Menu
RSS

რას გეგმავენ ქართველი ,,ქურდები“

პრაქტიკულად, ერთი თვეც არ დარჩა, სანამ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ. ვერ გეტყვით, როგორ აისახება ეს რიგით მოქალაქეებზე, მაგრამ კრიმინალური სამყარო ამ მოვლენისთვის განსაკუთრებით ემზადება. ყველა ხვდება, რომ ეს არ იქნება უკონტროლო მიმოსვლა და ევროპა საქართველოს მოქალაქეებს გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს, თუმცა, მეორე მხრივ, წასვლა უნდა გაადვილდეს, მერე კი...
დათო მ. პატიმარ #0578-თან ერთად სასჯელს რუსთავის #17 დაწესებულებაში ქურდობისთვის იხდიდა. თავად ბედნიერი იყო _ აქაოდა, რეალურად ყაჩაღობაზე დამიჭირეს, მაგრამ დაზარალებულმა ივარგა და ქურდობაზე გადაიტანესო. ანუ, როცა დათო ბინაში შევიდა, ოჯახის უფროსს ეძინა, გაიღვიძა, ამან იარაღი დააძრო, მაგრამ პისტოლეტმა უმტყუნა, არ გავარდა და... თავადაც არ იცოდა, რატომ იცრუა დაზარალებულმა და რატომ თქვა, იარაღი არ ჰქონია, ცარიელი ხელებით იყოო. როცა დათოს სახლის პატრონის მძიმე მუშტი მოხვდა, გონება დაკარგა, აზრზე მოსულს თავზე უკვე პოლიცია ედგა და სახლის მეპატრონის ხმა გაიგონა, რომ გამეღვიძა, მთვარეულივით დადიოდა, ავდექი, დავარტყი და თქვენ დაგირეკეთო. აბა, დათო როგორ იტყოდა, იარაღი მქონდა და არ გავარდაო და არც თავის პისტოლეტის ბედი იცოდა და არც ის, რა განზრახვა ჰქონდა რეალურად სახლის მეპატრონეს. ისე იყო თუ ასე, კუთვნილი ექვსი წელი დათომ პატიოსნად მოიხადა, ამ პერიოდში ცოლსაც დაშორდა, რადგან გოგომ არ ისურვა, ქურდის ცოლის სახელი რქმეოდა, ბავშვი მშობლებთან წაიყვანა და წავიდა...
რამდენიმე დღის წინ, პატიმარი #0578 და დათო შემთხვევით, იუსტიციის სახლთან შეხვდნენ. გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა, თბილად მოიკითხეს და პრაქტიკულად, ორივემ ერთდროულად თქვა, ხინკალი ვჭამოთო. მეგობრები ხინკლის საჭმელად შევიდნენ და ზონის ბალანდის გახსენების შემდეგ, თავისი ამბები მოყვნენ.
,,რასაც ახლა გეტყვი, არ დამცინო. რომ გამოვედი, ძმაკაცმა ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში მიმიყვანა, მანქანაზე დამსვეს და მაღაზიებში სარეცხი საშუალებები, კბილის ჯაგრისები, ტუალეტის ქაღალდები... ,,იტოგში'', აბაზანაში რაც უნდა იყოს, ეგ ,,ტავარი'' დამქონდა. ექვსი თვე ვიარე და ხელფასი ოთხას ლარზე ცოტა მეტი მქონდა. თუ გასაღებას გაზრდი, ხელფასსაც გაგიზრდიო და გავზარდე კიდეც _ ერთმა ძმაკაცმა მაღაზია ამოქოქა, თვეში თითქმის ათი ათასის საქონელს ყიდდა და მომიმატეს ასი ლარი. გავცოფდი, ბიჭო... ათი ათასის საქონელს ვუსაღებდი და ამათ ასი ლარის მეტი ვერ გაიმეტეს.
შევეშვი დისტრიბუციას, ვაგინე უფროსს, უკან დაბრუნებაზე რომ არ მეფიქრა და ყველა გზა მოჭრილი მქონოდა. მივდექი, მოვდექი და საბერძნეთში წავედი. იქ ქართველი მომპარავების მოძებნას დიდი დრო არ უნდა, ნებისმიერ დიდ მაღაზიასთან ,,დააბირჟავე'' და თავისით მოვლენ. ერთი ეგაა, ყურადღებით უნდა იყო, ბაცაცებს არ უნდა გაეკარო, სერიოზულ ხალხთან იმუშაო. ასე გავიცანი სამი ბიჭი, ავუხსენი, ვინც ვიყავი, რაც შემეძლო და გავხდი მაგათი ,,კამანდის'' წევრი. ძალიან მარტივი სქემა გვაქვს _ ორი თვე ვიპარავთ, სამი თვე საქართველოში ვართ და მოპარულს აქ ვხარჯავთ. 4-5 ათასი ევრო ჩამომაქვს, ჩემებთან ვარ, შვილს ვასეირნებ, ბილეთის ფული რომ დამრჩება, ვჯდები თვითმფრინავზე და ,,იალა'', საბერძნეთი...''
,,აგიწყვია ცხოვრება...'', _ გაეცინა #0578-ს.
,,იცი, როგორ არის? მთავარია, არ ,,ინაგლო'', რა. ოთხი კაცისთვის თვეში ათი ათასი ევრო ბევრი არაა, ანუ ორ თვეში 20 ათასამდე ვშოულობთ. გაყავი ეს 60 დღეზე და 350 ევრომდე გამოდის დღეში, ანუ პრაქტიკულად არაფერი. ათ მაღაზიას რომ ჩამოუარო, 35 ევროს საქონელს კი გაწევ მარტივად. თან ერთსა და იმავე მაღაზიას არ უნდა მიადგე ყოველდღე. მოკლედ, ასე ვმუშაობთ... რა ვქნა აბა, ისევ დისტრიბუციაში ხომ არ წავალ?!'' _ სიცილით უპასუხა დათომ.
,,დაჭერის შანსი?'' _ დაინტერესდა #0578.
,,მაგის შანსი სულ არის, მაგრამ... მაგალითად, არის ძეხვი, კარაქი, ხიზილალა. ერთი პატარა ხიზილალა, ნატურალური, 150 ევრო ღირს. ორ ცალს თუ წამოიღებ, დღიური გეგმა გაკეთებულია. ორი ცალის მოპარვას კიდე მართლა არ უნდა ფილოსოფია. თან ერთსა და იმავე მაღაზიაში არ უნდა აიღო, 300 ევრო ზარალია იმისთვისაც და შეიძლება, კონტროლი ისე გააძლიეროს, საერთოდ ვეღარ შეხვიდე. 50-ევროიანი ძეხვებია და კიდევ...''
,,და ამ ყველაფერს სად ყიდით?''
,,ეეე... აბა, შენა ხარ რა... პროდუქტი იშოვე და გაყიდვას რა უნდა?! ნებისმიერ რესტორანს მიადექი, ხელიდან გტაცებენ. ჩვენ რომ 20 ათასი გვრჩება თვეში, ერთი მაგდენი რესტორნების მეპატრონეებს რჩებათ, მეტი თუ არა... ახლა ეს ვიზალიბერალიზაცია წაგვეხმარება ცოტას და ნახავ, რა მაგრად ავეწყობი...'' _ გაიღიმა დათომ.
,,ვიზალიბერალიზაცია თქვენთან რა შუაშია?!'' _ პირი დააღო #0578-მა.
,,რა შუაშია და, შპს-ს ვაარსებთ საბერძნეთში. რაღაცებს ოფიციალურად წავიღებთ და წამოვიღებთ. ბევრს არაფერს, მაგრამ მოქმედებაში ვიქნებით, გადაფრენა-გადმოფრენაც გამართლდება, საელჩოც უფრო დაგაფასებს, ბიზნესმენია, ინვესტიციას აბანდებს კაციო. ჰოდა, ვიზის ფული ცალკე დაიზოგება და იმდენი ჩალიჩიც აღარ დაგვჭირდება... ეგებ მართლა აეწყოს რამე ლეგალური'', _ აუხსნა დათომ.
,,მაგალითად?'' _ არ მოეშვა #0578.
,,მაგალითად, აქ იყიდება კარგი ძეხვი და იყიდება ცუდი ძეხვი. იქაც ასეა. წამოიღე ძეხვი, ჩააბარე და მიდი, ,,იგულავე''. დისტრიბუციაში ნამუშევარი ვარ და კი ვიცი, რა როგორ კეთდება. ბერძნულ ძეხვს ცოტა სპეციფიკური გემო აქვს, სუნელებია სხვანაირი. ქართველებს თუ მოეწონათ, მერე შემოტანას გავზრდი. ეგ კი არა და, ,,ქურდები'' ფიქრობენ სერიოზული ბიზნესების აწყობას. თან იცი, როგორ იქნება? ძეხვებს ხომ ვიპარავთ? ჩვენი შპს იქნება მომწოდებელი აქაურ შპს-ზე და საბუთს ოფიციალურად დავწერთ. ანუ, იქაური შპს-ს სახელით, აქაურ შპს-ში ჩამოვა ძეხვი, გაიყიდება და მოგება მთლიანად ჩვენია, რა. მე შენ გეტყვი, წარმოებაში დაგვეხარჯება თანხა თუ შეფუთვაში'', _ გაიცინა დათომ.
,,და ,,ქურდები'' რას აპირებენო, რა თქვი?!''
,,საქართველოში მანქანების ჩამოყვანამ პრაქტიკულად აზრი დაკარგა. სამაგიეროდ, ნაწილების ბაზარი ამუშავდა, ძველ მანქანებს უვლიან ახლა, იციან, ახლის ყიდვა გაუჭირდებათ. ჰოდა, მოიპარე მანქანა საბერძნეთში, დაშალე და წამოვიდა ნაწილები ჯორჯიაში. ვიზალიბერალიზაცია მარტო გახსნილი საზღვარი არ არის, ძმაო, ეს ცხოვრებაა, ბიზნესია, იქ გახსენი, აქ შემოიტანე...'', _ დაასრულა დათომ.
ვერ გეტყვით, რა მოხდება რეალურად, მაგრამ ვიზალიბერალიზაციაზე ყველა თავის იმედს რომ ამყარებს, ფაქტია
პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში