის სასახლისკენ წავიდა.
ვინ არის სლავენ ბინევი? ის ბულგარეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია და მხოლოდ ბულგარეთში კი არა, ევროპარლამენტის წევრიც გახლდათ და სკანდალური გამოსვლებით გამოირჩეოდა. იმის გამო, რომ ბინევი ყოფილი სპორტსმენია და ახლაც აქტიურად ვარჯიშობს, ბულგარეთის თუ ევროპარლამენტში ჩხუბზე უკან არასოდეს იხევდა და მის ბიოგრაფიაში არაერთი ინციდენტია, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების ცემას უკავშირდება. და ეს მთავარი არ არის _ ბინევს, სამშობლოში მყოფი ოპოზიცია თუ ბეჭდური მედია ღიად ადანაშაულებს ნარკოტიკებით ვაჭრობის ხელშეწყობასა და მფარველობაში, პროსტიტუციის ყველაზე დიდი ქსელის ორგანიზებასა და მფარველობაში, რამდენიმე გახმაურებულ მკვლელობაში მონაწილეობაში და კიდევ ათას უბედურებაში. ამის მიუხედავად, ბინევს ვერასოდეს ვერაფერი დაუმტკიცეს, ის მაინც რჩება სამშობლოსა თუ მის ფარგლებსგარეთ, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალად.
მოკლედ, როგორც გაირკვა, საყვარელიძესა და ბინევს საერთო ბიზნესი ჰქონიათ და სწორედ ამიტომ, გათავისუფლების შემდეგ, მეგობარმა ქართველი კანონიერი ქურდი გასაჭირში არ მიატოვა. ის ბულგარეთში წაიყვანა და ქურდი საყვარელიძე მალევე იქცა ,,ფეშენ-ტუსოვკების'' ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ. მას იქ როგორც სერიოზულ პროდიუსერს, ისე იცნობენ, იწვევენ კონკურსებში ჟიურის წევრად, სამოდელო სააგენტოებში სასურველი სტუმარია და... მას მუდმივად ახლავს დაცვის იმდენი თანამშრომელი, რამდენიც არ ახლავს ბულგარეთის პრემიერს. ის ცხოვრობს სახლში, რომელსაც ყოველდღიურად იცავს 48 კბილებამდე შეიარაღებული პირი და ამას გარდა, სახლის შემოგარენში დადის სპეციალურად გაწვრთნილი ოცი ძაღლი. ესეც ბინევის საჩუქარია და როგორც ამბობენ, ამ ყველაფერს ბულგარელი პოლიტიკოსი ფულის გამო აკეთებს. ყოფილმა ,,კანონიერმა ქურდმა'' ყველაზე კარგად იცის, სად და როგორ შეიძლება ფულის კეთება, ვინ და რა ფორმით უნდა შეაშინონ ან ვის და როგორ უნდა წაართვან ბიზნესი. საყვარელიძე ბინევის არათუ მარჯვენა ხელია, არამედ მის ყველა საქმეშია ჩახედული, პირადად აკონტროლებს აკრძალული ტვირთების მიმოსვლას და ჯერ ჩავარდნა არ ჰქონია.
როგორც ირკვევა, საყვარელიძე საბოლოოდ საქართველოში აპირებს დაბრუნებას და სწორედ ამ თემაზე, საქართველოში 2010 წლის ზაფხულში მყოფი ბინევი ხელისუფლების იმჟამინდელ წარმომადგენლებს ესაუბრა. ჩვენი ინფორმაციით, საუბარს უბრალოდ მოთელვითი ხასიათი ჰქონდა და ბინევს კონკრეტულად არაფერი მოუთხოვია, მაგრამ სავარაუდოდ შემდეგი ვიზიტისას, ბინევი მეტ კონკრეტიკაზე გადავა. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ბინევი საქართველოში ჩამოსვლას ამ ზაფხულსაც აპირებს და მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ეს ექნება. თუმცა ეს სამომავლო საქმეა, მანამდე კი ბულგარეთში გია საყვარელიძის სახელი შოუბიზნესში ქუხს.
პატიმარი #0578

back to top