Menu
RSS

გია უდესიანის ადვოკატები _ ბექა ბასილაია და შოთა კახიძე ხელისუფლებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებები მიიტანეს, რაზეც ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა დაუსაბუთებლად არ გასცა. ადვოკატების მტკიცებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოწმეებზე ზეწოლაც ხდება და ისინი უახლოეს მომავალში მტკიცებულებების გასაჯაროებას აპირებენ.
ბექა ბასილაია, გიორგი უდესიანის ადვოკატი: _ ბესარიონ ხარძიანის გარდაცვალების შემდეგ დაინტერესებული პირები ეცადნენ, ეს მკვლელობა და გამოძიება გია უდესიანისკენ წაეყვანათ, რაც უპერსპექტივო იყო, რადგან გია უდესიანს ბესარიონ ხარძიანის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს. მის მიმართ წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია კი აწ გარდაცვლილის ოჯახის წევრების ერთმა ნაწილმა წამოიწყო მაშინ, როდესაც არანაირი მტკიცებულება გიასთან დაკავშირებით არ არსებობს და ვერც იარსებებს, რადგან არანაირი შემხებლობა ამ თემასთან მას არ ჰქონია. ერთადერთი კაცი, ვისაც სწორედ ყველაზე მეტად არ აწყობდა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა, იყო გია უდესიანი, რადგან ხარძიანს ყველა უწყებაში _ პროკურატურაში, სასამართლოში და ა.შ შეტანილი ჰქონდა საჩივრები მის წინააღმდეგ და ლოგიკური იყო, რომ მკვლელობის რეალური შემკვეთი ადვილად გაიშვერდა ხელს უდესიანისკენ. ამავე დროს, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესში იყო, თავად ბატონი ბესო ყოფილიყო წარმოდგენილი პროცესებზე საღსალამათი, თავად ჩართულიყო არსებით განხილვებში და დაცვის მხარეს გვქონოდა მისთვის კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობა.
პროკურატურამ გია უდესიანს კუს ტბის წილებთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინა მხოლოდ ბესიკ ხარძიანის გარდაცვალების შემდგომ ანუ ფაქტებიც მეტყველებს, რომ ბესარიონ ხარძიანის გარდაცვალება გახდა გია უდესიანის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაპროვოცირებელი გარემოება. თავად პროკურატურას დღემდე არც წაუყენებია რაიმე სახით ბრალი ან ეჭვიც არ შეუტანია გია უდესიანისა ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.
_ ბრალი რა მუხლით აქვს წაყენებული და რას ედავებიან უდესიანს?
_ გია უდესიანს ბრალი წაყენებული აქვს, თითქოსდა ხარძიანზე, ციხეში ყოფნისას, ახდენდა ზეწოლას და გამოსძალა კუს ტბის წილები. რეალურად კი პროკურატურას საერთოდ არ აქვს რამე დამამტკიცებელი დოკუმენტი, უბრალოდ, ააგორა ეს სრულიად დაუსაბუთებელი არაკანონიერი ბრალდება. ამას აქვს ორი ასპექტი, სამართლებრივი და მტკიცებულებითი: სამართლებრივი ასპექტი მდგომარეობს შემდეგში _ გია უდესიანის ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ ეჭვებს და არცერთი პირდაპირი მტკიცებულება გიორგის წინააღმდეგ წარმოდგენილი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლო კი ცალსახად ამბობს, რომ ირიბ ჩვენებაზე დაყრდნობით ბრალის წაყენება ან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია. ამასთან ერთად, გია უდესიანს გლდანის საპყრობილესთან ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან კავშირი არ ჰქონია და გამოძიებამ რამდენიმე ყოფილი ბადრაგის (რომელიც სხვადასხვა დანაშაულში იყო სხვადასხვა დროს მსჯავრდებული), სავარაუდო ჩვენება გამოიყენა ამის შესათითხნად. ბადრაგები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა, ვინმე გია უდესიანს ჰქონდა კუს ტბის ინტერესი და ამიტომ შესაძლოა, სხვა პირების დახმარებით მოეხდინა ციხეში ზეწოლა ხარძიანზე. რამდენად რეალურად გეჩვენებათ, რომ ბადრაგებს ასეთი ტიპის ინფორმაცია ჰქონოდათ და თანაც მათი მოწმეებად მოყვანა, რომ უდესიანს ჰქონდა ინტერესები კუს ტბის წილების მითვისებაში? ჩვენ წარმოვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები, როცა ბესარიონ ხარძიანის და, მაია ხარძიანი და მისი სხვა გულშემატკივრები გია უდესიანის ოფისში არაერთგზის მიდიან გიასთან და სთხოვენ, დაეხმაროს ხარძიანს კუს ტბის წილების გაყიდვაში, რათა მიეხმარონ ბესოს და პირიქით, მადლიერებას გამოხატავენ მისი მისამართით. ერთ-ერთ ჩანაწერში გია აცხადებს კიდეც, რომ მას კუს ტბის ინტერესი არ აქვს და მისი ყიდვა არ აინტერესებს, თუმცა ხარძიანის ოჯახის წევრები იქვე სთხოვენ გიას, რომ დაეხმაროს მათ ინვესტორის მოძიებაში. ეს ჩანაწერები წარვადგინეთ ექსპერტიზაზე, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ყველაფერი გააკეთა, რომ ექსპერტიზა არ ჩაეტარებინა. თავდაპირველად, ექსპერტიზის ბიურომ თვეების მანძილზე გვატყუა, რომ ამ საქმეზე მუშაობდა, შემდგომ კი მოითხოვა ჩამწერი მოწყობილობა, რომლითაც ჩაწერა განხორციელდა მაშინ, როცა ამავე მასალებზე ადრე უკვე ჩატარებული ჰქონდა ექსპერტიზა ორიგინალი მოწყობილობის წარდგენის გარეშე. ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზები ემსახურებოდა ერთადერთს: არ გასცემოდა პასუხები დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებს. საბოლოოდ, თვეების დაგვიანებით, ყველა ვადის დარღვევით, გაიცა დასკვნა, რომელიც საერთოდ არ პასუხობს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ექსპერტიზის ბიურო მოქმედებს პროკურატურის დაკვეთით. ეს განპირობებულია იმით, რომ პროკურატურა ცდილობს, სიმართლე მიიჩქმალოს და დაცვის მხარეს არ მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს გია უდესიანის გამამართლებელი მტკიცებულებები.
რაც შეეხება უდესიანის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ მას კუს ტბის წართმევა სურდა ვინმესთვის, ესეც მტკნარი სიცრუეა. ელემენტარულად, ამის საჭიროება იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ დადგებოდა, რომ არსებობს კომპანიის წესდება, მხარეთა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ ხარძიანი ვერ შეასრულებდა თავის ფინანსურ ვალდებულებებს, პარტნიორებს უფლება ეძლეოდათ, წაეღოთ ეს წილები. ეს ვალდებულებები ბესარიონ ხარძიანს წლების შეუსრულებელი ჰქონდა და შესაბამისად, 2011 წლისთვის ლეგალურად, თავისუფლად შეიძლებოდა სამოქალაქო-სამართლებრივი გზით ჩამორთმეოდა კუს ტბის წილები, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
ახლა პროკურატურა, რომელსაც რეალურად ბრალდების გასამყარებლად და დასამტკიცებლად არ აქვს არც ერთი მამხილებელი დოკუმენტი, გადავიდა კომიკურ ქმედებაზე, მან დაიწყო ჩვენი მოწმეების ,,მოპარვა“. სასამართლო სხდომაზე, ჩვენს მიერ გამოკითხული პირები პროკურატურამ თავად მიუთითა საკუთარ მოწმეებად, შეიყვანა ნუსხაში და მოითხოვა დაცვის მხარის მტკიცებულებების ბრალდების მხარის მტკიცებულებებად დაშვება, რაც წარმოუდგენელი სამართლებრივი ნონსენსია. პირველი ინსტანციის სასამართლომ არაკანონიერად სცნო პროკურორების ეს ქმედება, მაგრამ პროკურატურას მაშველ რგოლად გამოუჩნდა სააპელაციო სასამართლო, რომელმაც გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, დაცვის მხარე დაგვტოვა მოწმეების გარეშე.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ პროკურატურამ თავისთან დაიბარა ბესიკ ხარძიანის შვილი, ანნა ხარძიანი, რომელიც დაცვის მხარის მოწმე იყო, თუმცა სასამართლომ უფლება მისცა პროკურატურას, რომ მოწმეთა საკუთარ სიაში შეეყვანა. ანნა ხარძიანი პროკურატურაში დაიბარეს და დევნით დაემუქრნენ. მისგან ითხოვდნენ უარეყო ის ინფორმაცია, რაც დაცვის მხარეს დაუდასტურა გამოკითხვისას. ეს პირდაპირი ზეწოლაა ჩვენს მოწმეებზე და კიდევ ერთხელ მიუთითებს პროკურატურის მხრიდან დაკვეთების შესრულებაზე.
_ მიუხედავად ყველაფრისა, უდესიანის სახელი მაინც ასოცირდება ხარძიანის საქმესთან არცთუ სასიამოვნო კონტექსტში...
_ პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდება გია უდესიანის მისამართით თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია. იმთავითვე, როდესაც ,,ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ,,ქართული ოცნების'' წევრები და მასთან ასოცირებული რიგი პერსონები აცხადებდნენ, რომ გია უდესიანი დამნაშავეა და ის უნდა დაისაჯოს. ასევე, ისინი ცდილობდნენ თავს დასხმოდნენ უდესიანის ოჯახის წევრებს თავიანთ საცხოვრებელ სახლებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ ფაქტობრივი მტკიცებულებები. ,,ქართული ოცნების“ ამოცანა იყო გია უდესიანის დისკრედიტაცია, თუმცა ერთია, რა სურს ხელისუფლებას და მეორეა, რა უჭირავს ხელში. რეალურად, უდესიანს კრიმინალური ქმედებები ჩადენილი არ აქვს და შესაბამისად, პროკურატურას ძალიან გაუჭირდა უდესიანისთვის ბრალის წაყენება ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში ყოფნის პირველი 3 წლის განმავლობაში.
2016 ანუ საარჩევნო წლისთვის, ხელისუფლებამ კვლავ გაააქტიურა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის საკითხი, რასაც არანაირი კავშირი სამართალთან არ აქვს და სხვა არაფერია, თუ არა შურისძიება. ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამოდიოდა ბესარიონ ხარძიანიც, რომელიც საჯარო გამოსვლებისას ამბობდა, რომ ციხეში ყოფნისას მასზე გარკვეულ ძალადობას ჰქონდა ადგილი და ამ ძალადობის გამო დათმო მან გარკვეული ქონება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მის მიერ გაღჟერებულ ინფორმაციებში არის დიდი წინააღმდეგობა და ამავე დროს არ დასტურდება მტკიცებულებებით: ბესარიონ ხარძიანის მიმართ არსებული განაჩენი, ჩვენი ინფორმაციით დღემდე, არავის გადაუსინჯავს, ბესარიონ ხარძიანმა, თავად ითხოვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან შეწყალება და ის გათავისუფლდა შეწყალების გზით. დაკავებამდე და შემდეგაც ის იყო გია უდესიანის მადლობელი გაწეული დახმარებისთვის. სასამართლოში წარდგენილია მისი წერილები, სადაც ის მადლობას უხდის გია უდესიანს და არსებობს არაერთი დამამტკიცებელი მასალა, სადაც ფაქტობრივად, დასტურდება, რომ მას გია უდესიანმა ხელი გაუმართა, თუმცა მას შემდეგ, რაც აწ გარდაცვლილი ბატონი ბესო ხარძიანი გააქტიურდა, პროკურატურამ დაიწყო მისი განცხადების საფუძველზე გამოძიება, გამოძიება წინ ერთი ნაბიჯითაც არ წასულა და ვერც წავიდოდა, რადგან გია უდესიანის მხრიდან არავითარ დანაშაულებრივ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შემდეგ ბესარიონ ხარძიანს შეემთხვა დიდი ტრაგედია და პროკურატურამ თემის გადასაფარად კუს ტბის წილებთან დაკავშირებით წარუდგინა გია უდესიანს ბრალდება.
_ თავად უდესიანს რატომ არ უჩნდება სურვილი, ჩამოვიდეს და ადგილზე დაიცვას თავისი უდანაშაულობა?
_ ხდება გია უდესიანის დემონიზაცია. ის იდევნება იმ ფაქტორის გამო, რომ იბრძოდა აფხაზეთის ომში, აგვისტოს ომში, იყო მნიშვნელოვანი სამხედრო ქვედანაყოფის _ ,,ჯიქების“ მეთაური და პრორუსული ძალების გააქტიურების პარალელურად, უდესიანზე, როგორც პატრიოტ მებრძოლზე, დევნა გამოცხადდა. როგორც იტყვიან, რუსებისთვის მისი თავი ძვირად ფასობს და როგორც ჩანს, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, მაქსიმალურად ჩირქი მოსცხოს და დისკრედიტაცია მიაყენოს მას და აწარმოებს მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას.
თავისუფალი სასამართლოს პირობებში, გია უდესიანი ჩამოვა და სასამართლოს წინაშე წარსდგება, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმისგან მართული მოსამართლეების ფონზე ეს გამორიცხულია! გია აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას და მაჟორიტარად კენჭისყრას მესტიაში, თუმცა ხელისუფლებას მისი ფაქტორისა და გავლენის შეეშინდა და ამიტომ დაიწყო მის წინააღმდეგ პროკურატურის მანქანის ამუშავება. რეალურად, მას მართლაც თავიდანვე ჰქონდა სურვილი, საქართველოდან არ წასულიყო, თუმცა მისი და ოჯახის წევრების მისამართით განხორციელებულმა მუქარებმა, ზეწოლამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ბატონი გია ფაქტობრივად, გახდა პოლიტიკური დევნილი. ვფიქრობ, რომ თავისუფალი სასამართლოს პირობებში, ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს.
მარიამ ბასილაშვილი

back to top