Menu
RSS

რატომ გაიზარდა ქართველების გარდაცვალების ფაქტები ევროპაში და რას ეჭვობენ ემიგრანტები

ვერ გეტყვით, ხელისუფლების გადაწყვეტილებაა თუ უბრალოდ დამთხვევა, მაგრამ ფაქტია, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების გახშირებულ სიკვდილიანობაზე არავინ არაფერს ამბობს. მხოლოდ გასული კვირის სტატისტიკით, რაც ჩვენ მოვიპოვეთ, იტალიაში სამი ქართველი (32, 33 და 62 წლის), ბელგიაში ერთი _ 20 წლის, ესპანეთში ოთხი _ 23, 33, 39 და 42 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ვფიქრობთ, საქართველოს შესაბამის საელჩოებს აღნიშნული ინფორმაცია აქვთ, სხვაგვარად მათი გადმოსვენება ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ...
საინტერესო ის არის, რომ ყველა გარდაცვლილს ოფიციალურ დასკვნაში გულის შეტევა უწერია; ანუ ყველა ერთი და იგივე მიზეზით გარდაიცვალა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ძალიან უცნაური დამთხვევაა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. როგორც იტალიაში მყოფი ნაცნობები გვატყობინებენ, დღე არ გავა, საქართველოში 2-3 ადამიანი არ ჩამოასვენონ. საინტერესოა, რომ ქართველთა სიკვდილიანობის სტატისტიკა კონკრეტულად ევროპაში გაიზარდა და არა, მაგალითად, უკრაინასა თუ რუსეთში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს. იგივე ითქმის ამერიკის შეერთებულ შტატებზეც, სადაც სტატისტიკა პრაქტიკულად არ შეცვლილა.
შესაბამისად, ისმის კითხვა _ რა ხდება? სწორედ ეს ვკითხეთ იტალიაში მყოფ ნაცნობებს და, როგორც აღმოჩნდა, მათაც, ესპანეთში მყოფებსაც და ზოგადად, ევროპაში მცხოვრებ ჩვენებურებს ერთი აზრი აქვთ _ ეჭვობენ, ქართველ ემიგრანტებს ხოცავენ! შესაძლოა, ეს ხმამაღალ განცხადებად მოგეჩვენოთ და მათი ამგვარი განწყობა საეჭვოც იყოს, მაგრამ ფაქტია, სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს იქ მყოფი ქართველები. და რადგან ,,ვერსიის'' რესპონდენტის აზრს ბევრი ავითარებს, გადავწყვიტეთ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, მათი მონათხრობი, სტილის დაცვით შემოგთავაზოთ.
_ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ევროპაში არალეგალურად მყოფი ქართველები ერთგვარ გაურკვევლობაში ვართ. გვეუბნებიან, რომ ჩვენზე ნადირობას გამოაცხადებენ და საქართველოში დაგვაბრუნებენ; პარალელურად, ევროპაში დაბრუნება შვიდი წლით აგვეკრძალება. აქაურ საინფორმაციოებში, გაზეთებში, ხშირად ამბობენ, რომ ევროპის კეთილდღეობას და უშფოთველ ცხოვრებას ხელს ქართველები, ალბანელები, რუმინელები და ბულგარელები უშლიან ანუ, ჩვენ თურმე ვიპარავთ, ვყაჩაღობთ, კრიმინალი ჩვენს გამო ხდება და ამიტომ, თუ აქ არ გაგვაჩერებენ, ვითარება დამშვიდდება და ქურდობა უბრალოდ აღარ მოხდება. ამიტომ...
_ ერთი წუთით _ ამიტომ, მაგალითად, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, შარშან ჩადენილი დანაშაულის მხოლოდ ცხრა პროცენტი მოდის ადგილობრივებზე და ხომ ხვდები, ეს რას ნიშნავს? ეჭვი მაქვს, იტალიასა და ესპანეთშიც იგივე სტატისტიკა იქნება და...
_ და რა? არსებობს პოლიცია და თუ ვინმე რამეს აშავებს, დაიჭირონ. ჩვენ რა დავაშავეთ, რიგითმა ადამიანებმა, რომლებიც ვშრომობთ, კაცები მუშაობით წელში ვწყდებით, ქალები, პრაქტიკულად, მონურ სამუშაოზე არიან... და ამიტომ უნდა დაგვხოცონ და გაგვანადგურონ?
_ თავიდანვე მითხარი, მიზანმიმართულად გვხოცავენო და ვერ მივხვდი, რას ნიშნავს...
_ დასამალი არაა, რომ აქ, საქართველოსგან განსხვავებით, ნარკოტიკის ყიდვა იოლად შეიძლება. აქ ,,ბარიგა'' ღმერთია, გინდა გარეთ, გინდა ციხეში. აქაური ,,ბარიგები'' ყველაზე მაგარ სახლებში ცხოვრობენ, ყველაზე მაგარი მანქანებით დადიან.
_ ეგ ქართველების გახშირებულ სიკვდილიანობასთან რა შუაშია?!
_ საქართველოსი არ იყოს, აქაურ პოლიციასაც ორმაგი სტანდარტი აქვს. ის წვრილფეხობას იჭერს, გადამყიდველებს, მსხვილ ,,ბარიგებს'' კი ვერ ეხება, წამალზე ეგენი არ დაგვიჭერიაო. სამაგიეროდ, ის ,,ბარიგა'' იხდის, სადაც საჭიროა და ცხოვრობს მშვიდად. ჰოდა, როცა სჭირდებათ, მათ ისე იყენებენ, როგორც სურთ. ჩვენი, ყველას მოსაზრებით, ,,ბარიგებს'' იმ უბნებში, იმ ადგილებში, სადაც მასობრივად ცხოვრობენ ქართველები, ალბანელები, რუმინელები და ბულგარელები, მოწამლულ წამალს, მოწამლულ ნარკოტიკს აყიდინებენ. სიკვდილიანობა იმათ მხარესაც ძალიან გახშირდა. ჩვენი აზრით, ეს არის ერთი დიდი სპეცოპერაცია, რომელშიც მთელი ევროპის სამართალდამცავები ჩაერთნენ და რამდენიმე ათასი ადამიანის დახოცვით უნდათ პრობლემის მოგვარება...
_ შენ იცი ახლა რას მეუბნები?
_ ვიცი, მაგრამ თავად დაფიქრდით აბა _ აქ ბევრი ქართველი იკეთებს წამალს. დამიჯერე, რა, ნარკომანები კი არ არიან, ისე, კვირაში ერთხელ, ორჯერ ან თვეში ერთხელ ერთობიან. მეც გამიკეთებია ხოლმე იშვიათად, მაგრამ მაინც... ჰოდა, როცა წამალს წლებია ერთი და იგივე ტიპისგან იღებ, ერთი და იგივე დოზას იკეთებ და გკლავს, რისი ბრალია?!
_ არ ვიცი, არ ვარ მაგის ექსპერტი...
_ ბიჭო, ექსპერტი არც მე ვარ, მაგრამ... თავად დაფიქრდი. საქართველოშიც ხომ ასეთი მიდგომაა, წამალს აუცილებლად კრიმინალი უნდა იკეთებდეს, აქაც ასეა. ამიტომ, ფიქრობენ, რომ თუ ცუდი, მკვლელი წამალი იქნება, მაშინ კრიმინალებიც დაიხოცებიან. ,,კანონიერი ქურდებიც'' ჩარეული არიან, ბევრი დაიღუპა ძალიან და ესეც არ იყოს, ბევრი ქურდი თავადაც იკეთებს წამალს და იქაც იყო უკვე ორი შემთხვევა სიკვდილის. მაგრამ აქ ქურდებს არ სცნობენ, აქ ქურდი ბარიგაა და ჩვენთან კიდევ ,,ბარიგობა გრეხია''. მოკლედ, ასეთი სიტუაციაა, ევროპამ ვიზალიბერალიზაცია მოგვცა და არც ციანიდი დაგვამადლა...
_ ციანიდი რა შუაშია?!
_ მოდაშია ახლა ციანიდი საქართველოში და უფრო გაიგებენ, რას ვამბობ. ახლა რომ გითხრა, არიქა, გვიშველეთ-მეთქი, მაქედან ვერაფრით გვიშველი და...
_ გიშველით _ წამალი არ გაიკეთოთ და დამთავრდა ეგ პრობლემა.
_ მაქედან საუბარი მარტივია. აქ, ჯოჯოხეთში, მუშა კი არა, ვირი, მონა რომ ხარ, ხანდახან გინდა მოწყდე რეალობას და ყველაფერი ფეხებზე გეკიდოს. ახლა ვიცი, მეტყვი, ღვინო დალიეო და ღვინოზე იაფი წამალი ღირს აქ... უბრალოდ, თვეში ერთხელ სტატისტიკას თუ გადახედავენ, მიხვდებიან, რომ ევროპაში ფულის საძიებლად წასული ქართველები უცხო მიწაზე უპატრონოდ იხოცებიან...
P.s. რედაქციისაგან: ვფიქრობთ, შიშს დიდი თვალები აქვს. არალეგალურად თუ ლეგალურად უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები ბოლო ხანებში აქტიურად ითხოვენ პასუხს კითხვაზე, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, რა ბედი ელით მათ, გაატარებენ თუ არა სანქციებს არალეგალების მიმართ, დააბრუნებენ თუ არა იძულების წესით სამშობლოში; მით უმეტეს, ევროპაში ემიგრანტებისადმი (და არა მხოლოდ ქართველების მიმართ) საკმაოდ რადიკალური პროცესები დაიწყო. ამ ადამიანებმა პასუხი დღემდე, ვერც ერთი უწყებისგან, ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენლისგან მიიღეს და დღეს, როცა გაურკვევლობასა და შიშში მყოფი ქართველი ემიგრანტები, ქართველების წინააღმდეგ ევროპაში დაწყებულ შეთქმულების თეორიას ავითარებენ, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციის მიღებით მოგვრილი ნეტარება დათრგუნოს და საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს.
პატიმარი #0578

back to top