Menu
RSS

რატომ ჩაერთნენ „ციანიდის სკანდალის“ მოწმეები ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი რატი გაჩეჩილაძის საქმის განხილვაში

,,რუსთავი 2''-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე 6 მარტს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და პროცესი 21 მარტის 10:30 საათამდე გადაიდო. ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს, 7 იანვარს თბილისში, რესტორან ,,დაინინგ რუმში'' „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ედება ბრალი. ბრალდებული 8 იანვარს დააკავეს, თუმცა 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლეს. 20 თებერვალს გამართულ პროცესზე, ბრალდებულმა დანაშაული ოფიციალურად აღიარა, ამიტომ პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, განაჩენი გამამტყუნებელი იქნება. პროკურორმა ,,ვერსიას'' ისიც განუმარტა, რომ აღნიშნული დანაშაული ერთი წლის ვადით პატიმრობით ისჯება, თუმცა რადგან გაჩეჩილაძემ დანაშაული აღიარა, შეიძლება პირობითი სახის თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯოს. 6 მარტს კი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესს, შეიძლება ითქვას, რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორი ახლდა _ ბრალდებულის ადვოკატებმა _ ირმა ჭკადუამ და ლილი გელაშვილმა თითქმის ნახევარი საათი დააგვიანეს და განაცხადეს, რომ რატი გაჩეჩილაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდებოდა, რადგან სავარაუდოდ, ვირუსი ჰქონდა. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო წუთამდე არ იყო ინფორმაცია, რომელ დარბაზში ჩატარდებოდა სხდომა, რაც პროკურორმა ბექა ხუნაშვილმაც გააპროტესტა და დაგვიანების მიზეზად დაასახელა. საბოლოოდ, პროცესი მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ წარმართა. სხდომის გადადების მიზეზად კი, რატი გაჩეჩილაძის გამოუცხადებლობა დაასახელა. პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა ადვოკატებს ბრალდებულის ავადმყოფობის სამედიცინო ცნობა შემდეგი სხდომისთვის მოსთხოვა. პროცესის დაწყებამდე და ამ ოფიციალურ განაცხადამდე კი, პროკურორმა და ადვოკატებმა ,,რაღაც საკითხზე'' ხმადაბლა ისაუბრეს და ,,მეგობრული ტრიალოგის'' შემდეგ პროკურორი საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.
6 მარტის სხდომას, წინა სხდომისგან განსხვავებით, არ ესწრებოდნენ ჟურნალისტები, რომლებიც მაშინ, გაჩეჩილაძეზე მეტ კითხვას, ადვოკატებს ,,ციანიდის საქმეზე'' უსვამდნენ. ზოგადად, გახმაურებულ საქმეებში ერთი და იგივე ადამიანების გამოჩენა, ეჭვებს აჩენს. საზოგადოებაში იმაზეც კი საუბრობენ, თითქოს ეს ფაქტი, გარკვეულწილად, ადასტურებს, რომ ამა თუ იმ საქმეში ისინი ხელისუფლების ინტერესებს ატარებენ. ,,ვერსია'' დაინტერესდა, რატომ ფიგურირებს ამ ორ საქმეში ერთი და იგივე პირები ადვოკატებისა თუ შემთხვევითი მოწმეების სახით და კითხვით, ირმა ჭკადუასა და ლილი გელაშვილსაც მიმართა. ირმა ჭკადუამ კითხვაზე ჯერ კითხვითვე გვიპასუხა:
_ თქვენ სახელისუფლო ჟურნალისტი ხართ?
_ არა.
_ ყველა საუბრობს, რომ ,,რუსთავი 2'' ერთადერთი ობიექტური მედიასაშუალებაა, ამაზე პროტესტი არ გიჩნდებათ?
_ თუ რაიმე საკითხზე პროტესტის გრძნობა მიჩნდება, საჭირო ადგილას გამოვხატავ, თქვენ კი ჩემს კითხვაზე არ გიპასუხიათ...
_ ლევან გაჩეჩილაძე ჩვენი მეგობარია, წლები გვაკავშირებს, ერთად ვიბრძოდით. ყველას ჯვარი სწერია, მაგრამ თუ კი დასჭირდება, ყველა ჩემს მეგობარს დავეხმარები.
მეორე ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა კი, ,,ვერსიასთან'' ამგვარი განმარტება გააკეთა: ,,ჩვენ ძალიან ბევრ საქმეზე ვჩნდებით ერთად, ხელისუფლება რა შუაშია?! არ მესმის, რა შუაშია ასეთი მათემატიკური გათვლა ხელისუფლებასთან...''
თათია გოჩაძე

back to top