Menu
RSS

რატომ ამოიღეს თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სასწავლო საგნების ნუსხიდან ქართული ენა

,,ვერსია'' უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საგნების ნუსხიდან ქართული ენა ამოიღეს. სტატიას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რადგან ეს საკითხი, საზოგადოებისთვის აქტიუალური და საინტერესოა, საიტზე ვტვირთავთ სტატიის სრულ ვერსიას, რომელიც გაზეთში, მოცულობის გამო, შემცირებით გავიდა.   
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საგნების ნუსხიდან ქართული ენა ამოიღეს _ ამის შესახებ საზოგადოებას ჟურნალისტმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, იოსებ ჭუმბურიძემ ამცნო: „კიდევ ერთი ახალი ამბავი ანუ „აღმოჩენა“ უნივერსიტეტთან დაკავშირებით: ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, საფაკულტეტო საგნების ნუსხიდან ამოღებულია... ქართული ენა“.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების'' თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემაც გააკეთა: „მოგეხსენებათ, ქართული ენის სწავლების გაუქმება ნიშნავს ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაკნინებას. მივმართავ ბატონ განათლების მინისტრს და სხვა მინისტრებიც თუ მოისმენენ, ურიგო არ იქნება, რომ 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მღელვარება სხვა არაფერი იყო, თუ არა ხალხის პასუხი ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაკნინების მცდელობაზე. 14 აპრილი ერთ-ერთი გმირული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი ხელს არ შეუწყობს ახალი გმირული დღისთვის შესაბამისი პირობებისა თუ ვითარების შექმნას“.
საერთოდ, ქართველისთვის ოდითგან სამი სიწმინდე _ ენა, მამული, სარწმუნოება არსებობს. ერის განვითარების ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ატრიბუტი ენაა, რომლის წახდენაც ერის წახდენის ტოლფასია!
საქართველოს უახლესი ისტორია რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს ინახავს. ერთ-ერთი 1978 წლის 14 აპრილია. იმ დღეს ქართულმა საზოგადოებამ რუსიფიკაციას ხმამაღლა უთხრა _ „არა“ და ასე შევინარჩუნეთ მშობლიური ენა. ყველაფერ ამის შემდეგ, თბილისში დედაენის ძეგლი დაიდგა. სხვათა შორის, საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოში, პრაქტიკულად, ერთადერთია, სადაც დედაენის ძეგლი დგას! ყველაფერ ამის ფონზე კი, მინიმუმ, გასაოცარია, რომ თსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ქართულ ენას სასწავლო საგნების ნუსხიდან იღებენ. რატომ? _ ამ კითხვით ,,ვერსიამ'' ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ავთანდილ არაბულს მიმართა, რომლისთვისაც ენა მთავარი სიწმინდეა.
_ ბატონო ავთანდილ, ცნობილი გახდა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარკვეული ფაკულტეტების საგნების ნუსხიდან ქართული ენა ამოიღეს. ამ ფაქტს, როგორც ენათმეცნიერი, როგორ აფასებთ?
_ მაინცდამაინც ჩართული არ ვარ პროცესში. უმაღლეს სასწავლებლებსა და მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტშიც, ქართული ენის სწავლება გაუარესებულია. ამ საკითხზე გიორგი გოგოლაშვილის სტატია გამოქვეყნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთში. იქ არის დეტალურად მითითებული, სად რა მდგომარეობაა. ადრე, პრაქტიკული ქართული ისწავლებოდა ყველა ფაკულტეტის ყველა ჯგუფში (1-2 სემესტრი ან მინიმუმ, ერთსემესტრიანი კურსი ყველგან იკითხებოდა). ეს აუცილებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი სტუდენტები ქართულის უკეთესი ცოდნით გამოირჩეოდნენ და აბიტურიენტებიც უკეთ მომზადებულები იყვნენ. მისაღები გამოცდები აუცილებელი იყო, რადგან უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების ადაპტირება ხდებოდა საკუთარ სპეციალობებზე _ მათ ხომ საკუთარ ფაკულტეტზე მეცნიერული ენის სამყარო ხვდებოდათ; ამიტომაა, რომ დღეს, პირველი, რაც უჭირთ, განსაკუთრებით ბიოლოგიურ სპეციალობებზე, სპეციალური ენის ათვისებაა. ასე რომ არ მოხდეს, უნდა ისწავლებოდეს პროფესიული ქართული და სწორედ ამას ვამბობდი _ საგნისთვის პროფესიული ქართული დაგვერქმია. ყველა ფაკულტეტზე ისწავლებოდა  ერთსემესტრიანი მეტყველების კულტურა. აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობებზე და ასევე დასავლეთ ევროპულზე, ქართული ენა პროგრამულად ისევე ისწავლებოდა, როგორც ქართულ ფილოლოგიაზე. ამ ფონზე, ხშირად, მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის მცოდნეები, იმდენად  არაჩვეულებრივი ფილოლოგები იყვნენ, რომ თუ პროფესიით ვერ იწყებდნენ  მუშაობას, სკოლაში ქართულს ასწავლიდნენ. ასე დღეს, იშვიათად ხდება.
_ ანუ, ფაქტობრივად, ამ ფაკულტეტების კურსდამთავრებულები ორ სპეციალობას ეუფლებოდნენ?
_ დიახ... ასევე ხდებოდა კავკასიური ენების სპეციალობებზე. ის ჩვენი ერთ- ერთი ძველი კათედრაა. ამ ფაკულტეტზე ისწავლებოდა ერთ-ერთი კავკასიური ენა და შესანიშნავი სპეციალისტები გამოდიოდნენ. რაც მთავარია, ისინიც ისეთი დატვირთვით სწავლობდნენ ქართულს, რომ კარგი ფილოლოგებიც იყვნენ. დღეს კი კავკასიურ სპეციალობებზე მხოლოდ ერთი სემესტრი ისწავლება ქართული, რაც არასაკმარისია. 
_ გამოდის, ჰუმანიტარული ფაკულტეტის სასწავლო გეგმაში სხვა პრობლემებიც არსებობს?
_ დიახ, ნამდვილად, პრობლემაა ძველი ქართულის სწავლება. თუ ფილოლოგმა არ ისწავლა ძველი ქართული, თანამედროვე ენას სერიოზულად ვერ აითვისებს. გარდა ამისა, ფილოლოგიურზე არ ისწავლება დიალექტური ენა, არადა ეს აუცილებელია, რადგან ენის კვლევა ცოცხალი ენის კვლევაა. მწიგნობრული ქართული ენის შესწავლის მხოლოდ ერთი მხარეა. ვითარება ნამდვილად გამოსასწორებელია, ყველაფერი თავიდან არის დასალაგებელი.
_ როცა ქართული ენის ამოღებას აპირებდნენ, კონსულტაცია, როგორც ენათმეცნიერთან, თქვენთან ხომ არ გაიარეს?
_ არა, ჩემთან კონსულტაცია არავის გაუვლია და არც კითხვით მოუმართავთ. ისე, ენის პრობლემა იწყება სკოლებიდან. სკოლის პრობლემა კი იმასთანაა დაკავშირებული, რომ ინტეგრირებული სწავლებაა _ ქართული  ენა და ლიტერატურა შეერთებულია. ფაქტობრივად, ენას საათი არ აქვს. ბუნებრივია, მასწავლებელს არ რჩება დრო, გრამატიკა ახსნას. თუმცა  სტანდარტულ პროგრამაში იგულისხმება, რომ მასწავლებელმა გრამატიკის ყველა საკითხი პროგრამულად უნდა ახსნას. დროთა განმავლობაში სწავლება მოწმდება. 2010 წელს შეამოწმეს დაწყებითი კლასები რამდენიმე საგანში, მათ შორის ქართულშიც და აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა ორჯერ უკეთ იციან გრამატიკა, ვიდრე ლიტერატურა და იციან ის, რაც ევალებათ ენის თვალსაზრისით. შემდეგ საბაზისო საფეხურზე და განსაკუთრებით დამამთავრებელ საფეხურზე კი, ყველაფერი ნულამდე დადის. ამის მიზეზი ისაა, რომ გრამატიკას ამ საფეხურებზე საერთოდ აღარ ექცევა ყურადღება და ის ცოდნაც იკარგება, რაც დაწყებით კლასებში მიიღეს. საუბარია არა იმაზე, ვაძლევთ თუ არა ცოდნას, არამედ იმაზე, ამას როდის და როგორ ვაკეთებთ. უმაღლეს სასწავლებელში მისვლისასაც, აბიტურიენტს გრამატიკაში მინიმალური ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეს.
_ ბატონო ავთანდილ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოსავალს რაში ხედავთ?
_ გამოსავალი არის ერთი: გადაიხედოს სასწავლო გეგმა. გაანალიზდეს ის საათები, რაც ახლაა გამოყოფილი ქართული ენისთვის, საკმარისია თუ არა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ ცოდნით მოდიან უმაღლეს სასწავლებელში.
ნუკი გაგულიძე

დაბრუნება დასაწყისში