Menu
RSS

„დაჩმორების“ „საუკეთესო“ საშუალება

,,კრაკადილი'' ,,თეთრმა მარილმა'' ჩაანაცვლა, რომელიც ინტელექტის სწრაფ დაქვეითებას, ჰალუცინაციებსა და სიკვდილს იწვევს
სამწუხაროდ, ნარკომანია დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. შევარდნაძის დროს, ნარკომანობა პრივილეგიადაც კი ითვლებოდა, ანუ ნარკომანები მაშინ კაი ტიპები იყვნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ნარკომანებთან და ე.წ. ბარიგებთან დაუნდობელი ბრძოლა გამოცხადდა, მაგრამ რად გინდა _ იყო ადგილები, სადაც ე.წ. ელიტა ნარკოტიკს ყიდულობდა და ასაღებდა კიდეც. ისინი ხელშეუხებლები იყვნენ და ამ სტატუსს აქტიურად იყენებდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი ,,ხელშეუხებელი'' ამ ხელისუფლებამ დაიჭირა და მერე გაუშვა... მას შემდეგ, რაც სათავეში ,,ქართული ოცნება'' მოვიდა, მდგომარეობა თითქოს შეიცვალა, თითქოს ნარკოტიკების გამყიდველები სადღაც გაქრნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ისინი საგულდაგულოდ შეინიღბნენ და საკმაოდ წარმატებითაც ეწევიან საქმიანობას. ერთი ეგაა, ნარკოტიკები ძალიან გაძვრიდა და შესაბამისად, მისი მომხმარებელი ცოტაა.
 
სამწუხაროდ, ბაზარზე შედარებით იაფი ნარკოტიკი გამოჩნდა. ,,თეთრი მარილის'' სახელით ცნობილი ბიონარკოტიკი უკვე აქტიური მოხმარების საგანი გახდა. მართალია, ერთი შეხედვით დოზა ძვირი ღირს, როგორც ამბობენ, დაახლოებით 600 ლარი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ერთ დოზას რვა კაცი იკეთებს, ძვირი აღარ გამოდის. ექიმთა ინფორმაციით, ახალი ბიონარკოტიკი ორგანიზმს ანგრევს და დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ, მომხმარებლებს სასიკვდილო განაჩენი გარანტირებული აქვთ. დღეისათვის ნარკობაზარზე თითქმის იგივე მდგომარეობაა, როგორიც ე.წ. კრაკადილის შემოსვლის დროს იყო _ მაშინ ამ ნარკოტიკს სიიაფის გამო ყველა იკეთებდა. სხვათა შორის, ,,კრაკადილზე'' დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულებს საინტერესო მოსაზრებები ჰქონდათ აღნიშნულ ნარკოტიკზე და ხელს... ხელისუფლებას ადებდნენ. და ეს მაშინ, როცა ,,კრაკადილი'' პირდაპირ ნერვულ სისტემას აზიანებდა, მასში გამოყენებული ე.წ. მარგანცოვკა თავის ტვინში ილექებოდა და სხეულიდან მის განდევნას თვეები სჭირდებოდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს ვერ მოახერხა და ,,კრაკადილმა'' დეფექტი (გაურკვევლად საუბარი, არანორმალური სიარული, კონცენტრაციის უნარის დაკარგვა, ენის კონტროლის დაკარგვა (როცა ენა პირიდან უვარდებათ) ცხოვრების ბოლომდე დაუტოვა.
როგორც შევიტყვეთ, ახალ ნარკოტიკს დეფექტი მრავლად აქვს _ მისი მიღებიდან მალევე მომხმარებლები ხდებიან ნერვიულები, მომატებული აქვთ შფოთვა, გეომეტრიული პროგრესიით მიდის ინტელექტის დაქვეითება, აღენიშნებათ ენერგიის მოზღვავება, აქვთ ჰალუცინაციები, ხდებიან ჰიპერაქტიურები, სვამენ ბევრ წყალს, შეუძლიათ 3 დღის განმავლობაშიც არ დაიძინონ... ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ნარკოტიკის დაყნოსვაც შეიძლება, მოწევაც და ვენაში გაკეთებაც.
და მაინც, რატომ ჩნდება ქართულ ბაზარზე ისეთი ნარკოტიკი, რომელიც პრაქტიკულად სიკვდილს იწვევს და თან იაფი ღირს. ზემოთ, ამ თემასთან დაკავშირებით, ძველი პატიმრების მოსაზრებები ვახსენეთ და ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესოა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პატიმრები წინა ხელისუფლების პირობებში იხდიდნენ სასჯელს და მოსაზრებებიც შესაბამისად წინა მთავრობის მისამართით იყო გამოთქმული, მაგრამ...
,,დადიანი რომ იქნები და კრაკადილს გაიკეთებ, კი ხარ მოსაკლავი. არა, ბოლომდე დადიანი არ ვარ, დამადეპორტეს და დედაჩემის გვარზე გადავედი, წასვლა მინდოდა და სამეზობლოში კრაკადილი, კრაკადილიო და კი დამტოვა აგერ რვა წლით'', _ ასე იწყებდა ოთარ დადიანი იმ მოსაზრების გადმოცემას, რომელიც თავისივე თქმით, ხანგრძლივი დაკვირვების და ფიქრის შედეგად ჩამოუყალიბდა.
,,თუ უკვირდები, იაფი ნარკოტიკი ბაზარზე მაშინ ჩნდება, როცა ხალხი უკმაყოფილოა. შენნაირი, ჩემნაირი ბიჭები უკმაყოფილოები რომ არიან, საშიშებიც ხდებიან, შეიძლება მოიპარონ, შეიძლება იყაჩაღონ, ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციის მიტინგზე მივიდნენ, ვიღაცას მხარი დაუჭირონ. მოკლედ, სახელმწიფოს ასეთი ხალხი არ სჭირდება და სწორედ მაშინ მიდის ,,ხოდში'' იაფი ნარკოტიკი.
ვიწყებთ ამ წამლის კეთებას და ვსირდებით. სულ არ მაინტერესებდა, დილა იყო თუ საღამო, თოვლი თუ მზე, მთავარი იყო ის 22 ლარი მეშოვნა ყოველდღიურად, რომელიც კრაკადილისთვის მყოფნიდა. ვშოულობდი და ვიყავი ჩემთვის ბედნიერი, დაჩლუნგებული, გამოსირებული, უამბიციო, უპერსპექტივო, ცარიელ-ტარიელი, ცოლი გამექცა, შვილები ტირილით დადიოდნენ სკოლაში, ნარკომანის შვილებს გვეძახიანო და მე მეკიდა. გესმის შენ? სახელმწიფომ ჩემივე ხელით გამანეიტრალა მეც და ბევრი ჩემნაირი. მერე, როცა დასჭირდა ამ პრობლემის მოგვარება, ისევ მე და ჩემნაირები დაიჭირა, სროკებზე გამოუშვა, ნარკოტიკი გააქრო ბაზრიდან და ხალხში ქულები ჩაიწერა, ხედავ, რა ეფექტურად ვიმუშავეო?! აქ, აზრზე რომ მოვედი, შეიძლება მე მივხვდი ამას და კიდევ ათი კაცი, თორემ დანარჩენებს კიდიათ ეგ ამბავი, გაიკეთეს, მოხვდნენ, იხდიან სასჯელს და სულ არ აინტერესებთ, ეს სახელმწიფომ შეგნებულად გააკეთა თუ მართლა ასე ყრია ოც ლარად მთელი დღის ზახოდი?!
მე, აგერ, მაგ წამალმა ლამის დამალპო და დაბლა კამერაში ვასო რომ არის, ასურეთელი, რომ კოჭლობს, მაგას განგრენა აქვს დაწყებული. ასე მგონია მე და ადრე იქნება თუ გვიან, შეიცვლება ეს ხელისუფლება, მოვლენ სხვები, გაუჭირდება ისევ ხალხს, აიჯაგრება ისევ ახალგაზრდა თაობა და სწორედ მაშინ გამოჩნდება ბაზარზე ახალი, იაფი ნარკოტიკი, კრაკადილზე უკეთესი, უფრო მომწამვლელი... და მიესევიან ჩემნაირები, მოხვდებიან ციხეში, მთავრობა ქულებს დაიწერს ისევ და ხალხს ტაშის დააკვრევინებს, ჩვენს გვამებზე დააკვრევინებს ტაშს'', _ დაბეჯითებით ამტკიცებდა მაშინ დადიანების ჩამონავალი, მაგრამ მას თითქმის არავინ უსმენდა და ვინც უსმენდა, უბრალოდ გულიანად იღიმოდა.
რეალობა კი ასეთი გვაქვს _ ბაზარზე ახალი, იაფფასიანი ნარკოტიკია შემოსული და... სამართალდამცავებმა ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი ოპერაცია ვერ დაგეგმეს და აქა-იქ, წვრილ-წვრილი ,,ბარიგების'' დაპატიმრებებით არიან დაკავებულნი.
პატიმარი #0578

back to top