Menu
RSS

კარაქში გაცვლილი სალაპარაკო წუთების „ბიზნესი“ ზონაზე

ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური ნაწარმოები ,,დათა თუთაშხია'' წაკითხული თუ არა, უმრავლესობას ფილმად მაინც ნანახი აქვს და ასე თუ ისე, სიუჟეტი იცის. არის იქ ერთი მომენტი, როცა დათა ყანდურის სახლში მიდის. ყანდურს მეტსახელად ,,კაშკას'' ეძახდნენ, რადგან ციხეში ყოფნის დროს ფაფა უყვარდა და ბევრსაც მიირთმევდა. ფაფის რა გითხრათ, მაგრამ ზოგადად, კვების პრობლემა ციხეში მწვავედ დგას. პატიმრები კვების რაციონს მუდმივად უჩივიან და ეს გასაგებიცაა _ წინა ხელისუფლების დროს, არავინ იცოდა, რა იყო შეფუთული იმ ყუთებში, რომელიც ციხეში მიჰქონდათ და არსებობდა ვერსია, რომ მსჯავრდებულები მცენარეულ ცხიმში მოხარშულ ბიზონის ხორცს ჭამდნენ, რომელიც ამერიკული ბაზებიდან სიძველის გამო გამოჰქონდათ და საქართველოს ციხეებში ,,ყრიდნენ''. ფაქტი კი ის იყო, რომ მოხარშული ხორცი ძაფებად იშლებოდა და არაფრის გემო ჰქონდა.
დღეს კვების საკითხი, ასე თუ ისე, გამოსწორებულია, მაგრამ სიმართლე ისევ მწარეა _ საკვები ნარჩენების ყველაზე კარგად გასაღება იქ შეიძლება, სადაც ,,ატბროსკი ობშესტვა'' ცხოვრობს. საჭმლის გულისთვის პატიმარმა შესაძლოა ისეთი რამ იკადროს, რასაც დიდი ფულისთვის არ იკადრებს. როცა საკვებს უყურებ და კუჭი გეწვის, გადაწყვეტილებას სპონტანურად იღებ და ზუსტად ისე მიირთმევ, როგორც თორიების რკინის კასრში დამწყვდეული ვირთხა.
ზოგადად, ზონაზე ნორმალური საკვების გარდა, ტელეფონის პრობლემაა. კვირაში 15 წუთი ძალიან ცოტაა იმისთვის, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ეკონტაქტო, მეტის საშუალება კი უბრალოდ არ არის. ზოგი ამ 15 წუთს სამ ნაწილად ჰყოფს, 5-5 წუთს რეკავს კვირაში სამჯერ, ან თავის დროიდან სხვას უნაწილებს 5 წუთს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა რომელიმე პატიმარი სახლში ყოველდღიურად რეკავს და ტელეფონზე ზომაზე ბევრს საუბრობს.
,,ალადინ, ერთი კარგად ამიხსენი, ყოველდღე რომ ტელეფონზე კიდიხარ, როგორ? კაი ბიჭი და მაყურებელი შენ არ ხარ, ,,კაზიოლებს'' დრო აახიო, არც ქურდულისთვის საჭირო ზარებს აკეთებ და მაინც მუდმივად გაქვს ტელეფონის დრო'', _ უთხრა ზონაზე მისვლიდან ერთ კვირაში პატიმარმა #0578-მა აზერბაიჯანელ ალადინს, რომელიც სასჯელს ,,ბარიგობისთვის'' იხდიდა, თუმცა მაყურებლების კამერას ციხის მაღაზიის ნამცხვრებითა და სიგარეტით ამარაგებდა და უბატონოდ ხმას არავინ სცემდა.
,,მაგაზე იოლი არაფერია, უნდა იყიდო დრო და შენც დარეკავ'', _ გაუღიმა ალადინამ.
,,დრო ვიყიდო?! როგორ? ვისგან? ვინმე ამ ძვირფას წუთებს ყიდის? რა ღირს?'' _ დააყარა კითხვები #0578-მა.
,,აგერ, შენს კამერაში რომ ლევანი და ლაშა სხედან, ერთს რვა წელი აქვს ,,გათხრილი'', მეორეს ცხრა. გარეთ არც ერთს არავინ ჰყავს, არ რეკავენ, დრო არ სჭირდებათ. რადგან გარეთ არავინ ჰყავთ, კარტაზე ფულსაც არავინ ურიცხავს. შესაბამისად, კარაქი, ძეხვი, არაჟანი მაგათთვის უცხო ხილია. შენ რომ ,,ლარიოკის'' საჭმელზე ხარ, ეგენი ბალანდას აკვდებიან. დაკვირვებიხარ, შენ რომ არაჟანს ან კარაქიან პურს ჭამ, როგორ იყურებიან? დააკვირდი და მიხვდები'', _ აუხსნა ალადინამ.
,,მოიცა... და მთელი კვირა ეგენი უნდა ვკვებო?'' _ არ მოეშვა #0578.
,,რა მთელი კვირა? ერთი ,,პაჩკა'' კარაქი ან ერთი პატარა ძეხვი, სამ ლარამდე რომ ღირს, ეგ უყიდე და მორჩა. ანუ, 15 წუთის ყიდვა 2-3 ლარი დაგიჯდება. ამაზე იაფად გარეთაც არ არის. ოღონდ პირდაპირ არ უთხრა, დროში გამიცვალეო, იუკადრისებენ, ,,მუჟიკობაზე'' აქვთ პრეტენზია. უბრალოდ უყიდე და მერე თავად გეტყვიან სათქმელს, დამიჯერე'', _ აუხსნა ალადინამ.
პატიმარი #0578 კამერაში აბრუნდა და თან ,,კაზიოლიც'' აიყოლა. ფურცელზე მაღაზიაში საყიდელი სურსათი ჩამოუწერა და მშვიდად დაელოდა, როდის ამოუტანდა. ,,კაზიოლი'' ათ წუთში დაბრუნდა და ცელოფანი #0578-ის ნარზე დადო. პატიმარმა მშვიდად ამოიღო ოთხი ძეხვი და თავის კარადაში შეინახა. მერე, როცა ლევანი და ლაშა დაიმარტოხელა, ჩუმად უთხრა: ,,შეცდომით ძეხვი ჩავწერე ბევრი, გამიფუჭდება და თქვენ კიდევ კარტაზე ფული არ გერიცხებათ. აგერ, აიღეთ თითო და შეგერგოთ''.
ლევანმა და ლაშამ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ მშვიდად გამოართვეს ძეხვი, მაშინვე დაჭრეს და ორივემ ერთ ჭამაზე შეჭამა.
,,ბიჭო, ერთ ჭამაზე დაამთავრეს ძეხვი, დარეკვამდე ოთხი დღეა და ემახსოვრებათ იქამდე მაგ ძეხვის გემო?'' _ #0578 ალადინას კამერაში იჯდა.
,,ემახსოვრებათ, ნუ გეშინია. კარაქი უყიდე ერთი კვირის შემდეგ და იმაზე ,,იკაიფე'', როგორ შეჭამენ. ეგ ძეხვი მაშინვე იმიტომ გადასანსლეს, სხვა რომ არ ჩაზიარებოდა. მაგათ ხომ ,,მუჟიკობაზე'' აქვთ პრეტენზია და წესით, ნაჩუქარი ძეხვი უნდა დაეჭრათ და მაგიდის შუაში დაედოთ. კარაქზე ,,იკაიფე''-მეთქი, როგორ შეჭამენ, დამიჯერე...'', _ ღიმილით უთხრა ალადინამ.
დარეკვის დღე გათენდა. პატიმარი #0578 ადგა, ხელ-პირი დაიბანა და ამ დროს მასთან ლაშა მივიდა: ,,ძმაკაც, თუ ბევრი გაქვს დასარეკი, მე და ლევანა არ ვრეკავთ, ჩვენი დრო გამოიყენე...''
,,კარგი, მადლობა ბიჭებო'', _ უთხრა #0578-მა და იმ დღეს 45 წუთი სრულად გამოიყენა.
შემდეგ ჯერზე #0578-მა კარაქი ამოიტანა და გაოცდა, როცა ლევანმა და ლაშამ პურზე გადასმის შემდეგ, პური ამოაბრუნეს და ისე დაიწყეს ჭამა. პატიმარი ალადინასთან გაიქცა.
,,ვერ მიხვდი? მასე იმიტომ ჭამენ, ვინმემ რომ შემოიხედოს კამერაში და დაინახოს, ტეხავს. რომ გაიგონ, შენ უყიდე, ,,გაბაზრდება'' და უტყდებათ რა, რომ რეალურად დროს ყიდიან. ასე კიდევ ,,ჯიგრობა'' ჰქვია ამ ყველაფერს'', _ გაუღიმა ალადინამ.
მას შემდეგ პატიმარ #0578-ს დარეკვის პრობლემა არასდროს ჰქონია. უფრო მეტიც, ოთხი კარაქის ფასად კვირაში საათზე მეტი დრო ჰქონდა და ყველას მარტივად ურეკავდა. ერთი საათი კი სულ რაღაც ათი ლარი გამოდიოდა, რაც ციხის პირობებში ძვირი კი არა, ზედმეტად იაფი იყო.
პატიმარი #0578

back to top