Menu
RSS

ვიზალიბერალიზაცია პანკისში ახალ საფრთხეს შექმნის?

როგორც იქნა, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ეღირსა. სავარაუდოდ მარტში, ქართველებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა ეს წესი არ ვრცელდება ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთზე. ამის მიუხედავად, ევროპარლამენტში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა სტივენ ვულფმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაგვატარა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდა.
,,ქალბატონმა მერკელმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როდესაც, შესაბამისი შემოწმების გარეშე, გერმანიის კარი ყველა მსურველს გაუღო. ჩვენ ახლა ვიმკით ამ შედეგებს. ევროკავშირი ცდილობს თავისი გავლენის, თავისი იმპერიის გაფართოებას და ანალოგიურ შეცდომას უშვებს _ არ ამოწმებს, ვინ ჩამოვა ევროკავშირში. თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხისშემცველია. ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა დაწერა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას ,,ისლამური სახელმწიფოს'' ტერიტორიაზე. მოდით, ნუ დავუშვებთ მსგავს შეცდომას, რაც მერკელმა შარშან დაუშვა'', _ განაცხადა ვულფმა.
ბრიტანელი პოლიტიკოსი ქართულ გაზეთს რომ არ ნახავდა და ეს ინფორმაცია რომელიმე ქართველმა კოლეგამ მიაწოდა, ცხადია. სხვა საკითხია, რამდენადაა რეალობასთან ახლოს, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, 600-700 ტერორისტი იყენებს...
რუსთავის #17 დაწესებულებაში რამდენიმე პანკისელი იხდიდა სასჯელს. მათ შორის იყო თორღვა მარგოშვილიც, რომელსაც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ბიძაშვილი მოუკლეს. თორღვა არ მალავდა, რომ პანკისში ჩეჩნები არცთუ იშვიათად გადმოდიოდნენ, მაგრამ...
,,ვიღაცას ჩეჩნეთ-რუსეთის ომი დამთავრებული ჰგონია, ვიღაცას ისიც ჰგონია, რომ ჩეჩნები დანებდნენ, არადა, პრაქტიკულად ყოველდღიურად არის შეტაკებები. თუ ვინმე იმას ამბობს, რომ ჩეჩნეთიდან გადმოსული დაჭრილი მებრძოლები ტერორისტები არიან, მათი საქმეა. ისინი თავის მიწას იცავენ ოკუპანტებისგან ისევე, როგორც ქართველები იცავდნენ თავისას'', _ უთხრა თორღვამ პატიმარ #0578-ს, როცა მან ჩეჩნებზე ჩამოუგდო სიტყვა.
,,იმას ამტკიცებენ რუსებიც და ჩვენი ხელისუფლებაც, რომ ჩეჩნები წვრთნას გადიოდნენ პანკისში და შემდეგ ტერორისტულ აქტებს აწყობდნენ რუსეთში'', _ არ მოეშვა #0578.
,,ჯერ ერთი, რუსეთში კი არა, ჩეჩნეთში და საკუთარ ქვეყანაში ვისაც რა უნდა, იმას მოაწყობს მტრებისგან დასაცავად. მეორეც _ შენ პანკისი არ იცი ალბათ. რა წვრთნები, რის წვრთნები?! მაშინვე ყველა გაიგებდა, ვინმეს რამე რომ გაეკეთებინა. ის, რომ სადმე, ვინმეს ოჯახში იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ, ეს სხვაა. ეს არ არის წვრთნა, ეს დაგეგმვაა და... ქართველები რომ მოსულიყვნენ, ოსეთის და აფხაზეთის დაბრუნებაზე ემსჯელათ, რა უნდა გვექნა, უნდა გაგვეყარა? რუსეთმა გენოციდი მოუწყო ჩეჩნებს და ეს არის ფაქტი. უბრალოდ, ამას ხმამაღლა არავინ აღიარებს, თორემ ერი გაანადგურა'', _ გაბრაზდა თორღვა.
,,პანკისელი და ჩეჩენი მებრძოლები სხვადასხვა ქვეყანაში იბრძვიან, დაქირავებული მეომრები არიანო, ეგეც ტყუილია?'' _ ისევ ჰკითხა #0578-მა.
,,არა, ეგ ტყუილი არ არის და მანდაც ვერ ვხედავ დანაშაულს. ვისაც როგორ უნდა, ისე ექცევა თავის სიცოცხლეს. უნდა იომებს, უნდა _ რუსეთის მონა იქნება, უნდა _ ტყეში გავარდება და იყაჩაღებს. ყველა ადამიანი თავად წყვეტს საკუთარ ბედს. პანკისში არანაირი შემოსავალი არ არის, ოჯახს რჩენა უნდა და ზოგი საომრად მიდის, ზოგიც _ სამუშაოდ. მუშაობა არავის ეთაკილება, მაგრამ სად არის, აბა, სამუშაო? ასე მარტივი რომ იყოს, ამდენი კაცი კი არ იჯდებოდა ციხეში. უმუშევრობის ბრალია ყველაფერი...''
,,ნარკოტიკების კორიდორიც იყო პანკისი, ეს ხვრელი ამოვავსეთო, _ ამბობენ ხელისუფლებაში...'' _ გააწყვეტინა #0578-მა.
,,ეგეც ტყუილია. მე და ჩემნაირებს რომ გვინდოდეს, ნარკოტიკს კი არა, აქლემების ქარავანს ისე გავატარებთ, ვერავინ გაიგებს. რა ამოავსეს, სად ამოავსეს?! არასდროს ყოფილა, რომ ნარკოტიკებს აქეთ-იქეთ ემოძრაოს. შესაძლოა ვინმეს ჰქონდა ხოლმე ჯიბეში ერთი-ორი ,,ზახოდი'', მაგრამ ეს ძირითადად მებრძოლებს, დაჭრის შემთხვევაში ტკივილი რომ გაეყუჩებინათ, თორემ არავინ ბარიგობდა'', _ თორღვა ისევ გაბრაზდა.
,,შენ რაზე ზიხარ?'' _ თვალი მოჭუტა #0578-მა.
,,ჩხუბზე. თბილისში ვიყავით ბიჭები ჩამოსული, ვიღაცებს არ მოვეწონეთ, კაიფი დაგვიწყეს და ვიჩხუბეთ. მე თუ მკითხავ, არ ვიყავით დასაჭერები'', _ ახლა სასამართლოს შემოსწყრა პანკისელი პატიმარი.
,,ჰო, გამახსენდა... თქვენ არ იყავით, ხინკლის სახლთან ოთხი კაცი რომ მიასიკვდილეთ, ორს ოპერაცია ჩაუტარდა და მეორე ორს ხელ-ფეხი ჰქონდა დამტვრეული'', _ გაეღიმა #0578-ს.
,,ჯერ ერთი, ოპერაცია რომ ჩაუტარდათ, იმათ მათსავე იარაღიდან ვესროლეთ. იარაღი გააძრეს, წავართვით და გავისროლეთ, თან ფეხებში. დანარჩენი ორი კი ისე გაილახნენ, როგორც იმსახურებდნენ. ხინკალი არ შეგვარგეს ამხელა გზაზე ჩამოსულებს'', _ თორღვამ ცაში აიხედა.
,,აქედან რომ გახვალ, რას აპირებ?'' _ ჰკითხა #0578-მა და წამოდგა.
,,რას უნდა ვაპირებდე? აქ გაჩერებას აზრი არ აქვს, შიმშილით ამომხდება სული. უნდა წავიდე, ქვეყანა დიდია. ევროპაში წავალ, სამსახურის შოვნას შევეცდები. თუ არაფერი გამომივიდა და შინაგანად ვგრძნობ, არ გამომივა, მერე ან მოვიპარავ, ან ვიომებ სადმე. ორივე რისკია, მაგრამ ურისკოდ აგერ, ბალანდა მოაქვთ, დაისხი და ჭამე რამდენიც გინდა'', _ თავი გაიქნია თორღვამ.
,,ისე მეუბნები, თითქოს მე დაგიჭირე, შენი დამჭერის დედა რომ ვატირე მე'', _ გაეცინა #0578-ს.
,,არა, შენ რა შუაში ხარ... ისე, იცოდე, ყველა კაცი, არ აქვს მნიშვნელობა რა ერის და რჯულის არის, მეომრად იბადება. ასე გვზრდიდნენ ჩვენ პანკისში, ასე ზრდიდნენ ჩეჩნებს ჩეჩნეთში და ამიტომაცაა დღემდე ომი. ომი იქნება მანამ, სანამ იმ მიწას იჩქერია არ დაერქმევა და იქ ჩეჩნები არ დაბრუნდებიან'', _ თქვა თორღვამ და საკნისკენ წავიდა.
პატიმარი #0578

back to top