Menu
RSS

უსაქმოდ მყოფმა ჩეჩენმა დიდმა ბიჭებმა, ავსტრიის ქალაქ ვენაში, ერთ-ერთი გიმნაზიის წინ ორ ბანაკად გაყოფა და ,,ომობანას თამაში'' გადაწყვიტეს. ვენის პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფმაც არ დააყოვნა და ყველას _ 22-ვე ჩეჩენს საკნებში ,,უმასპინძლა''. ამ დაჯგუფებებში 25- 50 წლის ადამიანებს შეხვდებით, რომელთაც პოლიციასთან განაცხადეს, რომ უბრალოდ, მდინარის პირას სეირნობდნენ...
შემთხვევა მიმდინარე წლის 3 თებერვალს, 20:45 საათზე მოხდა. ავტომატური იარაღით შეიარაღებული ორი ბანდის წევრების შეკრება და ბანდიტურ-კრიმინალური გარჩევა მდინარე დუნაიზე, ორი დიდი გემის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქმედ სკოლა-გიმნაზიასთან მოხდა. თუმცა ჩეჩნებმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რადგან მათდა სამწუხაროდ, ერთ-ერთ ქალბატონს მათი არც გარეგნობა მოეწონა, არც ამდენი მამაკაცის ერთად შეკრება და პოლიციაში დარეკა. გამოძახებაზე პოლიციის სამი ეკიპაჟი მივიდა. სამართალდამცავების შეკითხვაზე, რას აკეთებდნენ გიმნაზიის წინ, მათ მარტივი პასუხი ჰქონდათ _ მდინარის პირას ვსეირნობდითო. თუმცა, ერთმა პოლიციელმა თოვლში სასწრაფო წესით გადამალული იარაღები შენიშნა და ადგილზე, დახმარებისთვის, სასწრაფოდ გამოიძახეს სპეცრაზმი ,,კობრა''.
ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე პარაგრაფი ითვალისწინებს ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიის მოწყობას, _ განაცხადა ვენის პოლიციის წარმომადგენელმა ტომას კაიბლინგერმა. პირველი ვერსია ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა იყო, თუმცა მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა და ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ სობოტკამ განაცხადა, რომ სინამდვილეში, ტერორიზმის საფრთხე არ არსებობდა და ეს იყო ,,ბანდებს'' შორის ომი. ოცდაორივე ჩეჩენი ადგილზე დააკავეს.
მოგვიანებით, ადგილზე კიდევ ორი ავტომატური პისტოლეტი აღმოაჩინეს თავისი მჭიდებით. ამოღებული იარაღი ექსპერტიზაზე გადაგზავნეს. სამართალდამცავებმა ის რამდენიმე ავტომობილი დაათვალიერეს, რომლებითაც ჩეჩნები ,,დანიშნულების ადგილამდე'' მივიდნენ. ასევე გაჩხრიკეს ჩეჩნების საცხოვრებელი სახლები. დაკავებულებიდან 16 ჩეჩენი ლტოლვილის სტატუსით სარგებლობს და მათ ქვეყანაში დარჩენისა და მუშაობის უფლება აქვთ, 4-ის თავშესაფრის საკითხი განხილვის ფაზაშია, 2-ს თავშესაფარზე უარი აქვსY და ქვეყანა აუცილებლად უნდა დაეტოვებინა.
ლევან ხვედელიძე

back to top