Menu

დიდ პალატას საქმეს საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე _ ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე და ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერი ნონა წოწორია გააცნობს!

8 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავს. საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელიც მერაბიშვილის საქმის თავდაპირველ განხილვაშიც მონაწილეობდა და იმ განაჩენის გამოტანაშიც, რომელიც მოგვიანებით ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. საინტერესოა, იქონიებს თუ არა გავლენას სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე გახლდათ და სწორედ ნაციონალურმა ხელისუფლებამ წარადგინა ამ პოსტზე.
როგორც ,,ვერსიამ'' გაარკვია, მიუხედავად იმისა, რომ ნონა წოწორიას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა, ახალი მოსამართლის დანიშვნამდე, ვალდებულია საკუთარი უფლებამოვალეობა შეასრულოს და მეტიც, რადგანაც იგი საქართველოს წარმოადგენს, მერაბიშვილის საქმის ხელახალ განხილვაში მონაწილეობას სტრასბურგის სასამართლოს წესებიც ავალდებულებს. სწორედ მან უნდა გააცნოს დიდ პალატას, სამართლებრივად რა ვითარებაა საქართველოში და როგორია ქართული კანონმდებლობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. როგორც უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადგენელი მინდია უგრეხელიძე განმარტავს: „ყოველი საქმის განხილვის დროს აუცილებელია, დიდ პალატაშიც მონაწილეობდეს ეროვნული მოსამართლე, ვინაიდან მან უკეთ იცის ფაქტობრივი ვითარება ქვეყანაში და მისი საკანონმდებლო ბაზა. ეროვნულ მოსამართლეს არათუ უფლება აქვს საქმეში მონაწილეობისა, არამედ ევალება კიდეც. ამიტომ, თუკი სხვა რაიმე მიზეზი არ არის, სრული უფლება აქვს წოწორიას, საქმეში მონაწილეობა მიიღოს, თუ რაიმე არ შეიცვალა კანონმდებლობაში“.
ვინ არის ნონა წოწორია, მოსამართლე, რომელიც მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა და 9 წლის ვადით არის არჩეული. 2017 წელს მას სტრასბურგში მოსამართლეობის ვადა გაუვიდა, თუმცა მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობის სრული უფლება აქვს, რადგან ის ეროვნული მოსამართლეა. არც ვადის გასვლა და არც წინა განხილვაში მონაწილეობა ამ შემთხვევაში ხელის შემშლელ ფაქტორად არ ითვლება, ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი შესაძლოა გახდეს მხოლოდ ის ფაქტი, თუ მას რაიმე სამსახურებრივი კავშირი ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან.
ნონა წოწორია ზურაბ ადეიშვილის „ფავორიტი“ და გენერალურ პროკურატურაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახლდათ. 2004-2008 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გახდა და, კულუარული ინფორმაციით, სწორედ ადეიშვილის რეკომენდაციით, შეცვალა მინდია უგრეხელიძე სტრასბურგში ვადის ამოწურვის შემდეგ. ამბობენ, რომ ნაციონალების არგუმენტი მაშინ ორი ფაქტორი იყო – პროფესიონალიზმი და ნაციონალური ხელისუფლების უპირობო ერთგულება. დღეს ძნელია იმის მტკიცება, ვისი ერთგულებით ამაყობს ქალბატონი ნონა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით გადაჭრით, ითამაშა თუ არა რაიმე როლი მისმა პოლიტიკურმა სიმპათიებმა 2016 წელს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნაცმოძრაობისა და მერაბიშვილისათვის მისაღები გადაწყვეტილების გამოტანაში, ან რა გავლენას მოახდენს იგივე ფაქტორი ამ საქმის ხელახალ განხილვაზე.
დღეს იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, რომ წოწორია სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის წევრი იქნება, თუმცა პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებენ და ვერ აკონკრეტებენ, მოახდენს თუ არა გავლენას ამ საქმეზე წოწორიას ფაქტორი.
2016 წლის 13 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი მინისტრის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა, კითხვებს ბადებდა 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანა.
როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს: „მოთხოვნა იყო, საქმე გადასცემოდა 7 მოსამართლიდან 17 მოსამართლეს, ანუ დიდ პალატას, სადაც ჩვენ განვიხილავდით მე-18 მუხლის საკითხს თავიდან... ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება არ შესულიყო ძალაში, რადგან მივიჩნევდით მას უპრეცედენტოდ, რადგანაც ეწინააღმდეგებოდა ამავე სასამართლოს მრავალი წლის მანძილზე დამდგარ პრეცედენტულ სამართალს. ამიტომ გავასაჩივრეთ დიდ პალატაში და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა, ანუ საქმე მთლიანად გადაეცა თავიდან განხილვაში დიდ პალატას''.
შეგახსენებთ, რომ მე-18 მუხლთან შესაბამისობაში, ივნისში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება „გამოყენებულ იქნა დამატებით საშუალებად საგამოძიებო ორგანოების მიერ, რათა მიეღოთ დამატებითი ბერკეტები სხვა საქმეების გამოძიებაში _ კერძოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით. დაკავება არ უნდა ემსახურებოდეს მიზანს, გამოყენებულ იქნეს იგი, როგორც მორალური ზეწოლის საშუალება ბრალდებულზე. შესაბამისად, იყო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთობლიობაში“.
როგორც უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადგენელი მინდია უგრეხელიძე მედიასთან აცხადებს, „ნონა წოწორიას აქვს უფლება, საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს მიუხედავად იმისა, რომ ვადა გაუვიდა, რადგან სანამ საქართველოდან ახალ მოსამართლეს არ აირჩევენ და ფიცს არ დადებს, მანამდე არსებული მოსამართლე ვალდებულია, გააგრძელოს თავისი უფლებამოსილებების აღსრულება. წოწორიას საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება იმ შემთხვევაში არ ექნება, თუ მოსამართლედ დანიშვნამდე იყო რამენაირად დაკავშირებული მერაბიშვილთან. თავის დროზე ის იყო ადეიშვილის მოადგილე და სტრასბურგში რომ ახლა ადეიშვილს ასამართლებდნენ, მას არ ექნებოდა საქმეში მონაწილეობის უფლება”.
ნონა წოწორიას სტრასბურგში მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ ევალებოდა, დაევიწყებინა პარტიული კუთვნილება და პოლიტიკური გემოვნება, შეძლო თუ არა ნაცმოძრაობის მიმართ სიმპათიების დავიწყება, ამაზე მინდია უგრეხელიძე ასე პასუხობს: „მე როგორც ვიცი, თავის დროზე ნონა წოწორია იყო ნაციონალთა აღმსარებელი, თუ შეიძლება ასე ითქვას. დიახ, მას შემდეგ, რაც ის მოსამართლე გახდა, მას ევალებოდა, დაევიწყებინა არა მხოლოდ პარტიული კუთვნილება და პოლიტიკური გემოვნება, არამედ ყველა ადამიანს ევალებოდა, ,,დავიწყებოდათ'' თავისი ეროვნება, რადგან იქ შენ საქართველოს წარმომადგენელი კი არ ხარ, არამედ საქართველოდან არჩეული მოსამართლე, რომელმაც ყოველგვარი სიმპათია-ანტიპათიის გარეშე უნდა იმსჯელოს ნებისმიერ საკითხზე. მინდა ვიქონიო იმედი, რომ ნონა წოწორიამ შეძლო დაეძლია ეს ფსიქოლოგიური ბარიერი''.
ანი დადიანი

back to top