Menu

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არასაპარლამენტო ოპოზიცია საერთო კანდიდატებს წამოაყენებს?

„თავისუფალი საქართველო“ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს პრაიმერის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მიზანი ისაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიციამ ხელისუფლებასა და ნაციონალებს პრაიმერის შედეგად გამოვლენილი საერთო კანდიდატები დაუპირისპირონ. რატომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პოლიტიკოსები მის ინიციატივას მხარს დაუჭერენ, ,,ვერსიას'' ,,თავისუფალი საქართველოს'' ლიდერი კახა კუკავა ესაუბრება.
_ დღეს „ოცნება“ და ენმ ბინძურ ხელებს აფათურებენ ყველა სეროში, მათ შორის ეკლესიაშიც, ამ ორპარტიული რეჟიმის დემონტაჟი აუცილებელია. ბოლო არჩევნებმა გვაჩვენა, „ოცნებისა“ და ენმ-ს ხელთარსებული მედია და ადმინისტრაციული რესურსებიდან გამომდინარე, სხვა ოპოზიციური პარტიების ცალ-ცალკე მონაწილეობას აზრი ეკარგება. ერთადერთი გამოსავალია, ადგილობრივ არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციამ წარადგინოს მერის, გამგებლისა და საკრებულოს წევრობის საერთო კანდიდატები. მივმართავთ ყველა არასაპარლამენტო პარტიას, 1 სექტემბრამდე ჩავატაროთ კენჭისყრა, შემდეგ შევქმნათ საარჩევნო ბლოკი. მომავალი კვირიდან ღია კონსულტაციებს გავმართავთ. გვსურს, დავნერგოთ ტელედებატებიც კანდიდატებს შორის.
_ პრაიმერის ჩატარების ინიციატივა ადრეც გქონდათ, თუმცა ამან სასურველი შედეგი არ მოიტანა, არა?
_ სრულმასშტაბიანი პრაიმერი საქართველოში, სამწუხაროდ, ვერ ჩავატარეთ. თუმცა, 2010 წელს ჩატარებული პრაიმერის დროს საარჩევნო ბლოკმა ხმების 12% მიიღო, რაც დღეს არასაპარლამენტო პარტიებს არც დაესიზმრება.
_ ყველა პარტიასთან აპირებთ პრაიმერში მონაწილეობას, პოლიტიკურ იდეოლოგიას, ხედვას და ვექტორს მნიშვნელობა არ აქვს?
_ აქვს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საგარეო პოლიტიკა გადამწყვეტ როლს არ ასრულებს. იდეოლოგიის განსაზღვრა საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
_ ბლოკში გაერთიანება ისეთ პარტიებს მისცემს კვალიფიციური სტატუსის დაფინანსებას, რომელთაც ცალკე მონაწილეობის შემთხვევაში ამის შანსი არ ექნებოდათ?
_ შეიძლება. დღეს პარტიები არჩევნებიდან არჩევნებამდე იმ მიზნით არსებობენ, ბარიერი გადალახონ. ჩვენ კი საკითხს სხვაგვარად ვუყურებთ.
_ აბა, თქვენი პარტია რა მიზნით არსებობს?
_ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟისთვის...
_ კვალიფიციური სუბიექტების რაოდენობის ზრდა ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფას არ გულისხმობს?
_ არა, ეს ივანიშვილის პიარმანქანის გავრცელებული სისულელეა. პირიქით, დაფინანსება შემცირდება. ბარიერგადალახულ პარტიას ბიუჯეტიდან ეძლევა 300 000 ლარი, ბლოკში რამდენი პარტიაც იქნება, თანხა იმდენზე გადანაწილდება.
_ მრავალპარტიული პრაიმერის ჩატარება დემოკრატიული პროცესია?
_ აშშ-ს პარტიები რეალურად საარჩევნო ბლოკებია და პრაიმერზე გამოდიან აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე კანდიდატები, მაგალითად ჯონ მაკკეინი და დონალდ ტრამპი. მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია ქართული რეალობა. რომ ვიყოთ გერმანიაში, საფრანგეთში... უმჯობესი იქნებოდა შიდაპარტიული პრაიმერები, მაგრამ ბელარუსისა და აზერბაიჯანის მსგავსი ვითარება გვაქვს, სადაც არჩევნებს ხელისუფლება 100%-ით იგებს. ბლოკის პრაიმერი არ არის დამახასიათებელი კლასიკური დემოკრატიისთვის, მაგრამ საქართველოში კლასიკური დემოკრატია არაა.
_ პრაიმერს პროცედურულად როგორ ჩაატარებთ და საჭირო თანხას საიდან მოიძიებთ?
_ დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში გამოვიყენებთ კენჭისყრას, როგორიც ნამდვილ არჩევნებზეა, ოღონდ საარჩევნო უბანი ნაკლები იქნება. ხოლო სოფლებსა და დაბებში მხარდამჭერთა ხელმოწერების საფუძველზე წარვადგენთ კანდიდატებს. პროცესს პარტიები დააფინანსებენ.
_ 2009 წელს ამბობდით, რომ პრაიმერისთვის თანხა ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო...
_ დიახ, ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს პრაიმერის ხარჯები, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმში ეს შეუძლებლად მიმაჩნია. ხარჯები რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ, ყველა სოფელში საარჩევნო უბანს ვერ მოვაწყობთ.
_ დღეს საქართველოში ისეთი პოლიტიკური კულტურაა, პარტიები საკუთარ ინტერესებს გვერდზე გადადებენ და გზას სხვა პარტიის კანდიდატს დაუთმობენ?
_ არა და ამიტომ კულტურული გარღვევებია საჭირო. გაიხსენეთ, როგორ გააცილა დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამა თეთრი სახლიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ობამა ტრამპს ძალიან უყვარს. ის ცივილიზებული სამყაროა და ჩვენ ბარბაროსები ვართ, მაგრამ ეს ტრადიციად არ უნდა ვაქციოთ. უნდა დავანახოთ საზოგადოებას, როგორ დებატობენ ერთმანეთში კანდიდატები გინების გარეშე.
_ რომელ ტელევიზიაში გაიმართება დებატები და სარეკლამო სახის იქნება თუ არა?
_ შევარჩევთ რამდენიმე ტელეკომპანიას. უფასო სარეკლამო დროს დებატებისთვის არ გამოვიყენებთ. ფულს ჩვენ არ გადავიხდით, შეიძლება საერთაშორისო დონორებმა წვლილი შეიტანონ პროცესში. იმ ტრადიციის შექმნაც გვინდა საქართველოში, დამარცხებულმა კანდიდატებმა გამარჯვებულს მიულოცონ. დავანახებთ ამომრჩეველს, როცა ივანიშვილი და სააკაშვილი ერთმანეთის გინებით, წყევლით და მუქარით იქნებიან დაკავებულნი, პოლიტიკური სპექტრის დანარჩენი ნაწილი ქალაქის განვითარებაზე, ბიუჯეტსა და ინფრასტრუქტურაზე ისაუბრებს, დებატები კი ხელის ჩამორთმევით დამთავრდება.
_ განაცხადეთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გადასაფარად, სექტემბერში სკანდალი ხელოვნურად აგორდება. „ციანიდის სკანდალის“ მიზანიც რაიმე საკითხის გადაფარვა ხომ არ იყო?
_ ვფიქრობ, ეს ივანიშვილის პერიოდში დაგროვილ გამოუძიებელ საქმეებთანაა დაკავშირებული. უნდა გამოიძიონ, ,,კაბელების საქმე'' მართლაც იყო თუ არა ივანიშვილის დავალება... რა მოხდა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში, ჩაუდეს თუ არა არველაძის მხარდამჭერებს ნარკოტიკი კახა კალაძის დავალებით. მოლოდინი არ მაქვს, ირაკლი შოთაძის პროკურატურა „ციანიდის საქმეს“ გამოიძიებს. როცა ვნახე, შოთაძე პრესკონფერენციაზე როგორ ბორძიკობდა, გამახსენდა ვანო მერაბიშვილის დაბნეული სახე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მეორე დილით _ ორივეს ჰქონდა დავალება, ცრუ ვერსია ეცნობებინათ საზოგადოებისთვის და ორივე ნერვიულობდა ამის გამო. სინამდვილეში რა მოხდა, ამაზე სპეკულაციებს არ დავიწყებ. რთულია გარკვევა, დაკავებულ გიორგი მამალაძეზე რა მუქარა და ზეწოლა ხდება. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უნდა მოვახდინოთ ამ ხელისუფლების დემონტაჟი, გამოსავალი კი პრაიმერია. ერთად გვაქვს კოალიციური ხელისუფლების შექმნის შანსი, თორემ მეორე ალტერნატივა იქნება ახალი ბიძინა ივანიშვილი _ 2019 წელს გამოჩნდება ახალი მილიარდერი, რომელიც დახარჯავს ნახევარ მილიონს და იყიდის ერთ მილიონ ხმას, მაგრამ მოვა უარესი მატყუარა ქვეყნის დასანგრევად.
_ 24 თებერვალს ინტერპარტიულ შეხვედრას მართავთ ალტერნატიული საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე. კომისია მუშაობას როდიდან შეუდგება?
_ მარტის დასაწყისიდან. გვინდა, ეს ინტერპარტიული და საჯარო პროცესი იყოს. ხელისუფლება ამ პროცესს კულუარულად ახორციელებს, რაც არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ ხდება.
თათია გოჩაძე

back to top