Menu
RSS

140 ათასი დოლარი, ორი ყელგამოჭრილი და 11-წლიანი „სროკი“


90-იან წლებში ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა. ბევრი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომს ემსხვერპლა, არანაკლები _ სამოქალაქო ომსა და ე.წ. საძმოების დაპირისპირებას. იყვნენ ისეთებიც, ვინც ქვეყნიდან წასვლა და კრიმინალით ფულის კეთება პოსტსაბჭოთა სივრცეში დააპირა, მაგრამ უმრავლესობა, პრაქტიკულად, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დალაგებული სიტუაცია მაშინ არცერთ ქვეყანაში არ იყო და ადამიანის სიცოცხლეს ფასი უბრალოდ არ ჰქონდა. ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ მაშინ საქართველოდან ეთნიკური უმცირესობების დიდი მიგრაცია მოხდა. ერთ-ერთი, ვინც მაშინ ქვეყანა დატოვა, სერგეი და მისი დის ქმარი, მანუჩარი იყვნენ. სერგეი აისორი იყო, მანუჩარი _ სომეხი და მათ ბედის საძიებლად რუსეთს მიაშურეს. სამი თვის შემდეგ, მანუჩარი დაბრუნდა, სერგეი კი არსად ჩანდა. მან საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ 12 წლის შემდეგ მოახერხა და... საკუთარ სიძეს ყელი გამოჭრა. ქართულმა სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის პატიმრობის მეცხრე წელს ითვლიდა, როცა რუსთავის #17 დაწესებულებაში პატიმარმა #0578-მა გაიცნო.
„სერგო, არ ვიცი, გახსოვარ თუ არა, მაგრამ შენ და შენი სიძე რუსეთში რომ მიდიოდით, ერთ კვირით ადრე მანქანა გაყიდეთ. ჩემმა ძმამ იყიდა ის მანქანა, მეორე დღეს ავარია გააკეთა და პარქტიკულად ჯართში გადავაგდეთ. გახსოვს?“ _ ჰკითხა #0578-მა.
„მახსოვს და ახლა არ მითხრა, ფული დამიბრუნეო“, _ გაეცინა სერგოს.
„არა, რა ფული, მოსათხოვი რომ ყოფილიყო, მაშინვე მოგთხოვდით. იცი, რა მაინტერესებს, რა მოხდა რუსეთში ისეთი, რომ ჩამოხვედი და სიძე გაიმეტე?“ _ პირდაპირ ჰკითხა #0578-მა.
„არ მგონია, ძალიან საინტერესო იყოს“, _ მოიღუშა სერგეი.
„შეიძლება, მაგრამ მაინც მაინტერესებს. ამბობდნენ, ფულის გამო მოკლაო“, _ მიანიშნა #0578-მა.
„მე გავიმეტე ფულის გამო? სისულელეა... რომ ჩავედით, თავიდან გადავწყვიტეთ ,,გვეჩალიჩა'', ცოტ-ცოტას ვიპარავდით, მაგრამ პრაქტიკულად მშიერი ვკვდებოდი. მერე, მშენებლობაზე ,,გავჩითეთ'' ადგილი. არ გვიხდიდნენ ცუდად. ხელფასის გარდა, სხვა შემოსავალიც გვქონდა _ პატარ-პატარა რაღაცებს ვიპარავდით იმავე მშენებლობიდან და სახლშიც ვაგზავნიდით ფულს. მერე ჩემი დისშვილი დაიბადა და საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ. აეროპორტში ერთი ბიძა ვნახეთ ჩაძინებული, გვერდით ჩანთა ედო, კარგად ეცვა. ჩანთა მარტივად გავუწიეთ, ტუალეტში შევედით, გავხსენით და დოლარის შეკვრები დავინახეთ. რა საქართველო, მაშინვე უკან გამოვბრუნდით, ტაქსით დავბრუნდით ქალაქში და ჩვენს ბინაში ავედით. 140 ათასი დოლარი იყო. ხომ ხვდები, მაშინ ეს რა თანხას იყო? შევთანხმდით, საქართველოში ორი დღის შემდეგ წავიდოდით და უკან აღარ დავბრუნდებოდით, იქ დავიწყებდით რამეს. აბა, ახალგაზრდა კაცებს მოსკოვში რომ 140 ათასი აქვთ, რა გააჩერებს? სასტუმროში წავედით, ორი ქალი ავიყვანეთ და დავიწყეთ დალევა. მერე გავითიშე, დილით კი იქაურმა მილიციამ გამაღვიძა. ყელგამოჭრილი ეგდო ჩემი ქალი. დანაზე ჩემი ანაბეჭდები იყო. მეორე ქალიც მალე იპოვეს და იმან თქვა, ჩვენ სხვა ნომერში ვიყავით, ამათ რა ქნეს, არ ვიცი, ხმაური არ გამიგია. დილით ჩემი კაცი ადრე წავიდა, დაქალთან შემოვედი და ეს სურათი დამხვდაო. ექსპერტიზა მოვითხოვე, დასაძინებელი წამალი მქონდა დიდი დოზა მიღებული, მაგრამ მაშინ ხომ იცი, რა და როგორ იყო, დაიკიდეს ექსპერტიზაც, მეც და ,,სროკი'' მომცეს. მოვიხადე, ჩამოვედი და მანამდე ისიც გავიგე, რომ საქართველოში დაბრუნებულმა მანუჩარამ ჩემი და სახლიდან გააგდო, ვიღაც სხვა მოიყვანა და ჩემს დასა და დისშვილს კაპიკს არ აძლევდა. შენ არ მოკლავდი?“ _ კითხვა შეაბრუნა #0578-მა.
„არ შეგეძლო, შენებისთვის ხმა მიგეწვდინა? გეთქვა, ასე ხდებაო?“ _ ისევ ჰკითხა #0578-მა.
„ველაპარაკე მამაჩემს, ჩემს დასაც, მაგრამ რა უნდა ექნათ? ვერაფერი... არაფერი... ამიტომ რომ ჩამოვედი, ჩემით აღვადგინე სამართლიანობა“, _ თქვა სერგეიმ.
„და ეგ არის სამართლიანობა, ისევ ციხეში ხარ!“ _ გაეღიმა #0578-ს.
„კი, ეგ არის. მთელი ეს წლები რუსეთში ფიქრი არ მასვენებდა, ახლა მშვიდად ვარ, მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ, მთავარი წლები კი არა, შურისძიებაა“, _ დაასრულა სერგომ.
პატიმარი #0578

back to top