Menu
RSS

რატომ აღიძრა საქმე სხეულის მსუბუქი დაზიანების მუხლით და რა კომენტარს აკეთებს დამოუკიდებელი ექსპერტი

,,გვიან ღამით დააყაჩაღეს, გაძარცვეს.... ტრეპანაცია დასჭირდა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს გურამს!!!.... ყვავის კრიმინალი!!!” _ ასე ამცნო საზოგადოებას მსახიობმა გია როინიშვილმა კიდევ ერთი კრიმინალური ფაქტის შესახებ. როგორც გაირკვა, შემთხვევა 22 თებერვალს გვიან ღამით, მშრალ ხიდთან მოხდა. ამბობენ, მსახიობს ორი პირი დაესხა თავს და დააყაჩაღაო, თუმცა პარადოქსების ქვეყნადქცეულ საქართველოში კიდევ ერთი პარადოქსი არავის უკვირს და საქმე 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით აღიძრა.
არადა, გურამ ჯაშს თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს. იგი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს _ მას ტრეპანაცია დასჭირდა, რაც არცთუ მარტივი საქმეა და ამ ,,კომპოტში'' ,,ჯანმრთელობის მსუბუქი (?) დაზიანება'' როგორ ჯდება, ჯერჯერობით გაურკვეველია. მართალია, სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ექსპერტიზის შედეგად საქმე გადაკვალიფიცირდეს კიდეც, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ _ ,,გურამ ჯაშზე თავდასხმის მოტივად დასახელებული ყაჩაღობის ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდება''.
გურამ ჯაშის ოჯახი კი ფაქტს ყაჩაღობის კვალიფიკაციას აძლევს: ,,შვილი ვნახე გაუბედურებული, ცხვირ-პირი არ უჩანდა, ქურთუკი გამოგლეჯილი იყო... ექიმებისთვის უთქვამს, მშრალ ხიდზე გადმოვდიოდი და იქ დაყაჩაღების მიზნით დამესხნენ თავსო. სისხლი ვერ შევაჩერეთ, შუბლი ჰქონდა გახეთქილი და თავი. ძალიან ღრმა ჭრილობა იყო. ჩემი შვილი არ არის ისეთი ადამიანი, მთელი თბილისი იცნობს, რომ ვიღაცას რაღაც ინტერესი ჰქონოდა. ეს უბრალოდ ძარცვის მიზნითაა გაკეთებული. ტელეფონი მოპარეს, ქურთუკის გახდა უნდოდათ. გახიეს ქურთუკი და გაიქცნენ. გასაღები არ აქვს, საფულე არ აქვს, არც ტელეფონი... დასახიჩრებული მოვიდა. ერთი ვიცი _ ჩემი შვილი ძალიან ცუდად არის'', _ განაცხადა ჯაშის დედამ, ცისანა სარაჯიშვილმა.
გურამ ჯაში, მისივე მოთხოვნით, ეგრევე საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, თუმცა რამდენიმე საათში მისი მდგომარეობა დამძიმდა. იგი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
კონსტანტინე მუმლაძე, ექიმი: ,,ჩატარებული კვლევით ვლინდებოდა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, სისხლჩაქცევა, საფეთქლისა და შუბლის ძვლის მოტეხილობა იმპრესიით, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, ჰემატომის ევაკუაცია, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამაკმაყოფილებელია''.
მოგვიანებით, მსახიობი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, ამჟამად კი უკეთაა და როგორც ექიმები აცხადებენ, რამდენიმე დღეში რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ.
,,იმედია, მალე გამოჯანმრთელდება... სხვა არაფერი ვიცი, მთავარია კარგად იყოს, მე კი იმედს ვიტოვებ, რომ სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ გამოიძიებენ ამ საქმეს'', _ განუცხადა ,,ვერსიას'' მსახიობმა გია როინიშვილმა.
კომა, მართვითი სუნთქვა, თავის ქალის ტრავმა, ჰემატომა... რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი სხეულის ,,მსუბუქ'' დაზიანებად ჩაითვალოს, გაურკვეველია. სხვათა შორის, ერთ-ერთი ვერსიით, ეს დაზიანებები მსახიობს წაქცევის შედეგად განუვითარდა. გასაგებია, რომ ექსპერტიზის დასკვნამდე წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, თუმცა ,,ვერსია'', ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით ერთ-ერთ ექსპერტს დაუკავშირდა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან ერთადერთი მიზეზით შეიკავა თავი _ ამ საქმესთან შეხება არ მაქვს და შესაბამისად, შეფასების უფლებაც არ გამაჩნიაო; თუმცა დასძინა, რომ მსგავსი დაზიანება შესაძლებელია წაქცევის შედეგადაც განვითარდეს, რაც არ გამორიცხავს მეორე ვარიანტს _ ტრავმა თავდასხმის შედეგად განვითარდა: ,,ქალა-ტვინის ტრავმა და სისხლჩაქცევა, შესაძლებელია წაქცევამაც გამოიწვიოს... არ მინდა დეტალებში შესვლა, რადგან აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ოჯახსაც და დაზარალებულ პირსაც შეუძლია დამოუკიდებელი ექსპერტიზა მოითხოვოს, თუმცა აქაც რამდენიმე გარემოებაა, რომელზეც აჯობებს იურისტებმა ისაუბრონ, მე კი გეტყვით, რომ არის კერძო დავა და საჯარო დავა. შეიძლება პირს არ უნდოდეს მის ირგვლივ ხმაური და საქმე შეწყდეს, მაგრამ თუ საქმე საჯარო დავასთან გვაქვს, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია, საქმე ბოლომდე მივიდეს. თუ დაზარალებული კატეგორიულ უარს აცხადებს ექსპერტიზაზე, მის ნებას პატივი უნდა ვცეთ; თუ თანახმაა, რა თქმა უნდა ტარდება ექსპერტიზა. თუ გონზე არ არის, მაშინ მისი უფლებამონაცვლის ნებართვა და სურვილი საკმარისია.
რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, აქ უამრავი გარემოებაა გასათვალისწინებელი _ უნდა გაირკვეს, ტრავმა დაცემითაა განპირობებული თუ დარტყმით _ სწორედ ესაა სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის საგანი... წინასწარ ვერავინ ვერაფერს გამორიცხავს. მოტეხილობების ხარისხი, ლოკალიზაცია, დაზიანებები გვაჩვენებს ყველაფერს. ეს წმინდა სასამართლო მედიცინაა. ასე ცალსახად _ დაცემითაა მიყენებული ტრავმა თუ დარტყმით, სასამართლო მედიკოსის გარდა, ვერავინ იტყვის. დასკვნის მომზადებას კი ორი დღე მაინც სჭირდება. სანამ ექსპერტი დასკვნას არ დაწერს და ბეჭედს არ დაარტყამს, მანამდე ვერაფერს იტყვის. რამდენიმე საათში ფიზიკურად წარმოუდგენელია დასკვნის მომზადება _ ყველა მონაცემს შესწავლა სჭირდება''.
ერთი სიტყვით, წინასწარ ვერავინ იტყვის, სადამდე მივა გამოძიება, მით უმეტეს, ჯერჯერობით, მიმდინარე საქმეზე დაკავებული არავინაა. არადა, ამ ყველაფერს თამამად დავარქმევდი ბედის ირონიას _ ოფიციალური მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში კრიმინალი შემცირდა... საინტერესოა, ეს ფაქტია თუ სურვილი?! ჩვენც გვინდა, ასე იყოს, უბრალოდ, როცა ადამიანებს, ქურთუკის გამო ხოცავენ, მეტროში ე.წ. კარმანშიკები მომრავლდნენ, ღამით მობილურს ართმევენ და ათას ამორალობას სჩადიან, ერთადერთი, რაც მახსენდება, ბნელი 90-იანებია, როცა მსგავს ,,ბეზპრედელს'' ვერავინ უმკლავდებოდა და ქვეყანაც კრიმინალური სამყაროს მარწუხებში იყო მოქცეული!
თამარ ლომსაძე

back to top