Menu
RSS

ვინ არის გელა ბარკალაია და რა კავშირი ჰქონდა ნაციონალებთან

რამდენიმე დღის წინ, ,,მათე მოტორსის'' მფლობელი, ბიზნესმენი გელა ბარკალაია დააკავეს. მას ბრალი მძიმე დანაშაულში ედება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ძიებამ ბიზნესმენს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა და ისიც ცნობილია, რომ ადვოკატი გელა ბარკალაიას დღეს, 6 მარტს მოინახულებს.
დაკავების ოფიციალური მოტივი
შსს-ს თქმით, ,,მათე მოტორსის'' მფლობელს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს. სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის მძევლად ჩაგდებას, ამ მუხლის მეორე ნაწილი კი ქმედებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის. კიდევ ერთი, არანაკლებ მძიმე მუხლი, რასაც ბრალდება ბარკალაიას ედავება, სსკ-ს 157-ე მუხლია, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.
სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ბრალდების მტკიცებულებები გაითვალისწინა და გელა ბარკალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ,,რუსთავი 2''-ის ინფორმაციით, თავად ბარკალაია, მომხდარს მისი ბიზნესით დაინტერესებას უკავშირებს, რადგან ბრალდებაში ოფიციალურად საუბარია 2014 წელს, პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, სადაც საზოგადოებისთვის უცნობი ქალი, ,,მათე მოტორსის'' დირექტორს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, საქმეში სხვა დაზარალებულებიც არსებობდნენ, თუმცა ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.
არაოფიციალური ვერსიები _ ვინ არის გელა ბარკალაია
ერთ-ერთი ვერსიით, გამორიცხული არაა, გელა ბარკალაია ,,თეგეტა მოტორსის'' ინტერესებს გულისხმობს. ამ ვერსიას 2014 წლის სექტემბერში, გაზეთ ,,ქრონიკა +''-ში გამოქვეყნებული მისი ინტერვიუც ამყარებს. ინტერვიუში, გელა ბარკალაია იაპონური კომპანია ,,ტოიოტას'' კავკასიური მიმართულების კურატორის, ანდრეი მურავსკისა და ,,ტოიოტა კავკასიის'' ხელმძღვანელის, იუჯი ვაგატას ბურუსითმოცულ საქმიანობაზე საუბრობს, რომლებმაც ,,მათე მოტორსთან'' მიღწეული შეთანხმება ჩაშალეს და უპირატესობა ,,თეგეტა მოტორსს'' მიანიჭეს:
,,იაპონელებს ჰქონდათ კონკრეტული მოთხოვნები, რომელთა შესრულება საკმაოდ დიდ ფინანსურ კაპიტალს მოითხოვდა. კერძოდ, მურავსკის სიტყვებით, ჯერ უნდა ამოქმედებულიყო „ტოიოტას'' ცენტრი ქუთაისში და მხოლოდ ამის მერე მომეცემოდა უფლება, მსგავსი თბილისშიც გამეხსნა, თან თბილისში აუცილებლად აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას ითხოვდნენ. მეორე და უმკაცრესი მოთხოვნით, მე მეკრძალებოდა მათ მიერ გადმოცემული მანქანების მესამე ქვეყნებში გაყიდვა. სრულიად შემთხვევით, ერთმა ჩემმა მეგობარმა გაიგო, რომ ეს ჩემი იაპონელი ,,მეგობრები'', თურმე, ორმაგ თამაშს ეწეოდნენ. ჩემთან შეხვედრების პარალელურად, მოლაპარაკებას აწარმოებდნენ „თეგეტა მოტორსთან'' და პრაქტიკულად, ,,ტოიოტა კავკასიის'' დილერობაც, უკვე გადაცემული ჰქონდათ''.
სამი წლის წინ, გელა ბარკალაია ,,ქრონიკა +''-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ანდრეი მურავსკიმ და ,,ტოიოტა კავკასიის'' წარმომადგენელმა იუჯი ვაგატამ, ,,მათე მოტორსთან'' შეთანხმება დაარღვიეს, თუმცა კომპანიას საქმიანობა უკვე დაწყებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მაინც ,,თეგეტა მოტორსთან'' ურთიერთობა ამჯობინეს, რომელსაც რამდენიმე მილიონ ლარიანი დავალიანება ჰქონდა. ბარკალაია აპირებდა, იაპონელებისთვის სასამართლოში ეჩივლა...
მართალია, სამართალდამცავებმა გელა ბარკალაია საკმაოდ მძიმე ბრალდებით დააკავეს, მაგრამ ეს ბიზნესმენის პირველი დაპატიმრება არ არის. 2010 წლის 13 ივნისს, ,,მათე მოტორსის'' დამფუძნებელი და ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებიდან ერთ კვირაში, თვითონ მერაბიშვილმა დააკავა. შვიდი წლის წინ, ბარკალაიას ბრალდება ქრთამის მიცემასა და გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებოდა.
2010 წლის ივნისში, გელა ბარკალაიას დაკავების ფაქტზე, ,,ვერსიაში'' დეტალურად ვწერდით. ჩვენი ინფორმაციით, ,,მათე მოტორსის'' დამფუძნებელი მაშინდელი ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენი იყო და ეს იქიდანაც ჩანდა, რომ ბარკალაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერებში ხშირად იმარჯვებდა, თუმცა ,,მათე მოტორსი'' ფინანსთა სამინისტროს საკმაოდ სოლიდურ ტენდერებსაც იგებდა. სხვათა შორის, იმ პერიოდში, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კუთვნილი ,,პიკაპები'' სწორედ ,,მათე მოტორსის'' ჩამოყვანილი იყო. 2010 წლის 13 ივნისს, მაშინდელი ბრალდების თანახმად, გელა ბარკალაია ტენდერის მოსაგებად იხდიდა ქრთამს, რაც მისი დაკავების საბაბი გახდა.
2010 წელს, გელა ბარკალაიას დაკავების ერთ-ერთი მიზეზი იმ ხიდის მშენებლობაც გახდა, რომელიც მტკვარზე, ,,ვეფხისა და მოყმის'' ძეგლთან უნდა აშენებულიყო. სავარაუდოდ, ამ ხიდის მშენებლობას ის ტერიტორიაც სჭირდებოდა, სადაც გელა ბარკალაიას ,,მათე მოტორსის'' ოფისი იყო განთავსებული. სხვათა შორის, სწორედ მარშალ გელოვანის გამზირზე, საკუთარ ოფისთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, ბარკალაიამ გაზონებზე ყვავილებით წითელი ხუთიანები ამოატვიფრინა, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ხიდისთვის ტერიტორია არ დათმო, რის გამოც მისმა მეგობარმა ნაციონალებმა დააკავეს.
2013 წლის მაისში, გელა ბარკალაიამ ,,კვირის პალიტრისთვის'' მიცემულ ინტერვიუში ეს ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ გიგი უგულავამ, რომელიც მაშინ ქალაქის მერი იყო, მისი ოფისის კუთვნილი მიწა წაართვა. სამაგიეროდ, ,,გუდვილთან'' ახლოს, 800 000 აშშ დოლარის ღირებულების მიწა უყიდეს. ამავე ინტერვიუში ბარკალაია აცხადებდა, რომ ვანო მერაბიშვილი მისმა მოადგილე შალვა ჯანაშვილმა შეცდომაში შეიყვანა. მისივე მტკიცებით, სააკაშვილი ახალაიების აზრს ითვალისწინებდა, რომლებიც ვანო მერაბიშვილს ებრძოდნენ.
საბოლოოდ, 7-წლიანი პატიმრობის ნაცვლად, ბარკალაია ნაციონალებმა 2012 წლის არჩევნებამდე, საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს და ბრალიც თვითონვე მოუხსნეს, თუმცა ყველაფერი ეს ბიზნესმენს ,,ტოიოტას'' 10 ცალი ,,პიკაპი'' (თითოეული 27 000 აშშ დოლარის ღირებულების) და 5 000 ლარი დაუჯდა. 2012 წლის შემდეგ, ბარკალაიამ წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართა. 2015 წლის ნოემბერში, მისი საქმის განხილვა დასრულდა და ,,ქართულმა ოცნებამ'' გელა ბარკალაიას ათივე ,,პიკაპი'' დაუბრუნა.
მაია მიშელაძე

back to top