Menu
RSS

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოება თბილისში უკვე თვალსაჩინო გახდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო გარევაჭრობა უკვე ვაგზლის, დინამოს, მეტრო ,,მარჯანიშვილისა'' და ბარათაშვილის ქუჩის, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე აკრძალა. სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეების წინასწარ გაფრთხილების შემდეგ უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი ეტაპობრივად მოახდინეს. თბილისის მერიის ბაზრობების ასოციაციასთან მოლაპარაკების შედეგად კი გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელება თბილისში მდებარე ყველა ბაზრობაზე 6 თვე უსასყიდლოდ შეეძლებათ.
გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციებს აწყობენ და ზოგი თვითნებურად მაინც ეწევა აკრძალულ საქმიანობას. ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მაინც აეკრძალებათ ეს საქმიანობა და სჯობს, კანონს სწრაფად დაემორჩილონ: ,,ეტაპობრივად ყველგან აიკრძალება პროდუქციის უკანონოდ ქუჩაში გაყიდვა''.
ზედამხედველობის სამსახურს, გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დემონტაჟში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ, რის გამოც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხელისუფლება გააკრიტიკა _ პატრულს ეს საქმიანობა არ შეეფერებაო. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, წესრიგის დამყარება სწორედ პოლიციის კომპეტენციააო.
გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტიც აღმოაჩინეს. კერძოდ, საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდდნენ. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი ნორმების ყოველგვარი დარღვევით ინახებოდა.
„თბილსერვის ჯგუფის'' თანამშრომლებმა კონსტრუქციებისგან დაცლილი თბილისის ცენტრალური სადგურის, აბასთუმნის ქუჩისა და აკაკი წერეთლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის, ხსნარის დახმარებით დაასუფთავეს. აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორია წლების განმავლობაში პირველად მოირეცხა და დასუფთავდა, რის საშუალებასაც აქამდე გარევაჭრობა არ იძლეოდა. დილის მეეზოვეები საერთოდ ვერ მუშაობდნენ და ბევრ სირთულეს აწყდებოდნენ, ამიტომ არსებულ ანტისანიტარიასთან დაკავშირებით „თბილსერვის ჯგუფს“ მოსახლეობა ხშირად მიმართავდა.
მოკლედ, ასეა თუ ისე, თბილისის ქუჩებში გავლა უკვე ლაბირინთებში სიარულის გარეშეა შესაძლებელი, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილია, თუმცა გარემოვაჭრეებს მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ამ უკიდურესად გაჭირვებულ ფენას, თბილისის მერიამ თავის რჩენის ერთადერთი წყარო წაართვა და მშიერი დატოვა. გარემოვაჭრეები ბაზრობის ასოციაციის შეთავაზებითაც უკმაყოფილონი არიან, რადგან მიაჩნიათ, იქ საკუთარ პროდუქციას ვერ გაყიდიან.
კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ 3 აპრილიდან თბილისის ქუჩებში ოცი ინსპექტორი იმოძრავებს და გარემოს დანაგვიანების პრევენციაზე იმუშავებს. შპს ,,თბილსერვისჯგუფში'' ,,ვერსიას'' განუცხადეს, რომ ინსპექტორების საქმიანობას ინფორმაციული სახე მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ექნება, ანუ ისინი მოქალაქეებს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და გარემოს დაბინძურებისთვის სანქციებს გააცნობენ. აი, აპრილის მეორე ნახევრიდან კი მხოლოდ გაფრთხილება საკმარისი არ იქნება და ინსპექტორები ურჩი მოქალაქეების დაჯარიმებას დაიწყებენ. მოკლედ, ვერ დაყრით ქუჩაში სიგარეტის ნამწვს და სხვა ნარჩენებს, ვერც საკუთარი შინაური ცხოველის ფეკალიებს გადააბიჯებთ, რადგან სანქციები 50-დან 1000 ლარამდეა. ჯარიმის მოცულობას ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით ნარჩენის წონა განსაზღვრავს. სანქცია მაღალი იქნება, თუ ნარჩენს შენობა-ნაგებობიდან გადმოაგდებენ.
ისე, ეს კოდექსი 2015 წლიდან არსებობს, თუმცა სამსახური, რომელიც ამ ყველაფერს ზედამხედველობას გაუწევდა, მხოლოდ ახლა შეიქმნა, რომლის 20 თანამშრომელი 10 ეკიპაჟად მოძრაობს ქუჩებში და ზოგჯერ ,,კაი ტიპებსაც'' აიძულებს, ქუჩაში გადაგდებული ,,ბიჩოკი'' ურნაში ჩააგდონ.
მოსახლეობის ნაწილი მერიის ამ ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა კრიტიკოსები აქაც გამოჩნდნენ და ამბობენ, ისედაც გაჭირვებულ და ღარიბ ადამიანებს, ეს ჯარიმები წელში გაწყვეტსო. მოკლედ, აზრთა სხვადასხვაობის თუ ამ თემით პოლიტიკური მანიპულირების მიუხედავად, მერია ქუჩების მოწესრიგებას ცდილობს, აი, გზებზე ორმოებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, მერიის ყურადღების ცენტრში ჯერ ვერ მოხვდნენ და დღითი დღე ,,მრავლდებიან''.
თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში