Menu
RSS

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი გარემოს დაცვაზე ზრუნვაა. ამის კიდევ ერთი დადასტურება, ბანკსა და „კავკასიის ბუნების ფონდს“ (CNF) შორის თანამშრომლობაა, რომლის ფარგლებშიც, ,,საქართველოს ბანკის'' სათავო ოფისში, მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის თანახმად, საქართველოს ბანკი ფონდი ,,სიცოცხლის ხის'' მეშვეობით დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100 000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს. ეს თანხა მოხმარდება საქართველოს 10 დაცული ტერიტორიის _ ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვნის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშისა და ფშავ-ხევსურეთის მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.
,,საქართველოს ბანკის'' გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე აცხადებს, რომ ბანკისთვის გარემოს დაცვა მომავალშიც პრიორიტეტული იქნება: ,,კავკასიის ბუნების ფონდთან'' დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ ფონდმა მართლაც უდიდესი სამუშაო გასწია ნაკრძალებისა და სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციისთვის. ამ ორგანიზაციის საშუალებით შევიტყვე საქართველოში უდიდესი ეკოტურიზმის პოტენციალის შესახებ. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა შემდგომი პერსპექტივაც საკმაოდ დიდია და მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები გრძელდება. ამჯერად, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, ,,სიცოცხლის ხის'' საშუალებით, ბანკი ფონდს, საქართველოში დაცული ტერიტორიების მოვლისთვის და მიმდინარე ხარჯების დასაფარად, 100 ათას აშშ დოლარს გამოუყოფს. ამ დაფინანსების ჩათვლით, ჯამურად, ,,საქართველოს ბანკს'', 500 ათასი დოლარის თანხა აქვს გამოყოფილი ,,კავკასიის ბუნების ფონდისთვის''. გარემოს დაცვა საქართველოს ბანკისთვის მომავალშიც ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება''.
,,კავკასიის ბუნების ფონდის'' აღმასრულებელმა დირექ ტორმა, ჯორჯ ჯეფ ჯაკომინიმ საქართველოს ბანკს პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ბანკის მხარდაჭერა, მათი საქმიანობისთვის, მნიშვნელოვანია: ,,ეს დაფინანსება და თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა _ საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა. ამ თანხით ხელს ვუწყობთ დაცულ ტერიტორიებზე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას, მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსებას. შედეგი არის ის, რომ როცა მიბრძანდებით დასასვენებლად და დაცული ტერიტორიების სანახავად, იქ გხვდებათ სასიამოვნო გარემო, მათ შორის, ინფრასტრუქტურის ჩათვლით''. გარემოს დაცვის მიმართულებით, საქართველოს ბანკი 2008 წლიდან დღემდე, არაერთ პროექტს ახორციელებს.
ნინო ლურსმანაშვილი

back to top