Menu
RSS

აქვს თუ არა ,,ქურდული სამყაროს წევრობისთვის'' დაკავებულ ქალბატონს კავშირი რუსთაველ ,,მამაშასთან''

მართალია, ქართველი კაცები ვამტკიცებთ, რომ საქართველოში პატრიარქატია და ცოლი ,,კუხნაში'' ვიცით, მაგრამ რეალურად, კაცებმა პოზიციები რამდენიმე წელია დათმეს. ამის მიზეზი ის არის, რომ გაჭირვების გამო, უმეტესად, ოჯახის მარჩენლებად ქალები მოგვევლინნენ. იმას თუ ვაღიარებთ, რომ ოჯახი პატარა სახელმწიფოა, სახელმწიფოში კი ფული ყველაფერს წყვეტს, ფულის შემომტანი ოჯახში ლიდერობს. ქალებმა ისიც გაიაზრეს, რომ გათხოვება მხოლოდ დიასახლისობას არ ნიშნავს. ისინი კარიერაზე, სამსახურზე ფიქრობენ, რაც მათ დამოუკიდებლობას ანიჭებს.
სამაგიეროდ, სრული პატრიარქატია კრიმინალურ სამყაროში. რამდენიც უნდა ამტკიცონ, რომ არსებობს ან არსებობდნენ ,,კანონიერი ქურდი'' ქალები, ეს არასწორია _ ქალს ,,ქურდად'' მხოლოდ იმიტომ არ ნათლავენ, რომ ,,ქურდთან'' სექსი შავი სამყაროს კარაბადინისთვის დაუშვებელია. ამის მიუხედავად, იყო შემთხვევები, როცა ქართველი კრიმინალი ქალები კაცებზე არანაკლებ დაუნდობლები იყვნენ, შიშის ზარს სცემდნენ რიგით მოქალაქეებს და კრიმინალური სამყაროს წევრებსაც. ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,შავი სამყაროს წევრობისთვის'' ქალი დააკავა. დაკავებულის სახელი ჯერ არ საჯაროვდება, თუმცა შემთხვევა უპრეცედენტოა _ სისხლის სამართლის კოდექსში, 223-ე პრიმა მუხლის შემოღების შემდეგ, რომელიც კრიმინალური სამყროს წევრობისთვის სასჯელს ითვალისწინებს, ქალი პირველად აიყვანეს.
მხედრიონის ზეობის პერიოდში, რუსთაველი ქალბატონი ნანა ქ. კრიმინალში ,,შემთხვევით'' ჩაერთო. ჯერ ,,მამაშობდა'', კაი ბიჭებს, მხედრიონის წევრებს და ,,კანონიერ ქურდებსაც'' კი ქალებით ამარაგებდა. მოგეხსენებათ, იმ დროს რუსთავის მხედრიონი თემურ ტალახაძის მეთაურობით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ძალა იყო ქვემო ქართლში, ხოლო იმ პერიოდისთვის რუსთავში ცნობილი ,,კანონიერი ქურდები'', გია ხმელიძე (ხმელო), ლაშა შუშანაშვილი და კობა შერმაზაშვილი ,,მოღვაწეობდნენ''. ,,მამაშობის'' პარალელურად, ნანა კრიმინალ მეგობრებს ფულიანი კლიენტების სახელებსაც ეუბნებოდა და მხედრიონი თუ ქურდები ,,საქმოსნებს'' გვარიანად წეწავდნენ.
შემდეგ რუსთავში საქმეები აირია, მხედრიონმა და ქურდებმა ერთმანეთს დასცხეს, რაც ტალახაძის მკვლელობით დასრულდა. ნანა მიხვდა, რუსთავი ბოლომდე იყო ჭაობში ჩაფლული და სათარეშოდ ერთი შეხედვით პერიფერიული გარდაბანი აირჩია, სადაც მაშინ ესკობარის დრო იდგა. აზერბაიჯანის საზღვრიდან უწყვეტად შემოედინებოდა ნარკოტიკი. გარდაბნის მხედრიონის მაშინდელი მეთაური ი. მ. დიპლომატიურად წეწავდა ,,აზერებს'' _ რომ არ აყვირებულიყვნენ, ბევრს არ ახდევინებდა, მაგრამ ხარკი ყველას შემოჰქონდა. პარალელურად, გარდაბნის მხედრიონი ბორჯომიდან წამოსულ ხე-ტყეს საზღვარზე აცილებდა და ესეც არანაკლებ შემოსავალი იყო. რუსთავიდან გარდაბანში ჩამოსულმა ნანამ მხედრიონს ბინა სთხოვა და მიიღო კიდეც _ ვიღაც საქმოსანი სამოთახიანი ბინიდან გააბუნძულეს და ბინა თავის ავეჯით ნანას აჩუქეს. შემდეგ, საქმოსნების ,,კაჩაობა'' პირადად ნანამ დაიწყო. ეს რაღაც ახალი იყო _ ყველა იბნეოდა, ქერათმიანი ქალი სახლში რომ მიუვარდებოდა, ფეხებთან იარაღს ესროდა და ფულს ითხოვდა. ასე იქცა ,,მამაშა'' ნანა რეკეტ ნანად და ეტყობოდა კიდეც, რომ იმ დროისთვის დიდ ფულს შოულობდა.
მერე გარდაბნის მხედრიონიც დაშალეს მარტივ მამრავლებად და ნანაც ერთ დღეში დაიკარგა. ვიღაცები ამბობდნენ, მხედრიონმა მოკლა, მისი სახლიდან დიდი ფული წაიღო და გვამი გადამალესო; ვიღაც ამბობდა, საზღვარგარეთ გაიქცაო. მხოლოდ წლების შემდეგ გაირკვა სიმართლე _ ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა ნანა თურქეთში ნახა. საკუთარი სასტუმრო ჰქონდა გახსნილი და იქ ქართველ ქალებს ,,ამუშავებდა...''
რაც შეეხება ახლახან დაკავებულ ქალბატონს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, მას სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა თურქეთის ციხეში მყოფ ქართველ ,,კანონიერ ქურდ'' კ.გ-სთან, რომლის დავალებითაც საქართველოში ე.წ. ობშიაკისთვის ფულს აგროვებდა და აკი უნახეს კიდეც სახლში დიდი ოდენობით თანხა. ჩვენი ინფორმაციით, თურქეთის ციხეში მყოფი კ.გ. 1970 წლის 10 ოქტომბერს, ქუთაისში დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი, კობა გველესიანი, მეტსახელად ,,სისინაა''. შსს-ს ვერსიით, სწორედ ,,სისინას'' დავალებას ასრულებდა ეს ქალბატონი.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სქემა ასეთი იყო: ,,სისინა'' თურქეთის ციხიდან რეკავდა საქართველოში, მოქალაქეებს აშანტაჟებდა და ფულის გადახდას აიძულებდა. ფულის ამკრეფი კი სწორედ ეს ქალბატონი იყო. რაც შეეხება თავად გველესიანს, ის 2008 წელს დააკავეს თურქეთში მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით. თურქულმა სასამართლომ მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასჯელს ანტალიაში იხდის და როგორც გავიგეთ, სწორედ დიდი ,,სროკი'' იყო შანტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი _ ,,პრაქტიკულად სამუდამო მაქვს მისჯილი და მკიდია ყველაფერი, ჩემი ბიჭები ყელს გამოგჭრიან, მე კიდევ, თუ სროკს დამიმატებენ, არ მენაღვლება'', _ ამბობდა ,,სისინა'' და შეშინებული მოქალაქეებიც იხდიდნენ.
სავარაუდოდ, ქართული მხარე ,,კანონიერი ქურდის'' ექსტრადირებას ვერ მოითხოვს, რადგან ის საბუთებით რუსეთის მოქალაქეა, თუმცა დაკავებულ ქალბატონს 7-წლიანი სასჯელი ემუქრება.
პატიმარი #0578

back to top