Menu

რა კავშირი აქვს ქუთაისელი ,,ბიზნესმენის'' დაპატიმრებასთან ზურაბ ნოღაიდელს

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ერთი უცნაური ტენდენცია თუ ტრადიცია შეინიშნება _ არიან ადამიანები, რომლებიც ერთ დროს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში იყვნენ, შემდეგ კი უკვალოდ ისე ,,გაქრნენ'', თითქოს არც არასდროს არსებობდნენ. არადა, არის პერიოდი, როცა მათ გარეშე ხელისუფლება წარმოუდგენელია. ერთ-ერთი ასეთი „დაკარგული'' საქართველოს ყოფილი ფინანსთა და პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელია.
 
„ბიჭო, ერთი ახლობელი მყავდა ,,სვაბოდაზე'', მესაათე იყო. მოოქროვილ საათებს ყიდულობდა, მერე რაღაც ხსნარში ამუშავებდა, ადნობდა, აშრობდა, იტოგში ოქროს იღებდა რა. მოოქროვილი საათები კი არა, იმხელა ნივთები ვიცი ქუთაისში, გადაირევა კაცი და ვის ეცოდინება, ერთი მოოქროვილი ნივთიდან რამდენი რჩება?“ _ მაყურებლებს ქუთაისელი რამაზი ელაპარაკებოდა.
„მე რას მეკითხები, წადი, მეშვიდე კამერაში რომ ახალი პატიმარი მოიყვანეს, იმას ჰკითხე. ეგ არის ოქროს მამა“, _ უთხრეს მაყურებლებმა. რამაზი მაშინვე გატრიალდა, მაგრამ პატიმარმა #0578-მა შეაჩერა, მეც წამოგყვებიო. ახალი პატიმარი ასე, 35-40 წლის იქნებოდა, ნარზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებდა, თუმცა სახეზე ეტყობოდა, სხვა რამეზე ფიქრობდა.
„ძამია, იცი, რა მინდა? მაყურებლებმა მითხრეს შენზე, ოქროში ფროიდიაო და მოოქროვილი ნივთებიდან რომ ჩამოვფხიკო ოქრო, მერე როგორ გადავადნო და რამდენი გამოვა?“ _ სალმის გარეშე, პირდაპირ საქმეზე გადავიდა რამაზი.
„რა უნდა ჩამოფხიკო და ვინ ვარ?“ _ თვალები გაუფართოვდა ახალ პატიმარს.
„ფროიდი რა... ახლა წავიკითხე, მაგარი როჟაა... ჰოდა, მაგიტომ გითხარი, კომპლიმენტად რა...“ _ დაიბნა რამაზი. პატიმარმა #0578-მა სიცილი ვერ შეიკავა, ახალსაც გაეცინა და ისევ ჰკითხა: „რა უნდა ჩამოფხიკო და საიდან?!“
„ბიჭო, რით ვერ გაიგე, მაქვს მოოქროვილი ნივთი, ოქროს წყალში ამოვლებულს რომ ეძახიან, დიდი ნივთია. რომ ჩამოვფხიკო, როგორ უნდა გადავადნო და რამდენი გამოვა, ტყუილად რომ არ ვიწვალო“, _ არ მოეშვა რამაზი.
„არ ვიცი“, _ მოკლედ მოჭრა ახალმა.
„შენ რა გქვია, ძამია?!“ _ ჰკითხა რამაზმა.
„სოსო მქვია და თუ კაცი ხარ, ფროიდი აღარ დამიძახო“, _ გაეღიმა სოსოს.
„მაყურებლებმა მითხრეს, ეცოდინებაო და გამოდის, მომატყუეს?!“ _ თვალები მოჭუტა რამაზმა და თან #0578-ს გამარჯვებული სახით გადახედა.
„მე ოქროს კონტრაბანდაზე ვზივარ, მისი წარმოება და შექმნა არ ვიცი, მით უმეტეს, რაღაც ნაფხეკებისგან. მაყურებლებს ალბათ სხვა ინფორმაცია აქვთ და მოგატყუეს თუ არა, შენ გაარკვიე“, _ მშვიდად მიუგო სოსომ და რამაზიც კამერიდან კუდამოძუებული გავიდა.
„სოსო, მე პატიმარი #0578 ვარ. არ მაინტერესებს, როგორ უნდა მიიღო ოქრო, მაგრამ ის კი მაინტერესებს, ოქრო როგორ შემოგქონდა? ამბობენ, პრემიერ-მინისტრს დაეჯახაო და... გილაურიც ოქროზე ჩალიჩობდა?“ _ ჰკითხა #0578-მა.
„არა, მაშინ პრემიერი ზურა ნოღაიდელი იყო. არ დავეჯახე, შემთხვევით მაგის ბიზნესს დავუპირისპირდი და... მოკლედ, გრძელი ისტორიაა და არაა საინტერესო“, _ უთხრა სოსომ.
„რამდენი წელი გაქვს?!“ _ გაეღიმა #0578-ს.
„სულ 10 მომცეს, ცოტა დამრჩა“, _ უპასუხა სოსომ.
„მეც ცოტა მაქვს დარჩენილი, მაგრამ იმდენი ნაღდად მაქვს, ნებისმიერი სიგრძის ისტორიის მოყოლას რომ ეყოფა. ინტერესით კიდევ, ყველაფერი მაინტერესებს“, _ თვალი ჩაუკრა #0578-მა.
„ნოღაიდელს გაყინული ქათმის ბიზნესი აქვს, უფრო სწორად, ბარკლების, რაც შემოდის, მაგის და ბურჯანაძის მაზლის, რემი ბიწაძის არის. მე არ ჩავერიე და გაყინული კუჭების შემოტანა დავიწყე. საქართველოში კუჭების პირველი პარტია ჩემგან შემოვიდა. იქ ვმალავდი ოქროს და კაროჩე, გადამხსნეს“, _ უხალისოდ მოჰყვა სოსო.
„როგორ?!“ _ არ მოეშვა #0578.
„როგორ და იდიოტი რომ ვარ, ისე... თავიდან პატარა პარტიებით დავიწყე, მე ოქრო მაინტერესებდა და არა კუჭები. მაგალითად, შემომქონდა ხუთი ათასი შეკვრა კუჭები, ორი ათასი ოქროთი იყო გაძეძგილი, დანარჩენი სუფთა. ისე ვალაგებდი, რენტგენი ვერაფერს აგნებდა. სანამ საზღვარზე მოვიდოდი, ერთი კვირა ვამუშავებდი მაცივარს და ყინულის სქელი ფენა ედებოდა ცალკე მანქანას და ცალკე კუჭებს. ორი ათასი მიფუჭდებოდა, რომ ვხსნიდი, იმათი შეკვრის თავი და სურვილი არ მქონდა, დანარჩენს კი ვაბარებდი. მერე და მერე, კუჭებს სადაც ვაბარებდი, მითხრეს _ ბევრი გვინდაო. ანუ, ოქროსთან ერთად, რეალურად კუჭების ბიზნესიც აეწყო და პარტია გავზარდე. მერე, როგორც ჩანს, ნოღაიდელის ,,სასტავსაც'' დაუჯდა ჭკუაში კუჭებზე ჩალიჩი და დაიწყეს შემოტანა. რა თქმა უნდა, მე არ ვიცოდი, რომ მაგის ,,სასტავიც'' ამოძრავდა და მშვიდად ვაგრძელებდი მუშაობას. ერთ დღესაც, საზღვარს რომ მოვადექი, მითხრეს, ცოტა ხანს დგომა მოგიწევსო. ორი დღე რომ გავიდა, მოვიკითხე, როდის შემიშვებთ ქვეყანაში-მეთქი და მოიცადეო. მერე ჩემი მძღოლი წაიყვანეს და რომ დაბრუნდა, მითხრა, მაცივარი უნდა გამოვრთო, სხვა გზა არ მაქვს, დამემუქრნენო. რა იცოდა იმ უბედურმა, რომ კუჭები მეკიდა და მაცივრის გადნობით, ოქრო გამოჩნდებოდა. არ გამორთო-მეთქი და მაშინ, შენ მოელაპარაკეო. წავედი მოსალაპარაკებლად და ბოლოს არარეალური თანხაც კი შევთავაზე ქვეყანაში მალე შეშვების სანაცვლოდ. მანდ დამერხა, გადააყენეს ჩემი მანქანა და სულ სათითაოდ გახსნეს შეკვრები. ასე იპოვეს თითქმის ათი კილო ოქრო“, _ დაამთავრა მოყოლა სოსომ.
„რაღაც არ გამიგია, საზღვარზე ამდენი ოქრო დაეკავებინათ“, _ გაუკვირდა #0578-ს.
„ვერც გაიგებდი. როგორც კი იპოვეს, მაშინვე გადარეკეს, გადმორეკეს და მთელი მინისტრთა კაბინეტი იქ მოვიდა. ვის რამდენი შეხვდა, არ ვიცი, მაგრამ მე მცირე ნაწილი დამიტოვეს ბრალის წარსადგენად, მერე ისიც თქვეს, ამაზე დიდი ,,სროკი'' არააო და წამალიც მიაყოლეს. ასე მომცეს ათი წელი და ასე შევეწირე ნოღაიდელის ქათმებს“, _ თავი გადააქნია სოსომ.
„ახლა რას აპირებ?“ _ ჰკითხა #0578-მა.
„არაფერს. დამიჯერე, ამ ქვეყანაში არაფრის გაკეთება არ ღირს. უნდა წახვიდე აქედან, გაასწრო, თუნდაც საზღვარგარეთ დაგიჭირონ, ადამიანად მაინც იგრძნობ თავს იქაურ ციხეში. აქ კიდევ ვინ ვართ? იმაზე მეტი ფასი არ გვაქვს, ვიდრე იმ გაყინულ კუჭებს“, _ თქვა სოსომ და თავი ბალიშში ჩარგო.
პატიმარი #0578

back to top