Menu

როგორ იშოვა პატიმარმა ჯეირანმა 17 ათასი აშშ დოლარი

ადრე ყველაზე ქურდულ საქციელად ჯიბგირობა მიიჩნეოდა. ჯიბგირი ძალიან დაფასებული გახლდათ და მეტიც, თუ ,,კანონიერ ქურდს'' ნაჯიბგირალი არ ჰქონდა, ბოლომდე ვერ იყო ისეთი ავტორიტეტული, როგორც სხვები. ახლა კი სხვა სიტუაციაა _ ევროპაში ჯიბგირობას აზრი არ აქვს (არადა, თავის დროზე, ბევრი დადიოდა), რადგან უცხოელები ძირითადად საკრედიტო ბარათებით სარგებლობენ და ნაღდი ფული იშვიათია. საქართველოში კი, ვისაც ბევრი ფული აქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დადის და ამიტომ, ჯიბგირობა ნელ-ნელა გადადის მოდიდან.
ამის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბევრია ისეთი, ვინც თავის დროზე, სწორედ ჯიბგირობით ირჩენდა თავს და ეს საქმე პროფესიად ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი ჯეირან მ. სასჯელს ამჯერად ნარკოტიკზე იხდიდა და ერთ-ერთი იყო იმ იშვიათთაგან, რომელიც არ ამბობდა, წამალი ჩამიდესო.
„რა ჩამიდეს, ჩემი მქონდა... რომ მივხვდი, მიჭერდნენ, დიდი დოზა გავიკეთე და მადლობა პოლიციას, რომ არ მიმატოვეს, არ მომკლეს, პატიოსნად წამიყვანეს საავადმყოფოში და იქ მოვედი აზრზე“, _ ღიმილით და ,,უსაშველო'' მეგრული აქცენტით საუბრობდა ჯეირანი.
„ის თუ გახსოვს, ყველაზე მეტი რამდენი მოგიპარავს ჯიბგირობით?“ _ ჰკითხა ერთხელ პატიმარმა #0578-მა.
„მაგას რა დამავიწყებს? 17 ათასი დოლარი ამოვუღე ერთ შტერს. შტერი ხარ, აბა რა, 17 ათასი დოლარი რომ გიდევს და ,,მარშუტკით'' მიდიხარ. ლილოს ბაზრობის ,,მარშუტკებთან'' ვტრიალებდი ხოლმე ძირითადად. ლილოში ორი კატეგორია ხალხი დადის, ის, ვისაც დიდი ფული აქვს და მაინც იაფად უნდა რომ იყიდოს და ის, ვისაც ფული საერთოდ არ აქვს და ამიტომ, ლილოში მიდის, რამე რომ იყიდოს. ფულიანებს მაშინვე ეტყობათ, ხელს უჭერენ იმ ადგილს, სადაც ფული უდევთ, ხოლო თუ ჩანთა აქვთ მიხუტებული, მაშინ ჩანთაშია ფული.
მოვიდა ვიღაც გოიმი, ერთი ხელით ამოიღო სიგარეტი, ერთი ხელით მოუკიდა, წვალობს, რა... ჯინსის ჯიბიდან არ იღებს ხელს. მივხვდი, ფული აქვს. გვერდით ვერ დავუჯექი, აზრიც არ ჰქონდა, რომ ზის კაცი, ჯინსის წინა ჯიბიდან ფულის ამოღება გამორიცხულია. უკან დავუჯექი, რათა მივმხვდარიყავი, როდის ჩადიოდა. როგორც კი დაიძახა, გააჩერეო, წამოვდექი და წინ დავუდექი. მძღოლს 10-ლარიანი მივაწოდე, დაიწყო იმან ხურდის დათვლა და როგორც კი ხურდა დამიბრუნა, მოვცილდი კარს. ამან ფული მისცა, ხელი ამოიღო ჯიბიდან და სანამ აზრზე მოვიდოდა, უკვე ,,მარშუტკაში'' ვიყავი და მძღოლს ვეკაჩავებოდი, ხურდა რატომ დამაკელი, შტერი ხომ არ გგონივარ-თქო. აქეთ მძღოლი გაგიჟდა, თავზე დავაყარე ის ხურდები, იქეთ მგზავრები დაიძაბნენ, ატყდა ჩოჩქოლი, ვიღაცა მე მაწყნარებდა, ვიღაცა მძღოლს. ამ აურზაურში ჩავაცურე ხელი გოიმის ჯიბეში და უკან ამოვიღე, მივხვდი, იმხელა თანხა იყო, ვერ ამოვწევდი ერთ ამოღებაზე. ამიტომ, მძღოლს გავუქანე და ვხეთქე. გააღო კარი და გადმოვიდა, ვის დაარტყიო, ეს შტერი შუაში ჩაგვიდგა და დავუშვი ამასაც. მოკლედ, ახლა ხომ ვარ ჯანზე და მაშინ უკეთეს ჯანზე ვიყავი. გავკოტრიალდით სამივე დაბლა, მძღოლი გამექცა ან რაში მაინტერესებდა? ამას მუშტი-კრივში ამოვუღე ფული და ჩავიტენე ჯიბეში. ახლა წასვლის დრო იყო, მაგრამ მოულოდნელად, მძღოლი ,,მანტიროვკით'' დაბრუნდა და დამიშვა და დამიშვა. ეს თავი რომ მაქვს სიგრძეზე გადახსნილი, მაგის ბრალია. გავიქეცი და დაახლოებით 20 მეტრში ტაქსი დავინახე, არ გამიჩერა. წინ გადავუდექი მანქანას, სისხლი გამდიოდა თავიდან, საავადმყოფომდე მიმიყვანე, დიდ ფულს მოგცემ-მეთქი. ჩამსვა და 300 დოლარი მივეცი, ოღონდ საავადმყოფომდე არ მივედი, გავაჩერებინე, ქუდი ჰქონდა, გამოვართვი, დავიფარე და ტაქსით სახლში წავედი. 17 ათასი დოლარი იყო. ეგ იყო ყველაზე დიდი თანხა. ისე კი, 200-300 ლარი ყოველდღე მქონდა“, _ დაასრულა მონოლოგი ჯეირანამ.
„ყველაზე ცოტა რამდენი ამოგიღია?“ _ გაეღიმა #0578-ს.
„ერთხელ, მეტროში ჩავუყავი ქალს ჯიბეში ხელი. საფულე ამოვუღე, სქელი იყო. გავშალე და ქაღალდში გახვეული ფული იყო. მთლიანი გაზეთი იდო. გავშალე ბოლომდე და 5 ლარი იდო. გული დამეწვა, მთელი გაზეთი ედო იმ 5 ლარის გულისთვის. რომ შემხვედროდა ის ქალი, მართლა მივცემდი ათ იმდენს... ერთხელ კიდევ რა იყო, იცი? ახალგაზრდა გოგოს ჯიბიდან საფულე ამოვუღე, სქელი იყო, გავედი, გავშალე და... გამოყენებული საფენები იდო. რა გაუჭირდა ასეთი, რატომ ვერ გადააგდო, ვერ გეტყვი, მაგრამ მე კი დამაჯილდოვა და... ადრენალინი აქვს ამ საქმეს ბევრი, ქინდერსიურპრიზივით არის, რომ არ იცი, შიგნით რა დევს...“ _ გაიღიმა ჯეკომ.
პატიმარი #0578

back to top