Menu
RSS

ვახტანგ რჩეულიშვილი: „ესაა კომპანიის აქტივების მისაკუთრება, რასაც რეიდერული თავდასხმა ანუ სახელმწიფოს მიერ ქონების მიტაცება ეწოდება!“

,,ცენტრ პოინტის'' დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს 250 000 ლარის უძრავ ქონებას ჩამოართმევენ. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. პროკურორის განცხადებით, მაია რჩეულიშვილმა გირაოს ღონისძიების პირობა დაარღვია, საგამოძიებო უწყებამ კი მისთვის ქონების ჩამორთმევა მოითხოვა. ქონება, რომლითაც რჩეულიშვილის გირაო იყო უზრუნველყოფილი, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის ღირებულებისაა. ესაა დიდ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც აუქციონის წესით გაიყიდება, თანხა კი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.
საუბარია 250 000 ლარზე, რომელიც მაია რჩეულიშვილს, ,,ცენტრ პოინტის'' მიმდინარე საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, გირაოს სახით ჰქონდა შეფარდებული. პროკურორის თქმით, რჩეულიშვილმა ახალი დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის ნაცვლად, გირაოთი გათავისუფლდა. პროკურატურის ინფორმაციით, რჩეულიშვილმა მენაშენეთა თანხები მიითვისა. რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენა _ ამჯერად, გამოძიება 236 177 ლარის მითვისებას ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ცენტრ პოინტის'' პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, მაია რჩეულიშვილისთვის სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. ამ ფონზე, პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. ,,ვერსიას'' ,,ცენტრ პოინტის'' ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვახტანგ რჩეულიშვილი ესაუბრება:
_ საერთოდ, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. მაიას დაკავება პროკურატურის პოპულისტური ნაბიჯია, რადგან ისინი რეალურად, ხალხზე არ ფიქრობენ და ისედაც დაზარალებული მენაშენეები ამით უფრო დააზარალეს. მაიას დაკავებით, მინიმუმ, პროკურატურამ ერთი წლით გადაავადა ბინების მიღების პროცესი. რაც შეეხება ქონების ჩამორთმევის მოთხოვნას, ეს უკანონო შუამდგომლობა იყო. გირაოს არსი ისაა, რომ ადამიანი არ გაიქცეს, არ მიატოვოს ქონება და თუ გამართლდება, გირაოთი დატვირთული ქონება დაუბრუნდება. მაინტერესებს, როგორ აპირებენ იმ ქონების დაბრუნებას, რომელსაც ჩამორთმევის შემდეგ, აუქციონის წესით გაყიდიან? რა უფლება გაქვთ, გაუყიდონ ადამიანს ქონება, რომელსაც სასჯელი მისჯილი არ აქვს და არ არის ცხადი, დამნაშავეა თუ არა. მაია რომ გამართლდეს, ამ ქონებას როგორ დაუბრუნებენ? ამიტომ გეუბნებით, რომ ეს პროკურატურის კიდევ ერთი, პოპულისტური ნაბიჯია. მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილებით, პროკურატურის მთავარ მიზანს ფარდა აეხადა _ პოლიტიკური მიზნით, მთელი ქართული ბიზნესის დასაშინებლად, სწორედ საპარლამენტო არჩევნების წინ დაიჭირეს მაია რჩეულიშვილი. სახელმწიფო რომ გართმევს ქონებას, იმის ნაცვლად, დაზარალებულებს მოახმაროს ეს თანხა, ბიუჯეტში რიცხავს. აქედან გამომდინარე, ყველასთვის ცხადია, სახელმწიფო არავის დახმარებას არ აპირებს. ამიტომ ვამბობ, რომ პროკურატურისგან სხვას არც არაფერს ველოდი, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 10 წლის მანძილზე, სახელმწიფომ წაიღო დაზარალებული მენაშენეების ქონება, რასაც დღევანდელი ხელისუფლებაც აგრძელებს. სინამდვილეში, მაიამ გადაარჩინა ქონება და დაახვედრა ამ მთავრობას, რადგან ამ 22 ობიექტიდან არც ერთია გაყიდული გარდა იმისა, რაც მთავრობამ წაგვართვა. მაია გმირია და ციხეშიც იმიტომ ჩასვეს, მთელი ქონება მიისაკუთრონ.
_ პროკურატურის შუამდგომლობის გასაჩივრების უფლება არ გაქვთ?
_ გავასაჩივრებთ, ოღონდ განაჩენის შემდეგ... თუმცა როგორ დაგვიბრუნებენ ამ ქონებას, არ ვიცი. მოსამართლემ უკვე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა _ მაიას ქონებას ჩამოართმევენ, გადასცემენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეს უკანასკნელი, აუქციონის წესით გაყიდის. საუბარია ნახევარმილიონიან მიწის ნაკვეთზე, რომელსაც დეველოპერული განვითარების შედეგად, 2-მილიონიანი მოგება უნდა მოეტანა.
_ ჯანმრთელობის მხრივ, ახლა როგორაა ქალბატონი მაია?
_ რასაკვირველია, მძიმედ... ადამიანს, რომელსაც ახალი წარმონაქმნი აქვს ფილტვში და ოპერაცია სჭირდება, ასე როგორ უნდა მოექცე? აბსოლუტურად ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, მათ შორის, შესაძლოა, სასიკვდილო განაჩენზეც კი! ამის მიუხედავად, მაინც დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ, რადგან ყველა ექსპერტი ერთსულოვანია _ ეს საქმე შეთითხნილია! ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ მაიამ შეინარჩუნა ქონება, ამათ კი გაფლანგეს. ქონების ჩამორთმევის ფაქტი ადასტურებს, რომ ესაა კომპანიის აქტივების მისაკუთრება, რასაც რეიდერული თავდასხმა ანუ სახელმწიფოს მიერ ქონების მიტაცება ეწოდება! ეს მეთოდი განსაკუთრებით რუსეთსა და საქართველოშია გავრცელებული!
მაია მიშელაძე

back to top