საქართველო ევროგადახდის ერთიან სივრცეს შეუერთდება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირაკლი ღარიბაშვილი: „ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში, მეგობრებო, მით უმეტეს, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე!“

ავტორი: მაკა რუხაძე

 

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთელ მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, უპრეცედენტოა.  საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ პუარსმა“ (S&P) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად - BB დონეზე დატოვა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების გონივრული და სწორი პოლიტიკის შედეგია. ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და სტატიაც, სწორედ ამ ტენდენციების განხილვით დავიწყოთ.

 

პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული, უპრეცედენტოდ დიდი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები იზრდება. მაგალითად, მიმდინარე წლის ივლისში, 40%-ით გაიზარდა ექსპორტი, რომლის რეკორდული მოცულობა - 542 მილიონი აშშ დოლარი დაფიქსირდა.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდო ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, აქტიურად გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკაში, განსაკუთრებით, ეკონომიკური აქტიურობის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე. წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმუშევრობის დონე შემცირებულია, რაც, მინდა ვთქვა, რომ ყველას გვახარებს. მანამდე გეტყვით, რომ ექსპორტთან ერთად, მიმდინარე წლის ივლისში, ტურიზმიც გაიზარდა. ყველა მიმართულებით, პოზიტიური ტენდენციები გვაქვს, რასაც შენარჩუნება, კიდევ უფრო გაძლიერება და აქტიური მუშაობა სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად - 55 000-ით გაიზარდა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ იმავდროულად, ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნა.

„რაც შეეხება უმუშევრობას, მისი დონე 4 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული და 18.1%-ია. აქვე მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვეში, დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნა. გარდა ამისა, ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, 20 000 სოციალურად დაუცველი დასაქმდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისინი ჩართულნი არიან სხვადასხვა მიმდინარე სამუშაოებში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, სატყეო, თუ სხვა მიმართულებები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება კიდევ მეტი აქტიურება, რადგან ამ პროგრამაში გაცილებით მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს“.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ პუარსმა“ (S&P), საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად - BB დონეზე, სტაბილური პერსპექტივით შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-ის შეფასებითვე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა.

„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-ის შეფასება სასიხარულოა ჩვენთვის. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა. მოგეხსნებათ, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში, მეგობრებო, მით უმეტეს, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე! კიდევ მინდა გავიმეორო, ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ეს ჩვენი ხელისუფლების გონივრული და სწორი პოლიტიკის შედეგია. ჩვენ სხვა, გაუგებარი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი, პოზიციები რომ დაგვეკავებინა, დღეს ქვეყანაში დიდი უბედურება იქნებოდა. ეს ჩვენ კარგად გვესმის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველო ევროგადახდის ერთიან სივრცეში

„ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ევროგადახდის ერთიან სივრცეს - SEPA-ს. ამის შემდეგ, ევროკავშირში გადარიცხვებისთვის საჭირო აღარ იქნება საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციის წევრია ევროკავშირში შემავალი 27 ქვეყანა, ასევე, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით, ყველა სამთავრობო უწყება მუშაობს, პარლამენტს კი სამი კანონპროექტი გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

„მინდა, კიდევ ერთი პოზიტიური ინფორმაცია ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება. გეტყვით, რომ ვემზადებით, შევუერთდეთ ევროგადახდის ერთიან სივრცეს. ამ ორგანიზაციას SEPA ეწოდება, ეს აბრევიატურაა და ნიშნავს - Single Euro Payment Area-ს.  ეს არის ევროკავშირისა და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურებისა და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრიცაა ევროკავშირის 27 ქვეყანა, ასევე, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მოგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო და სხვადასხვა სამთავრობო უწყებები აქტიურად არიან ჩართულნი. საქართველოს პარლამენტმა კი, რომელსაც სამ კანონპროექტს გადავუგზავნით, შესაბამისი ცვლილებები უნდა ასახოს და შემდეგ, დაამტკიცოს, რაც ძალიან პოზიტიური იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ზოგადად, ვიტყოდი, რომ ევროკავშირში გადარიცხვებისთვის საჭირო აღარ იქნება საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.