Menu

სქემა, რომლითაც ლექტორი თანამდებობის პირებს „განათლებულ ადამიანებად“ წარმოაჩენს

მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ქვედა რგოლების დონეზე, შეიძლება ითქვას, გაუგებარი ხალხი მოვიდა. ბევრმა ეს დანიშვნები ზვიად გამსახურდიას დროსაც შეადარა, როცა თანამდებობებზე მძღოლები, მუშები, მწყემსები ინიშნებოდნენ. არც ერთი პროფესია სათაკილო არაა, მაგრამ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობას კვალიფიკაცია და გამოცდილება რომ სჭირდება, ფაქტია. გასულ კვირას რამდენიმე სახელმწიფო უწყებიდან ადამიანები მხოლოდ იმ მიზეზით გაუშვეს, რომ მათი დიპლომი ყალბი იყო; უფრო სწორად, დიპლომი დანიშვნამდე ერთი თვით ადრე ჰქონდათ აღებული და რეგისტრაციაც მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში. რამდენი ნაყიდი დიპლომია საქართველოში, გადაჭრით ვერავინ იტყვის, თუმცა ამბობენ, ბოლო დროს, კონკრეტულად ამ მიმართულებით, შსს-მ მუშაობა გაააქტიურა და მართლაც, თვე არ გავა, დიპლომის ყალბისმქმნელები არ დააკავოს...
პატიმარ #0578-თან ერთად, სასჯელს ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტის ლექტორი იხდიდა. იგი ციხეში დიპლომების გაყალბების გამო მოხვდა, თუმცა მხოლოდ ორი წელი ჰქონდა მისჯილი და ამბობდა _ მაქსიმუმ ნახევარ წელში გარეთ ვარო.
„შენ ისე გამოგდის, ძია გრიშა, „თეთრ ბაირაღებში“ მოშიაშვილი რომ ამბობს, ბევრი საიდუმლო ვიცი და თუ არ გამიყვანენ, დავფქვავო“, _ ღიმილით უთხრა ერთ დღეს #0578-მა.
„არა, არანაირი საიდუმლო არ ვიცი... უბრალოდ, ვიცი, ვის აქვს დიპლომი ნაყიდი; ექვს თვეში გარეთ თუ არ გავალ, სიტყვაზე მენდე, პირს მოვაღებ და იმდენს მოუწევს უდიპლომობის გამო სამსახურის დატოვება, ვერც წარმოიდგენ“, _ საიდუმლო ხმით თქვა გრიშამ.
„ანუ ბევრი გაქვს გაცემული?“ _ ისევ გაიღიმა #0578-მა.
„სამასამდე... და აქედან დაახლოებით ასი კაცი მაღალ თანმდებობაზეა, ამიტომ მათ ახლა ჩემზე მეტად უჭირთ ჩემი ,,სროკი'' და მეტადაც ნერვიულობენ“, _ თითი აიშვირა ჰაერში გრიშამ.
„თუ ასე ნერვიულობენ, არ მოგკლან შემთხვევით“, _ გაეცინა #0578-ს.
„ვიფიქრე მაგაზე მეც და... სია მაქვს ჩამოწერილი, ოჯახის წევრებმა კი იციან, სად დევს. რამე რომ დამემართოს, გაასაჯაროებენ და მაინც მოუწევთ თანამდებობის დატოვება“, _ თავი ჩაიქნია ყალბისმქმნელმა.
„ან როგორ აყალბებდი, ან შენამდე როგორ მოდიოდნენ...“ _ დაინტერესდა #0578.
„საქართველო პატარაა... ერთხელ ჭირს, თორემ მერე გაიგებს ყველა. შენ რომ გქონდეს ყალბი დიპლომი, მეგობარსაც ხომ გამოუშვებ ჩემთან. მე შენ გენდობი, შენ იმას და ასე...“, _ აუხსნა სქემა გრიშამ.
„როგორც ჩანს, მხოლოდ მაგაზე არ არის, თორემ ხომ ხედავ, ვიღაც ტყუილად ენდო ვიღაცას და ამოყავი კიდეც ციხეში თავი. როგორ დაგიჭირეს?“ _ ჰკითხა #0578-მა.
„ერთ გოგოს გავუკეთე დიპლომი, იმან კი დაქალი მომაყენა. პირადად მოჰყვა, კარგი გოგოაო... არ მომეწონა, ამიტომ გაკეთებული დიპლომი ამას გავატანე, შენ მიეცი დაქალს-თქო. წაუღო და ფული რომ გამოართვა, მაშინ ჩაავლეს. ქალის შეშინებას რა უნდა, აუწიეს ყურები, დაუყენეს კამერა და გამოუშვეს ჩემთან. ფული რომ ამოიღო და დათვლა დაიწყო, გულმა რეჩხი მიყო, იღებს, მგონი, ეს შობელძაღლი-თქო, მაგრამ მერე ვიფიქრე, გადაღება თუ უნდოდა, თავის დიპლომზე გადაიღებდა-თქო. რომ წავიდა, ვერ მოვისვენე, კიბეზე არ იქნებოდა ჩასული, დავეშვი მეც. ფული ჯიბეში მედო, ჩავჯექი მანქანაში, დავძარი და წინ გადამიდგნენ. კარი ჩავკეტე და გააღეო. ფანჯარა ჩამიმტვრიეს, ფული ამომიღეს, ხელზე ლაზერი დამანათეს და ეგ იყო რა“, _ დაასრულა მოყოლა გრიშამ.
„ის გოგო სასამართლოზე არ ნახე?“
„ვნახე და რა მერე? ტირილით ჩამივარდა მუხლებში, დაჭერით დამემუქრნენო, შვილი არ მყავს... ის... ეს... ვმკურნალობ, შვილი ხომ მინდაო... ქმარი მომკლავდაო და მოკლედ, რა...'', _ ხელი ჩაიქნია გრიშამ.
„სად მუშაობდა?“
„თბილისთან ახლოს ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული იყო...“
***
გრიშა საპატიმროდან მართლაც მალე გავიდა და პატიმარ #0578-ს უკვე თავისუფლებაზე შეხვდა.
„როგორ ხარ, გრიშა ბიძია?“
„ვახ, ამას ვის ვხედავ? შენ როგორ ხარ, ჩემო ძმაო? რას საქმიანობ?“, _ გრიშას პატიმარი #0578-ის დანახვა გაუხარდა.
„ვშრომობ, ვწვალობ... შენ საით ხარ?“
„ლექტორი ვარ და ვასწავლი სტუდენტებს“, _ თვალი ჩაუკრა გრიშამ.
„ისევ, კაცო?“ _ გაეცინა #0578-ს.
„ისევ... და იმასაც ისევ... აბა, ახლა უნდათ დიპლომები, თუ უნდათ... არ დაიჯერებ და ისეთ ტიპებს გავუკეთე, ტელევიზორში ხშირად რომ ხედავ. მე ვინ დამიჭერს, იმათი სახელები რომ ვთქვა, სირცხვილით მინისტრები დაიწვებიან. ამათი უწიგნური დედა ვატირე... ბიჭო, არჩევით თანამდებობას რომ არ უნდა დიპლომი, კი იცი და მეც, მაგრამ... გამგებლის მოადგილეს, სამსახურის უფროსს დიპლომი არ უნდა? ასეთი არაფერი გამიგია... დაიწყებენ მუშაობას, მერე ვიღაც წამოაძახებს, მორბიან ჩემთან და... მოკლედ, არაფერი ეშველება ამ ქვეყანას...“, _ ხელი ჩაიქნია გრიშამ.
„მართლა, დიპლომის ძვირია?“ _ სრული სერიოზულობით ჰკითხა #0578-მა.
„ორიდან სამი ათას დოლარამდეა. ეს თანხა კი ბევრს აქვს“.
პატიმარი #0578

back to top