Menu

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება ჟურნალისტის შვილს და როგორ აპირებს „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი მისი უდანაშაულობის დამტკიცებას

14 მარტს, თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ აქცია გამართა. მიზეზი მისი შვილის, 28 წლის დავით ხარშილაძის დაკავებაა. აქციაზე კილაძემ განაცხადა, რომ ქმნის საზოგადოებრივ ორგანიზაციას _ „არა ჩადებას'', რომლის ბაზაზეც ამუშავდება ცხელი ხაზი და ადვოკატთა ჯგუფი პოლიციის ძალადობის ყველა მსხვერპლს დაეხმარება.
წინასწარი ინფორმაციით, ელისო კილაძის შვილს ნარკოტიკული ნივთიერებისშემცველი ორი პაკეტი აღმოუჩინეს. ჟურნალისტი კი აცხადებს, რომ ხარშილაძეს ისინი პოლიციამ ჩაუდო, რათა მისი ჟურნალისტური საქმიანობა დაესრულებინათ. „ვერსია“ „ქრონიკა+“-ის რედაქტორს ესაუბრა და გაარკვია, რომ დაკავების ამსახველი კადრები არ არსებობს. დავით ხარშილაძე პოლიციამ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 მარტს, 16:00 საათზე დააკავა. ელისო კილაძის განმარტებით, მის შვილს არ მისცეს ოჯახსა და ადვოკატთან დარეკვის უფლება: „20:00 საათამდე არ ვიცოდით, სად იყო. ჩხრეკას პოლიციელების გარდა, არც ერთი მოწმე არ დაასწრეს. დაკავებისას ორი პაკეტი ჩაუდეს, ერთში ფხვნილია, მეორეში კი _ აბები. გადმოიყვანეს პოლიციის სამმართველოში. ექიმმა ვიზუალური შემოწმებისას თქვა, რომ ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ იყო. ჩემმა შვილმა ადვოკატის მისვლისთანავე შარდის ანალიზი ჩააბარა, ორჯერ ჩაუტარეს ნარკოტესტი და ორჯერვე სუფთა აღმოჩნდა. პოლიციელები გაოცებულები იყვნენ, როგორ, ბიოც არ ამოუვიდაო?! დამატებითი მასალა დალუქულია და გაგზავნილია ექსპერტიზისთვის. რაც შეეხება ამოღებულ პაკეტებს, ალბათ ექსპერტიზა გვეტყვის, რა არის ეს. რატომ გადაწყვიტეს, რომ მაინცდამაინც ნარკოტიკია ან პირდაპირ 260-ე მუხლით რატომ დაიწყეს გამოძიება, ვერ გეტყვით. ეს მუხლი ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა, შეძენა, დამზადებას გულისხმობს“, _ აცხადებს ელისო კილაძე და დასძენს, რომ ეს ფაქტი მის ჟურნალისტურ საქმიანობას, მასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირებას უკავშირდება: „ვიცი, სპეცოპერაციის დაგეგმვაში პირადად მონაწილეობდა სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი; ვიცი იმ ორი ინფორმატორის ვინაობა, რომლის ზარის მერეც ჩემი შვილი იმ დაუსახლებელ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სპორტის სასახლის უკან, სადაც ,,წამალი'' ჩაუდეს. დაკავებისას მიიღო დაზიანებები და ნაცემია. ის გაიქცა, რადგან იცოდა, ,,წამალს'' უდებდნენ. ტაქსის ტრაფარეტიანი მანქანა დაეჯახა და ამ მომენტში დაადეს ხელბორკილი“, _ გვიამბო კილაძემ და დასძინა, რომ მოითხოვეს დნმ-ის ანალიზიც, რადგან მის შვილს ამ პაკეტებთან შეხება არ ჰქონია. „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორს იმედი აქვს, სამართლებრივად შეძლებს შვილის უდანაშაულობის დამტკიცებას. „დანაშაულის ფაქტი რომ ყოფილიყო, პროკურატურასთან დავიწყებდი საპროცესო შეთანხმებაზე საუბარს და ის აღიარებდა ბრალს, მაგრამ არ აღიარა და არც აღიარებს, რადგან უდანაშაულოა“, _ აცხადებს კილაძე და ამბობს, რომ აუცილებლად მოითხოვს ფხვნილისა და აბების ალტერნატიული ექსპერტიზის საზღვარგარეთ ჩატარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დავით ხარშილაძე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თათია გოჩაძე

back to top