Menu
RSS

21 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს, რატი გაჩეჩილაძეს, ,,რუსთავი 2''- ის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემისთვის სასჯელი 3000 ლარის ოდენობით შეუფარდა. სასამართლო სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, მისი ადვოკატები _ ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი და ბრალმდებელი ბექა ხუნაშვილი. გაჩეჩილაძის მიმართ საქმე 126-ე მუხლით იყო აღძრული, რაც გულისხმობს ძალადობას (ცემას), რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დანაშაულისთვის რამდენიმე სახის სასჯელი არსებობს: თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ამ კონკრეტული ინციდენტისთვის კი მოსამართლემ სასჯელის ფორმად ჯარიმა აირჩია.
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს, 7 იანვარს თბილისში, რესტორან ,,დაინინგ რუმში'' „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ედება ბრალი. ბრალდებული 8 იანვარს დააკავეს, თუმცა 5000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ სასამართლოდან გაათავისუფლეს.
21 მარტის სასამართლო სხდომაზე პროკურორი ბექა ხუნაშვილი ბრალდებულისთვის ადეკვატურ სასჯელს ითხოვდა, რათა მას დაუსჯელობის სინდრომი არ გასჩენოდა. დაცვის მხარე კი იმ შემამსუბუქებელი გარემოებებით აპელირებდა, რაც ამ საქმეს ახლდა _ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ რატი გაჩეჩილაძე არ არის წარსულში ნასამართლევი, მას გააჩნია უმაღლესი განათლება, აქვს მუდმივი სამსახური და საცხოვრებელი ადგილი, ის თავად მივიდა საგამოძიებო სტრუქტურაში ამ დანაშაულთან დაკავშირებით და დაეხმარა გამოძიებას, ასევე აღიარა ბრალი. შესაბამისად, დაცვის მხარე მაქსიმუმ 2000 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.
ირმა ჭკადუას განმარტებით, დაცვის მხარე კმაყოფილი იქნებოდა, განაჩენი გამამართლებელი რომ ყოფილიყო: ,,მაგრამ რატის პოზიცია იყო ასეთი და თანაც, დაზარალებული მხარე ნიკა გვარამია ამ საქმის პოლიტიზირებას ცდილობდა, რაც სასურველი დოზით არ გამოუვიდა, რადგან მისი და მისი მეგობრების ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ რატი ამ ფორმითაც არ უნდა დასჯილიყო, მაგრამ ასე იმიტომ მოხდა, რომ მეორე მხარეს ნიკა გვარამია იყო. ასეთი ბევრი ინციდენტი ხდება ღამით, მაგრამ ხშირად მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლებიან. ამ დანაშაულისთვის ეს ჯარიმაც ზედმეტია. ნახევარი ბათუმი გადაიწვა და 200-500 ლარით დაჯარიმდნენ დაკავებულები. გააჩნია, დანაშაულის სიმძიმეს. გვარამიას კი არაფერი ეტყობოდა, სხვადასხვა ექსპერტიზას იტარებდა, რომ დაემძიმებინა საქმე, მაგრამ ექიმები ეუბნებოდნენ, რომ არაფერი სჭირდა''.
,,ვერსიასთან'' საუბრისას ირმა ჭკადუამ ისიც განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები სახელისა და გვარის გამო არ უნდა ისჯებოდნენ.
მეორე ადვოკატმა ლილი გელაშვილმა სხდომაზე რეპლიკის დრო გაჩეჩილაძის პიროვნულ მახასიათებლებზე საუბარს დაუთმო და ისიც განაცხადა, რომ ბათუმში მომხდარი ვანდალური აქტის მონაწილეები მიზერული თანხით დაჯარიმდნენ, გაჩეჩილაძის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გირაოს სახით განსაკუთრებით დიდი თანხა _ 5000 ლარი უსამართლოდ შეეფარდა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ,,ვერსია'' პროკურორ ბექა ხუნაშვილს ესაუბრა:
_ ბატონო ბექა, სასამართლომ რატი გაჩეჩილაძის წინააღმდეგ ადეკვატური გადაწყვეტილება გამოიტანა?
_ 3100 ლარი შეუფარდა მოსამართლემ. იქიდან გამომდინარე, რომ ორი დღე 5-7 იანვარს, გაჩეჩილაძე პატიმრობაში იმყოფებოდა, ამ თანხას 100 ლარი გამოაკლდა. შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის ადეკვატურობას და შესაძლოა გავასაჩივროთ კიდეც.
_ სანამ იმსჯელებთ, პირადად თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, თქვენ ხომ ამ საქმეზე ბრალმდებელი ხართ...
_ საერთოდ, სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ლოიალურია. ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი დანაშაულია და იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს, ერთი მხრივ ეს ორივე მოქალაქე საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებს უნდა გავუთანაბროთ, მაგრამ მეორე მხრივ... ისე, ზოგადად, 3000 ლარსაც არ უფარდებენ ხოლმე...
_ აბა რამდენს?
_ დაახლოებით 1000 ლარს. ამ შემთხვევაში, ალბათ, სასამართლომ ფაქტობრივი მხარე, ქმედების ჩამდენი პიროვნებები, მონაწილეები და ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა გაითვალისწინა.
_ როგორ ფიქრობთ, 3000 ლარის გადახდის შემდეგ ბრალდებულს დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდება?
_ ცემა ნაკლებად მძიმე დანაშაულია. მე რომ მოსამართლე ვყოფილიყავი, სავარაუდოდ, პირობით მსჯავრს გამოვიყენებდი. თუმცა არ მგონია, მას ამ სასჯელით დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდეს, რადგან სისხლის სამართლის საქმის წარმოება მის მიმართ მკაცრი იყო, ცემის გამო დაკავებული პიროვნება ბევრი არ მინახავს...
_ მერე ეგ კარგია?
_ გპასუხობთ კითხვაზე... დროული რეაგირება მოხდა დანაშაულზე და არ მგონია, დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდეს მას.
ადვოკატებისა და პროკურორისგან განსხვავებით, ,,ვერსიასთან'' საუბარი ბრალდებულმა არ ისურვა და სასამართლო დარბაზი კმაყოფილი სახით დატოვა.
თათია გოჩაძე

back to top