Menu

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს ერთწლიან პატიმრობას მიუსჯიან?

20 თებერვალს 13 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რატი გაჩეჩილაძის საქმე განიხილა. სხდომას მოსამართლე ბადრი შონია უძღვებოდა, რატი გაჩეჩილაძის მხარეს კი ადვოკატები _ ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი იცავდნენ. რატი გაჩეჩილაძე სასამართლო სხდომაზე ძმასთან ერთად მოვიდა და დანაშაული აღიარა, ალბათ, სწორედ ამის გამო დიდი ალბათობით, სასამართლო მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს შემდეგ სხდომაზე, რომელიც 6 მარტს 14 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს, 7 იანვარს თბილისში, რესტორან ,,დაინინგ რუმში'' „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ედება ბრალი. ბრალდებული 8 იანვარს დააკავეს, თუმცა 5000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ სასამართლოდან გაათავისუფლეს.
20 თებერვლის კი, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სია წარმოადგინა, რომელიც მოსამართლემ და დაცვის მხარემ სანდოდ მიიჩნიეს. „ვერსია“ ბრალმდებელ ბექა ხუნაშვილს ესაუბრა: „დღეს გაიმართა წინა სასამართლო სხდომა რატი გაჩეჩილაძის მიერ ნიკა გვარამიას მიმართ გამოხატული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლომ შეაფასა რა არსებული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ ყველა მათგანი მოპოვებული იყო კანონის სრული დაცვით. საქმე არსებითი განხილვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა და დიდი ალბათობით, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება _ სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ სცნობს. მტკიცებულებები მოიცავს მოწმეთა ჩვენებებს, დაკითხულია არაერთი პიროვნება, არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. საქმე აღძრულია 219-ე და 220-ე მუხლებით, რომელიც გულისხმობს ძალადობას, კერძოდ კი ცემას. დანაშაულის ეს ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, თუმცა რადგან ბრალდებული ბრალს აღიარებს, შეიძლება, მიესაჯოს პირობითი სახის თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა“.
რატი გაჩეჩილაძის წინააღმდეგ რომელ სასჯელს გამოიყენებს სასამართლო, 6 მარტს გახდება ცნობილი. იქამდე კი სხდომას დავუბრუნდები, სადაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის პიარმენეჯერია. მან წინა სხდომისგან განსხვავებით, სასამართლოს შენობა ნელი სვლით დატოვა, თუმცა ჟურნალისტებთან გასაუბრება არ მოინდომა. ჟურნალისტებს არ გაესაუბრნენ მისი ადვოკატებიც. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია.
თათია გოჩაძე

back to top