Menu
RSS

როგორ „ჩაუვარდათ“ საქმე პოლიციასთან შეკრული ბანდის წევრებს და რით დაიმსახურეს „დაწინაურება“

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, წლების წინ მოხდა; მაშინ, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი იყო, ქალაქებსა და რაიონებს საძმოები მართავდნენ და ბანდფორმირებები შიშის ზარს სცემდნენ მოსახლეობას. რატომ ვიხსენებთ კონკრეტულად ამ ისტორიას, თავად მიხვდებით.
იაგო, დათო და გია ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ. ბაღში ერთად, სკოლაში ერთად... სწავლით თავს არც ერთი იკლავდა და ეს არც არაფერში სჭირდებოდათ _ ფულს ქურდობითა და ყაჩაღობით შოულობდნენ და ეს იცოდა ყველამ. ,,ყველაში'' როგორც ბიჭების სამეგობრო და სანათესაო, ისე პოლიციაც შედიოდა. პოლიციის უფროსთან ყოველთვიური ,,გადასახადი'' მიჰქონდათ, დანარჩენი კი უბრალოდ არ აინტერესებდათ. მალე მათ ჯგუფში მეოთხე კაციც გამოჩნდა _ ოთარ ნ. რაიონიდან იყო ჩამოსული, მისი ოჯახი სტიქიას გამოექცა და შესაბამისად, ოთო რაიონში არავის იცნობდა. ჯან-ღონით სავსე ბიჭი ბანდაში ადვილად მიიღეს _ ჯანზეა, ბევრ რამეში წაგვადგებაო...
რაიონში, სადაც ბანდა თარეშობდა, ერთი ქალი ცხოვრობდა, რომელიც ფულს აპროცენტებდა. მაშინდელ დროში ფულის გაპროცენტება კი, ხვდებით, რამხელა რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ადამიანები რისკავდნენ.
,,მაგ ქალს უნდა დავეცეთ, რა'', _ ერთ დღეს თქვა იაგომ, მაგრამ მეგობრებმა არ მოუწონეს.
,,აზრი არ აქვს. ფულზე როცა მიდიხარ სასესხებლად, მეორე დღისთვის გიბარებს ანუ სახლში არ აქვს. დავეცეთ და რა წამოვიღოთ? ტყუილად მაგის დაუთოვება შეგვრჩება და საქმეც ჩაგვივარდება'', _ თქვა დათომ.
,,ეგ მეც ვიცი, რომ ,,მაყუთი'' სახლში არ აქვს, მაგრამ ჩემი მეზობელია, მილიციაში უფროსის მოადგილე, მაგან ისესხა ათი ათასი დოლარი, მამა უკვდებოდა და ფირმაში გაუშვა. ახლა ვიღაცები გაწეწეს, თუ არ ვცდები, ,,ბარიგები'' და ,,მაყუთი'' აქვს ამ ჩემს მეზობელს. სამ დღეში უნდა მიუტანოს და როცა დაუტოვებს, მაქსიმუმ ნახევარ საათში ჩვენ შევიდეთ'', _ თქვა იაგომ.
,,ეგ ყველაფერი საიდან იცი?'' _ პირი დააღო ოთარმა.
,,საიდან და ბებიაჩემი დაქალობს იმ ტიპის დედასთან და იმან იწუწუნა. მოკლედ, ამ კაცს ფული უკვე უდევს, შეიძლება ხვალაც კი აუტანოს. ჩვენ სხვა საქმე არაფერი გვაქვს. აგერ, დათოს სახლიდან ჩანს მაგ ქალის სადაბრაზო. ვმორიგეობთ და როგორც კი ჩემი მეზობელი შევა და გამოვა, ჩვენც ვეწვევით'', _ თქვა იაგომ და დანარჩენებმაც თავი დაუქნიეს.
ექვსი დღე ამაოდ ელოდნენ მეგობრები მოადგილის მისვლას მევახშესთან. საინტერესოა, რომ ამ ექვსი დღის განმავლობაში, თავად მევახშე მხოლოდ ორჯერ გამოვიდა გარეთ, ორივეჯერ პროდუქტი იყიდა და სახლში ისე შებრუნდა, გამარჯობაც კი არავისთვის უთქვამს. მეშვიდე დღეს, ღამის 2 საათი იქნებოდა, როცა ჩაძინებული მეგობრები ოთომ წამოყარა _ მილიციის უფროსის მოადგილის მანქანა გაჩერდა სადარბაზოსთან და მოადგილე მევახშის ბინაში ავიდაო. მეგობრებმა მაშინვე მოირგეს ნიღბები, იარაღიც მოიმარჯვეს და ფანჯრის მინას მიეყინნენ. მოადგილემ იქაურობა დაახლოებით ათ წუთში დატოვა და ისევე, როგორც მაშინ მთელ საქართველოში, იმ სადარბაზოს წინაც უკუნი ჩამოწვა. ბიჭები ლანდებივით ჩავიდნენ ეზოში, ჩუმად შეიპარნენ სადარბაზოში, მეორე სართულზეც ჩუმად ავიდნენ და... ოთარი მთელი ძალით დაეჯახა ხის მასიურ კარს. ერთ დაჯახებაზე ვერაფერი დააკლო, მეორე მცდელობა კი წარმატებული აღმოჩნდა _ კარი შეინგრა და ოთხეული ბინაში შევარდა. პირველი რაღა თქმა უნდა ოთარი იყო, როგორც კარის შემმტვრევი და სწორედ მას მოხვდა პირველი ტყვია _ სიბნელეში ვიღაცის სილუეტი ჩანდა, რომელიც კარისკენ აღმართული ხელიდან ცეცხლს აფრქვევდა. პირველ გასროლას მეორე მოჰყვა, მერე მესამე, ბიჭებმაც დაცალეს თავიანთი ,,აბრეზები'' და უკან გაცვივდნენ. გია და დათო თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ, იაგოს კი მხრებზე დაჭრილი ოთარი ჰყავდა მოგდებული.
,,არ დამტოვო, მომკლავენ ესენი'', _ ბოლო ხმაზე დაიყვირა ოთარმა, როცა იაგომ ასფალტზე დააწვინა.
,,სიარული შეგიძლია?'' _ ჰკითხა იაგომ და უარი რომ მიიღო, ისევ მხრებზე მოიგდო, გზა გადაჭრა და იქვე, 50 მეტრში მდებარე სასწრაფო დახმარების შენობაში შევარდა, დაჭრილი მაგიდაზე დააწვინა, ექიმს იარაღი დაუმიზნა და უღრიალა, ეს თუ მოკვდება, შენც არ იცოცხლებო და შენობა დატოვა. ოთო საოპერაციო მაგიდაზე მოკვდა...
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. მომხდარი ინციდენტიდან მეორე დღეს, მთელი რაიონი ამაზე საუბრობდა. ისიც გაირკვა, რომ კაცი, რომელმაც იარაღი ისროლა, სამძებროს უფროსი იყო, რომელიც თურმე მევახშეს ჰყვარობდა და ბიჭებმა არაფერი იცოდნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისიც იმავე სადარბაზოში, ერთი სართულით ზემოთ ცხოვრობდა. აბა, საიდან უნდა სცოდნოდათ, ღამე ვინ სად რჩებოდა?! იაგო რუსეთში გაიქცა, ისრაელს მიაშურა დათომ, გია ჯერ თურქეთში წავიდა, მერე საბერძნეთში, მერე კი საქართველოში დაბრუნდა და სხვა ყაჩაღობის გამო რვა წლით ციხე მიუსაჯეს. ბიჭებმა კი წლების შემდეგ, როგორც მაშინ ხდებოდა, ფული გადაიხადეს, ძებნა მოიხსნეს, დაოჯახდნენ და ისევ ევროპას მიაშურეს, რადგან მართალია, მათ ძალოვნებთან საქმე მოაგვარეს, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაფერი იცოდა და მათ ყოველ დანახვაზე ქალები იდუმალებით მოცული სახეებით ჩურჩულს იწყებდნენ...
* * *
ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევით, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ, იაგოც და დათოც, იმ რაიონში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნეს. იმ სახელმწიფო უწყებებში, სადაც ისინი მუშაობენ, პირველი პირები არ არიან, მაგრამ მეორე პირის ფუნქციას ორივე ასრულებს იმის მიუხედავად, რომ ქალები მათ დანახვაზე იდუმალებით მოცული სახეებით ისევ ჩურჩულებენ.
პატიმარი #0578

back to top